ფულის წაგლეჯის კანონპროექტი - კვირის პალიტრა

ფულის წაგლეჯის კანონპროექტი

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 5 წელიწადში ბიუჯეტიდან 203 503 700 ლარი მიიღო

"ევროპაში ძნელად იპოვით საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტზე იყოს მიბმული, თანაც მაშინ, როდესაც "ქამრების შემოსაჭერად" ქვეყანაში სამინისტროებს ვხურავთ"

საზოგადოებრივი მაუწყებელი საეთერო ბადეში კომერციული რეკლამის დამატებით განთავსების უფლების მინიჭებას ითხოვს - შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში აქტიურად განიხილავენ. ინიციატივას კერძო ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიები ეწინააღმდეგებიან. მათი წარმომადგენლების განცხადებით, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეკლამების განთავსების კუთხით სხვა ტელევიზიებთან თანაბარ პირობებში იქნება, მაშინ რა საჭიროა ის 50-მილიონიანი დაფინანსება, რომელსაც ის ყოველ წელს ბიუჯეტიდან იღებს. ამ ლოგიკით, წარმოიდგინეთ, რომ სახელმწიფო უწყებებს მიეცეთ მაღაზიების ან სასტუმროების გახსნის უფლება და თავიანთი უზარმაზარი ბიუჯეტით კონკურენცია გაუწიონ კერძო სექტორს. ზემოხსენებული კანონპროექტის შესახებ პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა. თუმცა შესაძლოა ჯობდეს, მოქალაქეებსა (რომელთა ჯიბიდანაც ფინანსდება"საზოგადოებრივი მაუწყებელი) და კანონმდებლებს ჯერ იმაზე ემსჯელათ, რა ეფექტი და სარგებელი მოიტანა საზოგადოებისთვის ბოლო 5 წელიწადში "საზმაუწყებლისთვის" ბიუჯეტიდან დახარჯულმა 200 მილიონ ლარზე მეტმა და არის თუ არა ეს წყალში გადაყრილი ფული, ხოლო შემდეგ უკვე იმაზე, სახელმწიფო ბიუჯეტზე მიბმულ ტელევიზიას უნდა ჰქონდეს თუ არა რეკლამის განთავსების უფლება.

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ თუ "საზმაუწყებელს" კომერციული ბაზრის მოთამაშეობა სურს, მაშინ ბიუჯეტიდან დაფინანსებას არ უნდა იღებდეს.

"ეს უსინდისობაა"

ლაშა ტუღუში, "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი:

- საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე აქვს საკმარისი და რაც მთავარია, გარანტირებული ფინანსური რესურსი განვითარებისთვის. ამიტომ დამატებითი თანხის მოძიება ღირებული პროდუქტის შესაქმნელად ნამდვილად აღარ სჭირდება.

ისედაც შეზღუდულ სარეკლამო ბაზარზე, თანაც, მაშინ, როდესაც ამ ბაზრის ნახევარზე მეტი უკვე შენია, კიდევ ფინანსების წართმევა უსინდისობაა.

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო არხებს შორის თანაფარდობა ისედაც მნიშვნელოვნადაა დარღვეული.

არასდროს შევეგუებით ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ქვეყანაში მედიაგარემოს გააფუჭებს, თანაც, გარდა კომერციული დროისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი სტარტაპების დაფინანსებასა და თანამშრომლების უაპელაციოდ გათავისუფლების უფლების მინიჭებას ითხოვს. რატომ უნდა აფინანსებდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი სტარტაპებს? ვინ გააკონტროლებს, გამჭვირვალე იქნება თუ არა ეს პროცესი? ან საერთოდ, რა კავშირშია ეს საკითხი ტელევიზიის ფუნქციონირებასთან? პარლამენტშიც განსხვავებული შეხედულებებია საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნების შესახებ და საბედნიეროდ, გამოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც მსგავს ცვლილებებს მხარს არ უჭერენ.

იცით, რა არის ალოგიკური? ყოველწლიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იზრდება, რადგან ის მიბმულია ქვეყანაში ეკონომიკის ზრდაზე. ანუ, რეალურად მათ ყოველწლიურად ისედაც გაზრდილი ბიუჯეტი აქვთ. შესაბამისად, მისი განხილვა როგორც კომერციული ბაზრის მოთამაშისა, არასწორია. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ამ ფინანსური ჭიდილის გარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ უნდა იღებდეს დაფინანსებას ბიუჯეტიდან. რატომ სურს კიდევ ერთხელ მედიაბაზრის ჯიბეში ხელის ჩაყოფა და მცირე ფინანსების წართმევაც, გაუგებარია, თანაც, მსგავსი კანონის მიღება არა მხოლოდ კერძო ტელევიზიებს, გაზეთებს, ჟურნალებსა და რადიოებსაც საფრთხეს შეუქმნის, რადგან მათ აუცილებლად დააკლდებათ ისედაც მცირე ფინანსები და დაემატება 50 მილიონზე მეტი დაფინანსების მქონე საზოგადოებრივ მაუწყებელს.

როდესაც პარლამენტში განხილვა მიმდინარეობდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ წარმოადგინა მყარი არგუმენტები, თუ რამ განაპირობა დამატებითი თანხების მობილიზების აუცილებლობა. გვეუბნებიან, დიდ ბრიტანეთში ასე ხდებაო, მეც პატივს ვცემ ბრიტანულ ღირებულებებს, თუმცა იქნებ დავფიქრდეთ, საქართველოს რეალობა როგორია? ყოველთვის არ არის მართებული სხვა ქვეყანაში არსებული მოდელის საქართველოში ერთი-ერთზე გადმოტანა, თუ ის ჩვენს ქვეყანაში არსებულ კონტექსტს არ ითვალისწინებს.

- თანაც, დიდ ბრიტანეთსა და მის ფარგლებს გარეთაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პოპულარობით სარგებლობს.

- რა თქმა უნდა, საქართველოში კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქტი დიდი ხანია ამოვარდნილია საერთო კონტექსტიდან თუ ყველანაირი სისტემიდან. ეჭვქვეშ დგას ისიც, რამდენად ასრულებს ის საკუთარ მოვალეობებს. მართალია, ახალმა მენეჯმენტმა ახალი გადაცემები სულ ცოტა ხნის წინ ჩაუშვა ეთერში და დაველოდოთ, რა შეიცვლება, თუმცა, სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი მაინც არა მაქვს.

"საზმაუწყებლის" მენეჯმენტი კონსტიტუციასთან შეუსაბამო ცვლილებებს ითხოვს

ნათია კუპრაშვილი, კოალიცია მედიაადვოკატირების კოორდინატორი:

- საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა, რომ კომერციული რეკლამის ეთერში განთავსების დრო სამიდან ექვს წუთამდე გაზარდოს, არაადეკვატური და მეტიც, უპასუხისმგებლოა იმ მისიის გათვალისწინებით, რომელიც მას აკისრია. სამართლებრივადაც თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი კონსტიტუციასთან შეუსაბამო ცვლილებებს ითხოვს კანონმდებლობაში, რადგან ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი კომერციული გავლენისგან.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელს სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტი სახელმწიფოსგან აქვს გარანტირებული - მსგავსი რამ არც ერთ ევროპულ სახელმწიფოში არ ფიქსირდება.

ნაცვლად იმისა, რომ ეს რეალობა შეგვეცვალა და საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროპული სტანდარტების შესაბამისად მუშაობაზე ეფიქრა, პირიქით, უფრო მეტი თანხის წაგლეჯას ცდილობს მედიაბაზრიდან,

არგუმენტად კი გვესმის, რომ თურმე უფრო მეტი სიკეთე უნდა მოგვიტანონ სხვადასხვა გადაცემის სახით. რა სიკეთე მოაქვს მაყურებლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებს, მაყურებელი თავადაც კარგად ხედავს ეთერში - სულ უფრო მცირდება მიუკერძოებლობის მაჩვენებელი, მინიმალურია ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების ყველა ჯგუფს დააკმაყოფილებს.

- 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც განაპირობა იმან, რომ ტელევიზიის დაფინანსება პირდაპირ არის მიბმული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე - თუ ყოველწლიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი მზარდია, თქვენი შეფასებით, რა მიზანი აქვს ახლა დამატებითი თანხის ბაზრიდან წაღების მცდელობას?

- ფორმულა, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება განისაზღვრება, ცალკე პრობლემაა. მართლაც, ევროპაში ძნელად იპოვით საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტზე იყოს მიბმული, თანაც, მაშინ, როდესაც""ქამრების შემოსაჭერად" ქვეყანაში სამინისტროებს ვხურავთ.

როდესაც ინიციატივა პირველად გახმაურდა, გამოვიკვლიე, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივას პარლამენტი დააკმაყოფილებს, ის დამატებით 2 მილიონს მიიღებს სარეკლამო ბაზრიდან. კიდევ ერთხელ დავსვათ შეკითხვა -

თუ წლების განმავლობაში საშუალოდ წლიური 50-მილიონიანი ბიუჯეტით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შექმნა პროდუქტი, რომელიც საზოგადოების ინტერესზე იქნებოდა მორგებული, რატომ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ დამატებით 2 მილიონი ლარის მიღების შემდგომ სასწაულს ჩაიდენს?

რასაც აკეთებენ, ხომ წლებია, ვუყურებთ? 2 მილიონი რეგიონული ტელევიზიების შემოსავლის დაჯამებული მაჩვენებელია, თანაც, ვიმეორებ, კერძო ტელევიზიებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ უწევს ფიქრი და ზრუნვა თანხის მოძიებაზე პროდუქტის შესაქმნელად, ან რა ფასად გაყიდის მას - საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება აქვს, რეკლამა 1 ლარადაც კი გაყიდოს. არ დაგვავიწყდეს, საქმე ეხება რიგითი მოქალაქეების, გადასახადების გადამხდელებისგან დაფინანსებულ ტელევიზიას, რომლის მთავარი მიღწევა ისაა, რომ ათასამდე თანამშრომელი ჰყავს და ჩვენს ხელფასს უხდის.

- საზოგადოებრივ მაუწყებელს დღესაც აქვს ეთერში რეკლამის განთავსების უფლება, თუმცა შეზღუდვების მოხსნას უცხოური მაგალითების დასახელებით ამართლებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი არგუმენტია, რომ, მაგალითად, ბი-ბი-სიც არ ამბობს უარს კომერციულ დაფინანსებაზე.

- ევროპის საზოგადოებრივ მაუწყებელთა დიდი ნაწილი კომერციული რეკლამის გაყიდვას ახერხებს დამატებითი არხების შექმნის გზით. საზოგადოებრივ მაუწყებელსაც აქვს შესაძლებლობა სპორტული ან გასართობი არხი გახსნას და სწორედ მათგან თავისუფლად მიიღოს კომერციული რეკლამა."ბი-ბი-სი სწორედ ამ გაყოფილი არხებით იღებს სარეკლამო ფინანსებს, მთავარი ტელევიზია კი სრულიად დამოუკიდებელია კომერციული ვალდებულებებისგან. ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლები დაფინანსების წესითაც განსხვავდებიან, მაგალითად, გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს მთავრობა განუსაზღვრავს ბიუჯეტს და არა აქვს გარანტირებული თანხა სახელმწიფოსგან, ლაპარაკიც კი ზედმეტია, მთლიან შიდა პროდუქტზე მიაბან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს კი საერთოდ აკრძალული აქვს ეთერში ნებისმიერი ტიპის რეკლამის გაშვება, მათ შორის, განაყოფ არხებზეც. საზოგადოებრივი მაუწყებლები, ძირითადად, რეიტინგული ტელევიზიებია ევროპაში და საზოგადოების სანდოობაც მათ მიმართ მაღალია, საქართველოში კი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი და მით უმეტეს, სანდოობის მაჩვენებელი როგორია, ყველამ კარგად ვიცით.

კიდევ ერთი ფაქტორი - საზოგადოებრივი მაუწყებელი სპეკულირებს, რეკლამას სპორტული პროგრამების და საერთაშორისო ფესტივალების ჩვენებისას გავზრდითო. სწორედ ეს არის პრაიმტაიმი, ანუ ე.წ. ყველაზე ყურებადი დრო, დანარჩენი ტელევიზიები კი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვერ გაუწევენ მას კონკურენციას, რადგან გარანტირებული რამდენიმე ათეული მილიონის ბიუჯეტი მას შესაძლებლობას აძლევს უპირატეს მდგომარეობაში იყოს და თავად შეიძინოს ყველა სპორტული თამაში თუ საერთაშორისო შოუ. ხომ უნდა განვსაზღვროთ, რომელ ქვეყანაში ვართ და რა ხდება დღეს ქართულ სარეკლამო ბაზარზე?

- კიდევ რა არგუმენტი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს ცვლილებების განსახორციელებლად?

- ერთადერთი არგუმენტი, რაც მოვისმინეთ, დამატებით 2 მილიონის წაგლეჯა სარეკლამო ბაზრიდან პრინციპული საკითხიაო; ანუ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დღეს პრინციპული საკითხია დავა კერძო ტელევიზიებს მოუგოს? ახლა პარლამენტის როლია გადამწყვეტი და იმედია, გაითვალისწინებენ იმ მაღალ რისკებს, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნას მოჰყვება.

ლევან კობერიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: - კომერციული ბაზარი დღეს რომ მყიფეა, ყველამ ვიცით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია თითოეულ კერძო ტელევიზიას სარეკლამო ბაზარზე თანაბარი პირობები თუ უფლებები ჰქონდეს, რათა შეძლონ არსებობა და მრავალფეროვანი ობიექტური გადაცემების მაყურებლისთვის შეთავაზება. სწორედ ასეთი ბაზრის ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის დამატებით მიცემის შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თანაც, მას ისედაც აქვს უფლება, სპორტულ გადაცემებში განათავსოს რეკლამა.

"საზმაუწყებელი": "სკანდინავიასა და ბრიტანეთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა"

გიორგი გვიმრაძე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი:

- საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაჭიროება დამატებითი რესურსების მოძიება ყველა შესაძლო ფორმითა და საშუალებით, რათა მნიშვნელოვანი ამოცანები შევასრულოთ გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შორის, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, და თანამშრომლებს ნორმალური პირობები შევუქმნათ. თუ მედიაბაზარზე სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის, საკანონმდებლო დონეზე ვალდებულებაც სწორედ ამ პროპორციით გვაქვს კერძო ტელევიზიებისგან განსხვავებით, მაგალითად, გვქონდეს სამი რადიო და რეგიონული ტელევიზია. თუ სხვა ქვეყნების მაგალითს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ბრიტანულ და სკანდინავიურ საზოგადოებრივ მაუწყებლებსაც საკმაოდ დიდი დაფინანსება აქვთ ბიუჯეტიდან და მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატება კერძო ტელევიზიების ფინანსებს - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. არ ვამბობ, რომ ბრიტანული რეალობა საქართველოში არსებული ვითარების იდენტურია, უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ იქ არავინ კითხულობს, რატომ აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს კერძო ტელევიზიებზე მაღალი შემოსავალი - საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანებია, რომელთა შესრულებაც ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს.

როგორ წაართვა რეკლამა "საზმაუწყებელმა" გურჯაანის ტელევიზიას

ლევან ალექსიშვილი, "გურჯაანის" ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი:

- ერთი შემთხვევა მახსენდება: ახალგახსნილ სტომატოლოგიურ კლინიკასთან სარეკლამო ხელშეკრულებაზე, ფაქტობრივად, უკვე შეთანხმებულნი ვიყავით, თუმცა ბოლო მომენტში მან უარი განგვიცხადა - პირად საუბარში კლინიკის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეკლამა ბევრად მცირე, დემპინგურ თანხად შესთავაზა, შესაბამისად, რეკლამის განთავსებაც სწორედ ამ ტელევიზიაში გადაწყვიტა. "

გურჯაანის" ტელევიზიის პარალელურად, "რეგიონმედია მარკეტს" ვხელმძღვანელობ. კომპანია რეგიონების 23 ტელევიზიის საეთერო დროს ყიდულობს და შემკვეთებზე ყიდის, 23 რეგიონული ტელევიზიის ბიუჯეტი ჯამში დაახლოებით 2 მილიონია, სულ მედიაბაზარი კი, 100 მილიონ ლარს მოიცავს, საიდანაც ნახევარი სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის.

თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება ექნება, სარეკლამო დრო დემპინგურ ფასად გაყიდოს. თუ რეალური კონკურენცია სურთ, მაშინ ნუ დავაფინანსებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დისკრიმინაციული და უკონკურენტო გარემო შეიქმნება ტელევიზიებისთვის, რომლებიც ისედაც მძიმე ფინანსურ ვითარებაში არიან.

რუსუდან შელია