"ოცნებას" კიდევ მოუწევს უფრო რადიკალური სამთავრობო ცვლილებების გატარება"
20-11-2017
"ოცნებას" კიდევ მოუწევს უფრო რადიკალური სამთავრობო ცვლილებების გატარება"
"ქვეყანა რჩება უსაფრთხოების სისტემის ერთიანი, მაკოორდინირებელი ცენტრის გარეშე, რაც აბსოლუტური ნონსენსია"

"სამთავრობო ცვლილებები მოემსახურება პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს", - ასე დაახასიათა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ის სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, რომლებიც გასულ კვირას წარუდგინა საზოგადოებას, თუმცა ჩვენში ამ პროცესს არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა, რომელთა თქმითაც, ცვლილებები სპონტანური და გაუაზრებელია.
ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

-
მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები კარგია, უპირველესად იმიტომ, რომ ოპტიმიზაციას ითვალისწინებს, ამ ვითარებაში კი ნებისმიერი რეორგანიზაცია, რომელიც ბიუჯეტის სახსრებს დაზოგავს, დადებითი მოვლენაა. კიდევ ერთი საკითხია საინტერესო -
ამ ცვლილებებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხელისუფლება ხიბლში არ ჩავარდა, რისი საფრთხეც არსებობდა.

ერთი შეხედვით, "ქართულმა ოცნებამ", ფაქტობრივად,
ტოტალურად გაიმარჯვა. შედეგად შეიძლებოდა მმართველ ძალას ჩაეთვალა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ სჭირდებოდა, ამ ცვლილებებმა კი აჩვენა, რომ არჩევნებში მიღებული მხარდაჭერის მიღმა "ქართული ოცნება" ხედავს პრობლემებს და საზოგადოების განწყობას.
დავიწყოთ იმით, რომ არჩევნებზე ამომრჩევლის ნახევარიც არ მივიდა, მმართველ პარტიას კი ამ ნახევრის ნახევარმა დაუჭირა მხარი. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ დანარჩენი ამომრჩეველი ან უკმაყოფილოა ხელისუფლების საქმიანობით, ან ინდიფერენტულად არის განწყობილი მის მიმართ. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის, რაც ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ხდება, უფრო ზრდის საზოგადოების უკმაყოფილებას.

ლარის კურსი გარბის, მასთან ერთად კი მასობრივი გაღატაკების საფრთხის წინაშე ვდგებით.
ქვეყანაში საშუალო ფენა, ფაქტობრივად, ქრება, ფენა, რომელიც ყველა სახელმწიფოსთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური სტაბილურობის გარანტია. ეს ყველაფერი ითხოვს ცვლილებებს, მაგრამ, ჩემი აზრით, განხორციელებული ცვლილებები საკმარისი არ არის.
პირველი, რაც ამ დანიშვნებისას ნეგატიურად გამოჩნდა, არის ის, რომ "ოცნება" არ ეძებს ადამიანურ რესურსებს საკუთარი წრის გარეთ და საკუთარ "წვენში იხარშება". არადა, ვითარება, მით უფრო - ლარის კურსის გათვალისწინებით, რადიკალური ცვლილებებისკენ უნდა უბიძგებდეს ხელისუფლებას. როცა ამ სამთავრობო გადაადგილებებს ვაანალიზებთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს "ოცნების" ერთიან გუნდში არსებული დაჯგუფებების ინტერესთა დაბალანსების მცდელობასთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ოპოზიცია ისეთი სუსტია, ხელისუფლებას კონკურენციას ვერ უწევს და შეიძლება ითქვას, არც ცდილობს. ხელისუფლება და ოპოზიცია ნირვანაში არიან. მოკლედ, "ქართულ ოცნებას" ძალიან კომფორტული ოპოზიცია ჰყავს, მეტიც, ისეთი შეხმატკბილებული ხელისუფლება და ოპოზიცია, როგორიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, ქვეყანას აქამდე არასდროს ჰყოლია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოების განწყობა ამ "ნირვანას" შესაბამისია.
აქ მინდა ერთი დეტალი გავიხსენო - 2011 წელს რუსეთში მასობრივი საპროტესტო ტალღა აგორდა, რაც სპონტანურად მოხდა. ამას არ პროგნოზირებდა არც ხელისუფლება და არც - ოპოზიცია. გამოსვლების ორგანიზება მოხდა სოციალური ქსელით, ძირითადად, საშუალო ფენის მიერ და უკავშირდებოდა არჩევნებს. სოციალური ქსელით მოწოდებების შემდეგ ადამიანები მასობრივად იღებდნენ საარჩევნო პროცესში მომხდარ დარღვევებს, გაყალბებებს, რის შედეგადაც აზვირთდა უკმაყოფილების ტალღა. ამას როგორ გაუმკლავდა რუსეთის ხელისუფლება, სხვა საკითხია, მაგრამ აშკარაა, რომ თუნდაც ძალიან სუსტი ოპოზიციის პირობებში, როდესაც საზოგადოების უკმაყოფილება კრიტიკულ ზღვარს აღწევს, სოციალური ქსელების ეპოქაში თვითორგანიზებულმა საპროტესტო ტალღამ, შესაძლოა, დიდ მასშტაბს მიაღწიოს.

ხელისუფლებისთვის შეიძლება ძალიან ცუდიც აღმოჩნდეს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიცია, რომელიც საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრს გამოხატავს და კონკრეტულ შემთხვევაში მის პროტესტს კონკრეტული გეზით წარმართავს. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ საზოგადოების სპონტანური პროტესტი შეიძლება უფრო დიდი საფრთხე აღმოჩნდეს.
დღეს ხელისუფლების უმთავრესი გამოწვევა ლარია. ძალიან საეჭვოა, გამოცხადებული სამთავრობო ცვლილებები ამ გამოწვევას პასუხობდეს. ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას" კიდევ მოუწევს უფრო რადიკალური ცვლილებების გატარება მთავრობაში, მით უფრო - 2020 წლის არჩევნების მოახლოებისას.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, თუ როგორი იქნება ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება, რამდენად გაუარესდება სოციალური ფონი. აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, როგორი იქნება აშშ-ის პოზიცია.

- რას გულისხმობთ?

- საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს შორის საქართველო ჯერჯერობით კვლავ რჩება აშშ-ის ერთადერთ წარმატებულ პროექტად. წარმატებად ითვლება ისიც, რომ ორი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში პოლიტიკური ძალა იცვლებოდა. 2020 წელი ამ თვალსაზრისითაც იქნება ძალიან საინტერესო ტესტი არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის, არამედ - ამერიკისთვისაც, ანუ რამდენად დაუშვებს აშშ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პოლიტიკური ძალების ცვლილების ტრადიცია დაირღვეს და ქვეყნის სათავეში მესამე ვადით დარჩეს "ოცნება"? აღსანიშნავია ისიც, რომ "ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებისას ძალიან საინტერესო სქემა შეიმუშავა, რითაც მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება საგრძნობლად გართულდება. ვგულისხმობ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის 3%-მდე ერთ­ჯერადად დაწევას. ისინი, სავარაუდოდ, გეგმავენ, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ პარლამენტში შეიყვანონ ბევრი პარტია, რომელთა უმეტესობა ისევ იტრიალებს "ქართული ოცნების" ღერძზე და ისე წარმოაჩინონ, თითქოს ეს რამდენიმე პარტია ერთად შექმნის კოალიციურ მთავრობას.

ეს იქნება შირმა საგარეო მოხმარებისთვის. ხელისუფლებაში თითქოს ახალ კონფიგურაციას მივიღებთ, თუმცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. ეს არის პროცესების განვითარების ერთი სცენარი...
პროცესების განვითარების მეორე, ჩემეული, ვერსია კი ასეთია: არ გამოვრიცხავ, "ოცნების" შიგნით წარმოიქმნას დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაწყვეტენ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას და სოლიდური შედეგის მიღებაზეც განაცხადებენ პრეტენზიას. ეს დაემსგავსება იმ სცენარს, რომლის მიხედვითაც "მოქალაქეთა კავშირს" ჩამოშორებულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლება გადაიბარა.

მე უკვე ვახსენე, რომ ასეთი ჯგუფები უკვე ჩანს "ქართული ოცნების" წიაღში და ეს სამთავრობო ცვლილებები სწორედ მათი ინტერესების დაბალანსების მცდელობას ჰგავს. ამ ეტაპზე ისინი ერთმანეთის პარალელურად მოქმედებენ, ერთმანეთისადმი მტრულად - არა, მაგრამ კონკურენტულად კი არიან განწყობილნი...

- მმართველი ძალის შიგნით ამგვარი ჯგუფების არსებობაზე ბოლო ხანს ჩვენში ბევრს­ ლაპარაკობენ, თუმცა ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ მათ შორის ყველაზე გავლენიანი თბილისის მერის, კახა კალაძის ჯგუფია და დამოუკიდებლად მოქმედების ამბიციაც, შესაძლოა, უპირველესად ამ გუნდს გაუჩნდეს... საინტერესოა, როგორ აფასებთ კახა კალაძის პირველ ნაბიჯებს თბილისის მერის პოსტზე და უკვე მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს?

- ის, რომ კალაძე არის "ქართული ოცნების" შიგნით ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეძლო დამოუკიდებელი პოლიტიკური წონის აკრეფა, ცხადზე ცხადია, თუმცა, როცა "ქართული ოცნების" წარმომადგენლის დამოუკიდებელ პოლიტიკურ წონაზე ვლაპარაკობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს დამოუკიდებლობა ძალიან პირობითია...

- ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს გულისხმობთ?

- დიახ. ივანიშვილი რაც უნდა გამდგარი იყოს პოლიტიკური პროცესებისგან, "ქართული ოცნების" პოლიტიკური ცხოვრების მთავარ მდგენელად მაინც რჩება. შესაბამისად, კალაძის პოლიტიკურ წონაშიც მისი წვლილი დიდია, თუმცა არა - 100%, როგორც ხშირად ვხედავთ მთავრობის წარმომადგენლებისა თუ დეპუტატების შემთხვევაში. კალაძეს სხვა ლიდერებისგან გამოარჩევს ის, რომ ძალიან კარგად გრძნობს საზოგადოების განწყობას და არაჩვეულებრივად იცის პიარის ტექნოლოგია, რასაც უკვე ყოველდღიურად ვხედავთ.
მან მშვენივრად დაინახა, რომ საზოგადოებას სწყურია ეფექტიანი ხელისუფლების დანახვა, რომ აუცილებელია, თუ რამეს აკეთებ, სააშკარაოზე გამოიტანო. ჩვენი ხელისუფლება აქამდე მოქმედებდა პრინციპით: "ამირან გულში მღეროდაო..." გარკვეულწილად ამანაც გაამწვავა საზოგადოების ნიჰილისტური განწყობა. კალაძე სხვანაირად იქცევა და ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ეს საზოგადოებას ძალიან მოსწონს.

დიახ, კალაძეს ჰყავს თავის გუნდი. მისი გუნდი ჩანს პარლამენტშიც, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ამ სამთავრობო ცვლილებებმა კალაძე გააძლიერა, პირიქით, ამ სამთავრობო ცვლილებების შედეგად ვეღარ ვხედავ მთავრობაში მის ისეთ გავლენას, როგორიც მანამდე ჰქონდა.
მეტიც - პირველ ეტაპზე მან მერიის სამსახურებსა თუ რაიონების გამგეობებში ვერ შეძლო მკვეთრი საკადრო ცვლილებების განხორციელება, ისეთის, როგორსაც გვპირდებოდა და რაც აუცილებელი იყო. ცოტა უცნაური პარალელი მახსენდება: ბოლო ხანს "ქართულ ოცნებას" ისე მიჰყავს­ საქმე, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ყველა კარგია, ყველაზე ოდიოზური ფიგურებიც კი, გარდა... სააკაშვილისა, ანუ ის ყოფილა ერთადერთი "მონსტრი". ასე გამოვიდა ახლა ნარმანიას შემთხვევაშიც - მისი დაკომპლექტებული მერიის სამსახურებისა და გამგებლების დიდი ნაწილი ისეთი წარმატებული ყოფილა, რომ რეფორმირების სურვილით ანთებულმა კალაძემ ისინი თანამდებობებზე დატოვა. რა გამოდის, მხოლოდ ნარმანია ყოფილა ყველაფერზე პასუხისმგებელი?
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ეტაპზე კალაძეს არ მისცეს საკმარისი თავისუფლება...
ეს ძველი კადრები კი კალაძის წარმატებული მერობის გზაზე შეიძლება სერიოზულ ბარიერად იქცნენ. აქვე აღვნიშნავ, რომ "ქართული ოცნების" შიდა კონკურენცია ცუდი არ არის, მით უფრო მაშინ, როდესაც ოპოზიცია ასეთი სუსტია.

- როგორც უსაფრთხოების პრობლემებზე მომუშავე ანალიტიკოსს, მინდა, გკითხოთ: როგორ აფასებთ საგარეო დაზვერვის სამსახურისა და უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანებას?

- მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოდელი მოქმედებს. არის ქვეყნები, სადაც ერთადაც არის, მაგრამ უმეტესად, ეს სამსახურები მაინც ცალ-ცალკე ფუნქციონირებს. გამსხვილება მაინცდამაინც საშიში არ არის ისეთ ქვეყნებში, სადაც ძლიერი საპარლამენტო კონტროლია, სასამართლო კი - რეალურად დამოუკიდებელი. ჩვენთან არც ერთია ძლიერი და არც მეორე - დამოუკიდებელი, რაც ნამდვილად არასასურველ ფონს ქმნის, თუმცა თავიდანვე ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ გაერთიანება არაეფექტიანობას ნიშნავს, არასწორი იქნება...

ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ კრიზისების საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შერწყმის შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ჩამოყალიბება. ფაქტობრივად, ქვეყანა რჩება უსაფრთხოების სისტემის ერთიანი, მაკოორდინირებელი ცენტრის გარეშე, რაც აბსოლუტური ნონსენსია. სხვადასხვა ქვეყანაში ამ ფუნქციას ასრულებს ეროვნული უშიშროების საბჭო და ასე იყო საქართველოში ბოლო დრომდე. მერე ამის დასაბალანსებლად შექმნეს კრიზისების მართვის საბჭო, მაგრამ ახლა ამასაც აუქმებენ. უმნიშვნელოვანესი ფუნქციები აქვს ეროვნული უშიშროების საბჭოს, მით უფრო - ჩვენნაირი ქვეყნისთვის. ამ ფუნქციებში შედის: თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით შესაბამისი სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებული კანონ-პროექტებისა და სხვა დოკუმენტების შემუშავება; ანალიტიკური ფუნქცია - საგარეო და საშინაო საფრთხეების შეფასება; ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციებისა და სტრატეგიების შემუშავება. ვეკითხები ხელისუფლებას: ვინ, რომელმა უწყებამ უნდა შეასრულოს ეს ფუნქციები?

ფაქტობრივად, ასეთი უწყება აღარ არსებობს. ეროვნული უშიშროების საბჭო უქმდება. თავდაცვის საბჭო დარჩა, მაგრამ ის მხოლოდ საომარი მდგომარეობისას იკრიბება და საფრთხის პროგნოზირება მისი ფუნქცია არ არის. რაც შეეხება კრიზისების მართვის საბჭოს, რომელიც ისედაც ვერ უძლებდა კრიტიკას და არ შეესაბამებოდა ამ ფუნქციას, უქმდება. არ არსებობს პრეცედენტი რომელიმე ქვეყანაში, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, რომელსაც, ძირითადად, სამაშველო ფუნქციები აქვს, წერდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და სტრატეგიას. მაინტერესებს, მაშ, ვინ, რომელმა სტრუქტურამ უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია? ამ ფუნქციას მინისტრთა კაბინეტი ვერ შეითავსებს, ამიტომაც აუცილებლად მიმაჩნია, პრემიერთან შეიქმნას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მაკოორდინირებელი რგოლი... ეს საკითხი ქვეყნის უსაფრთხოების უპირველესი ამოცანაა...

- რუსეთი აგრძელებს ანექსიის პოლიტიკას ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამჯერად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახალი მავთულხლართები გაჩნდა... ოკუპანტის აქტიურობა ხშირად უკავშირდება ხოლმე­ საქართველოში მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ან მიმდინარე პროცესს. ამჯერად ეს აქტიურობა ხომ არ არის ერთგვარი პასუხი ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნაზე?

- რთული სათქმელია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რასაც ამ პერიოდში შეიძლებოდა გამოეწვია რუსეთის გაღიზიანება, სწორედ ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნაა. თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი გამოძახილი რუსეთის მხრიდან, ამასთან ერთად გამოცხადდა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორის ამოქმედება, ანუ ირანი-აზერბაიჯანი-რუსეთის მონაწილეობით ახალი სარკინიგზო ხაზის გაყვანა, რაც საქართველოს გვერდს აუვლის. ასევე მოვისმინეთ სომხეთის არცთუ სასიამოვნო განცხადებები. ეს რკინიგზა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისით ერთხანს მომგებიანი ვერ იქნება, მაინც გვარიანად აღიზიანებს რუსეთს, უპირველესად - პოლიტიკური მნიშვნელობის გამო...

- სახალხო დამცველს, ფაქტობრივად, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ერთდროულად დაუპირისპირდა. თეა წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს "პირველი უსამართლო ომბუდსმენი" უწოდა...

- ვითარება საკმაოდ მარტივია... მათთვის უჩა ნანუაშვილი არ არის სასურველი სახალხო დამცველი. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები მიეჩვივნენ ერთხმად სიმღერას, ამიტომაც დისონანსის შემტანი სახელმწიფო ინსტიტუტი არ მოსწონთ. სურთ, სახალხო დამცველი მათ სამ ხმას ბანად აჰყვეს. ამიტომაც გადაირია ყველა ასე ერთად...

- მოგეხსენებათ, ამ პოსტზე უჩა ნანუაშვილს ვადა ეწურება. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ისინი ახალ სახალხო დამცველს მათდამი ლოიალობის პრინციპით შეარჩევენ?

- ახლანდელი სახალხო დამცველი ხელისუფლებას რომ გულზე არ ეხატება, აშკარაა. ვნახოთ, რას იზამენ... ლოგიკურად ჩნდება მოსაზრება, რომ ახალ ომბუდსმენს სწორედ ლოიალობის პრინციპით შეარჩევენ, თუმცა უკვე საინტერესო კანდიდატურები სახელდება. ვნახოთ, რა გადაწონის - ხელისუფლებაში კომფორტის სურვილი თუ ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტი.

- "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" უფრო მეტი კომერციული რეკლამის განთავსების უფლების გადაცემასაც ითვალისწინებს, და ეს მაშინ, როდესაც ეს ტელევიზია სახელმწიფოსგან ათეულმილიონობით ლარით ფინანსდება...

- თუ "საზმაუწყებელს" მეტი რეკლამის განთავსების უფლება დაუკანონეს, კერძო ტელევიზიები არაკონკურენტულ პირობებში აღმოჩნდებიან. ეს მიუღებელია, განსაკუთრებით, ბიუჯეტიდან "საზმაუწყებლის" უზარმაზარი დაფინანსების პირობებში, რაც რეალურად 1%-იან რეიტინგს ხმარდება.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით