კალაძის განცხადებით, გაგარინის #10-ში მდებარე ავარიული სახლის მცხოვრებთ ქირას გადაუხდიან - კვირის პალიტრა

კალაძის განცხადებით, გაგარინის #10-ში მდებარე ავარიული სახლის მცხოვრებთ ქირას გადაუხდიან

გაგარინის #10-ში მდებარე სახლში, რომელიც ნგრევის პირას არის, 18 ოჯახი ცხოვრობს. ავარიული მდგომარეობის გამო, სახლის მიმდებარე ტერიტორია, სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული.

თბილისის ახალარჩეული მერის, კახა კალაძის განცხადებით, გაგარინის #10-ში მცხოვრები მოსახლეობის ქირის ხარჯებს მერია თავის თავზე აიღებს.

"კომუნიკაცია შედგა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მოხდა მათი გაყვანა. ყველა ხარჯს მერია თავის თავზე აიღებს. ეს არის ქირის ხარჯები...

რაც შეეხება კონკრეტულ სახლს გაგარინის #10-ში, აუცილებელია მისი დემონტაჟი, რადგან ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ძალიან ბევრია ასეთი სახლები, შეიძლება ითქვას, რომ ყველა რაიონში არსებობს ავარიული სახლები. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ერთი არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ რეაბილიტაციას, გამაგრებით სამუშაოებს და მეორე არის ის, რომ ინვესტორებს აუცილებლად შევუწყობთ ხელს, რომ პირადად აწარმოონ მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან და დათანხმების შემთხვევაში, სადაც თანხვედრაში მოვა ინვესტორის და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი, მერიის მხრიდან იქნება თანადგომა, რომ ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდეს და დააკმაყოფილოს ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ადგილას ცხოვრობენ", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"