მამუკა ბახტაძე: "მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა" - კვირის პალიტრა

მამუკა ბახტაძე: "მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა"

"მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან წარმატებული უწყების ხელმძღვანელობა მომიწევს. ვფიქრობ, რომ ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი საინტერესო და წარმატებული რეფორმა და პროექტი გაატარა. ძირითადი პარამეტრები როგორც ბიუჯეტის, ასევე მომავალი ხარჯების შეთანხმებულია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. ჩვენ ამ პოზიტიურ გეზს აუცილებლად გავაგრძელებთ. რაც შეეხება მიდგომებს, მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. ალბათ, უსმინეთ პრემიერის გამოსვლას - ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდეს ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია და ამავე დროს, ეფექტურობის გაზრდა. ვფიქრობ, რომ ამას წარმატებით მივაღწევ", - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე განცხადებით, განცხადებით, ის განსაკუთრებულ პრიორიტეტს მიანიჭებს საშუალო და მცირე ბიზნესთან ურთიერთობას.

"მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვექნება ქართულ ბიზნესთან... არც ერთი რეფორმა ან საგადასახადო ინიციატივა არ იქნება გატარებული ისე, რომ ჩვენ არ მივიღოთ კონსულტაცია ქართული ბიზნესისგან და ჩვენი სხვა პარტნიორებისგან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი პრიორიტეტი მიენიჭება მართვის ავტომატიზებული სისტემების დანერგვას სამინისტროში. ამ კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯებია გადადგმული უკვე უწყებაში და ეს მიმართულება აქტიურად გაგრძელდება", - განაცხადა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"