"ყველაფერი უფრო ტრადიციულ კარუსელს ჰგავს" - დიდი სამთავრობო "გადატვირთვა" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი უფრო ტრადიციულ კარუსელს ჰგავს" - დიდი სამთავრობო "გადატვირთვა"

ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმებოდა, მათ შორის, სტრუქტურულიც.

მაგალითად, როგორც ირკვევა, უკვე გადაწყვეტილია, რომ კულტურისა და სპორტის უწყებები გაერთიანდება, ასევე ლაპარაკია ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთან შერწყმაზე. სასჯელაღსრულების სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანება მთავრობამ ბოლო წუთას გადაიფიქრა. თანამდებობას გამოეთხოვება რამდენიმე მინისტრიც, მათ შორის ალექსანდრე ჯეჯელავაც.  ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ დიდი სამთავრობო "გადატვირთვა" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ასეა შეაფასა:

- მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები შესაძლოა აუცილებელიც კი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს გააზრებულად და სისტემურად, სხვა შემთხვევაში ისევ ბლეფს მივიღებთ.

გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს იგეგმება სწორედ სტრუქტურული ცვლილებები, მაგრამ, იმედია, ეს არ იქნება მხოლოდ ხელოვნური შეერთება და მას ექნება კარგად გააზრებული მოტივი, თორემ ასე სამინისტროების შეერთება-დაცალკევების მეტი რა ვნახეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში, თუმცა არსებითად ეს ვერაფერს ცვლიდა ხოლმე. მიმაჩნია, რომ ამ სამინისტროების შერწყმა სრულიად მისაღებია, მთავრობა უფრო მობილური გახდება, მაგრამ საინტერესოა, რა კონცეფციის ჩარჩოში მოექცევა ეს ცვლილებები, შეამცირებენ თუ არა შტატებს და ა.შ.

კონცეფცია რომ ვახსენე, ვგულისხმობ იმას, რომ ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდეს, რას წარმოადგენს დღეს მთავრობა ქვეყანაში? ამ ეტაპზე ჩვენი მთავრობა თითქოს ქვეყანაში პოლიტიკის განმსაზღვრელია, მაგრამ სამეურნეო ფუნქციებითაც არის აღჭურვილი, ანუ ნახევრად პოლიტიკურია და ნახევრად - ტექნიკური. თუ ისევ ეს მიდგომა დარჩა, მაშინ ამ საქმისგან არაფერი გამოვა.

ჩვენთან ცვლილებები, ძირითადად, იმის მიხედვით ხორციელდება, რომელიღაც მინისტრმა საზოგადოების წყრომა თუ დაიმსახურა, ან ვიღაცისთვის მიუღებელი გახდა და მათ ახალი ფავორიტით ცვლიან. ასეთი ჩანაცვლებები არაფრის მომცემი არ იქნება. თითქოსდა გაერთიანებული სამინისტროების ახალ თავკაცებად ამ ადამიანების დასახელება მაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი უფრო ტრადიციულ კარუსელს ჰგავს.

სტრუქტურული ცვლილებები მხოლოდ მინისტრთა კაბინეტში კი არ არის აუცილებელი, არამედ ამას საჭიროებს მთელი აღმასრულებელი რგოლი.

იმედია, ეს ახალი გადაადგილებები ახალი იმპულსის მიმცემი იქნება. კარგი იქნება, ხელისუფლებამ გააკეთოს განმარტებები: რატომ მოგვიტანს ეს ცვლილებები სასიკეთო შედეგს, რა შეიცვლება?

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად