"არის ჩოხოსანი, კარგი თამადა..." - როგორ ეხმაურება კალაძე მის მიერ წარდგენილი კანდიდატის კრიტიკას? - კვირის პალიტრა

"არის ჩოხოსანი, კარგი თამადა..." - როგორ ეხმაურება კალაძე მის მიერ წარდგენილი კანდიდატის კრიტიკას?

15 ნოემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის სამსახურების ხელმძღვანელები დაასახელა. უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მან ნუგზარ ჭონქაძე დაასახელა.

ჭონქაძის დასახელებას კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების ნაწილის მხრიდან, რაც გამოწვეულია წარსულში მისი აგრესიული განცხადებებით. ოპოზიცია ჭონქაძეს ჰომოფობიურ განწყობაში ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ ნუგზარ ჭონქაძე სოციალურ ქსელში ცნობილი იყო, როგორც სულიკო კედელაშვილი, თუმცა მან თავისი "ფეისბუკგვერდი" მას მერე გააუქმა, რაც თანმდებობაზე წარადგინეს.

ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა კახა კალაძე. ოპოზიციის მოთხოვნაზე საპასუხოდ, რომ ჭონქაძე აკეთებდა ჰომოფობიურ განცხადებებს, კალაძემ უპასუხა, რომ "სისხლიანი რეჟიმის" წარმომადგენლებისგან მსგავსი შენიშვნები უხერხულია.

"ნუგზარ ჭონქაძეს მინდა წარმატებები ვუსურვო. უსაფრთხოების სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, თავს გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, დაატოვებინებს თუ არა ახლად დანიშნულ თანამდებობას, კალაძემ კითხვითვე უპასუხა - "რატომ? რა დააშავა?"

"ეს ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსურ პოლიციაში, იყო „პროგრესბანკის“ უსაფრთხოების სამსახურში. სხვა რომელ წარსულზე საუბრობთ? არის ჩოხოსანი, კარგი თამადა და კიდევ რა გაინტერესებთ? საინტერესოა, რომ განცხადებებს ვისმენთ მათგან, ვისაც ხელები სისხლში ჰქონდათ გასვრილი, ეს ადამიანები წლების განმავლობაში აუპატიურებდნენ ცოცხებით. მე არ მიყვარს წარსულ წლებზე საუბარი, რადგან ხალხი ელოდება მომავალ განვითარებას, ელოდება, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება, თუმცა მიწევს მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის შეხსენება, რაც ბობოქრობდა ჩვენს ქვეყანაში. უხერხულია ეს ადამიანები ჰომოფობიურ განცხადებებზე იძლეოდნენ შენიშვნებს", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"