კახა კალაძის მოადგილეების ვინაობა ცნობილია - მათ შორის ერთი ნარმანიას მოადგილეა - კვირის პალიტრა

კახა კალაძის მოადგილეების ვინაობა ცნობილია - მათ შორის ერთი ნარმანიას მოადგილეა

თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ მისი მოადგილეები წარადგინა. კალაძეს სულ 5 მოადგილე ეყოლება, მათ შორის ვიცე მერის პოსტს ირაკლი ხმალაძე დაიკავებს. ხმალაძე ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც კალაძის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

გარდა ამისა, მერის მოადგილეები იქნებიან: გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე; გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას დავით ნარმანიას დროსაც იკავებდა და შესაბამისად, პოსტს ინარჩუნებს, ასევე კიდევ ერთი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იქნება, რომელიც ენერგეტიკის სფეროში ეკონომიკური და ინფრასრუქტურული მიმართულებით მუშაობდა.

მეხუთე მოადგილეს, კახი კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში დაასახელებს და ეს ილია ელოშვილი იქნება, რომელიც ამჟამად ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებს.

"ხალხმა მხარი დაუჭირა სიცოცხლით სავსე ქალაქს და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო სლოგანი, არამედ ეს არის ჩემი და მთლიანად ჩემი გუნდის მიზანი. მიზანი, რომ შესაძლებლობებით, ზრუნვით, სილამაზით და სიცოცხლით იყოს სავსე ჩვენი ქალაქის ყველა უბანი, ყევლა ქუჩა და ყველა ადამიანისთვის კომფორტული და სასურველი იყოს ამ ქალაქში ცხოვრება. საარჩევნო პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები იქნება ჩვენი ძირითადი სამოქმედო გეგმა. ამ მასშტაბური დაპირებების აღსრულებას, თქვენს მხარდაჭერასთან ერთად, კომპეტენტური და ენერგიული ადამიანებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი სჭირდება", - განაცხადა კალაძემ.