რატომ მოიწვია კალაძემ აუდიტის სამსახური მერიაში - კვირის პალიტრა

რატომ მოიწვია კალაძემ აუდიტის სამსახური მერიაში

"კალაძე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო რეჟიმში ყოფნისას გაემიჯნა ნარმანიას და მისდამი კრიტიკულიც იყო. ახლა კი უნდა, რომ დამატებით ინფორმაციას ფლობდეს შიდა მუშაობის შესახებ... ნარმანიას კადრები თუ ჯერ კიდევ სადმე დარჩა, მალე შეცვლიან"

როგორი მემკვიდრეობა დახვდა კალაძეს თბილისის მერიაში, რატომ მოიწვია აუდიტის სამსახური და ნარმანიას მერობისას არსებულ დარღვევებზე რა სკანდალური ფაქტები შეიძლება გასაჯაროვდეს, ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თეონა ჭალიძე გვესაუბრა:

- კახა კალაძე ხვდება, რომ მერიაში მძიმე მემკვიდრეობა დახვდა და ამიტომაც უნდა, რომ აუდიტის სამსახურმა შეაფასოს მდგომარეობა, დასკვნა წარმოადგინოს და მხოლოდ შემდგომ გადაიბაროს უწყება. ეს მაინცდამაინც ჩვეულებრივი ამბავი არ არის. უპირველესად იმიტომ, რომ დავით ნარმანია და კახა კალაძე ერთი გუნდის წევრები არიან და მეორეც - მერის კომპეტენცია არ არის აუდიტის სამსახურის მოწვევა. როგორც წესი, აუდიტის სამსახური თავად წყვეტს, სად უნდა შევიდეს.

კალაძეს შორს მიმავალი პოლიტიკური მიზნები აქვს. როგორც ამბობენ, პრემიერ-მინისტრობაც სურს, რის გამოც მთავრობაში ფარულად ებრძვიან. ვფიქრობ, არც ყოფილ პრემიერ ივანიშვილს აძლევს ხელს მისი ფრთების მეტისმეტი გაშლა. ამიტომ ეს გამარჯვება კალაძეს თავში არ უნდა აუვარდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ახალი მერი ფრთხილობს, თუმცა უკვე აშკარაა, რომ პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობს. არ გამოვრიცხავ, მან ყველას დასანახად დასაჯოს ის საჯარო მოხელეები, რომლებსაც დარღვევებს უპოვიან. აუდიტის სამსახურს კი დარღვევების მოძიება მერიაში არ გაუჭირდება, რადგან ნარმანიას სუფთად სულაც არ უმუშავია.

სხვათა შორის, კალაძე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო რეჟიმში ყოფნისას გაემიჯნა ნარმანიას და მისდამი კრიტიკულიც იყო. ახლა კი უნდა, რომ დამატებით ინფორმაციას ფლობდეს შიდა მუშაობისა და შესაბამისად, შიდა დაპირისპირებებისა და ინტერესთა კონფლიქტების შესახებ. ამიტომაც აკომპლექტებს ერთგული კადრებით მერიას. ასე რომ, ნარმანიას კადრები თუ ჯერ კიდევ სადმე დარჩა, მალე შეცვლიან.

- და მაინც, რა მემკვიდრეობა დახვდა კალაძეს მერიაში?

- საკმაოდ მძიმე. ჯერ ერთი, ნარმანიას დროს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირებისთვის კომპენსაციების გადახდა გრძელდება. ჯერაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და დათხოვნილთა ნაწილს უკვე მისცეს საკომპენსაციო თანხები, რაც ჯამში 100.000 ლარს აღემატება. ბევრ ამგვარ გადაწყვეტილებას მომავალშიც მიიღებენ და საბოლოოდ არცთუ მცირე თანხა სწორედ დედაქალაქის ბიუჯეტიდან გაიცემა. ცხადია, ეს ყველაფერი ისევ თბილისელებს აწვება კისერზე.

ასევე, არაერთი განცხადებაა შესული პროკურატურაში თბილისის მერიასთან დაკავშირებით. მაგალითად, თავის დროზე, უფასო სასადილოების სკანდალური საქმე პოლიტიკური გუნდის "ახალი საქართველოს" სოციალურმა სამსახურმა შეისწავლა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახადა. წინასწარი გათვლებით, წელიწადში 8-10 მილიონის დატაცებაზეა ლაპარაკი. ოფიციალური მონაცემებით, უფასო სასადილოებით 39 251 კაცი სარგებლობს, სინამდვილეში, ნახევარიც კი არ სარგებლობს - საჭმელი იმდენად უხარისხოა, რომ მისი ჭამა შეუძლებელია. ზოგს მარტო პური მიაქვს სასადილოდან. მიუხედავად ყველაფრისა, თითოეულ ბენეფიციარზე 1 ლარი და 18 თეთრია გათვალისწინებული და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ეს თანხა ყოველი ბენეფიციარისთვის სრულად ერიცხება. ამ 1 ლარსა და 18 თეთრში შედის უფასო სასადილოს ქირის ხარჯიც, კომუნალური გადასახადის თანხაც და პერსონალის ანაზღაურებაც... რეალურად, ერთი ბენეფიციარის გამოსაკვებად დაახლოებით 68 თეთრი რჩება. ცხადია, ამ თანხით ვერაფრით დააკმაყოფილებენ თუნდაც ერთ კაცს დღეში. ვიმეორებ, რეალურად, ბენეფიციართა დიდი ნაწილი არც სარგებლობს უფასო სასადილოთი, თუმცა დოკუმენტები სულ სხვა რამეს ამბობენ. მათი გაკონტროლება მერიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ევალება, ისინი კი ხელს აწერენ გაყალბებულ ოქმებს, რომლებიც ერთმანეთისგან არის გადაწერილი, ტექსტის შინაარსი და წერტილ-მძიმეც კი ერთი და იგივეა. ამ ოქმების მიხედვით, არც ერთი უკმაყოფილო მოქალაქე არ ფიქსირდება(?!). ამ საქმეს პროკურატურა იძიებს და არ გამოვრიცხავ, მილიონობით თანხის მითვისების გამო დაისაჯონ დამნაშავენი, ასევე მერიის ის თანამშრომლები, რომლებსაც ამ საქმის მონიტორინგი ევალებოდა. ვფიქრობ, თანამდებობებიდან მათ გათავისუფლებას კალაძე ხმაურიანად დაიწყებს. ამ კომპანიებს ვადა დეკემბერში უმთავრდებათ, ახალი ტენდერი გამოცხადდება და ვნახავთ, მასში რომელი კომპანიები გაიმარჯვებენ.

შესაძლოა, კვლავაც აქტუალური გახდეს ნარმანიას მერობისას ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებული ხელშეკრულებების საკითხი. ჩემი ინფორმაციით, ნარმანიას დროს 300 მილიონზე მეტი ლარის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ, სულ მცირე, 30 მილიონი ვერ დაიზოგა (როგორც წესი, ტენდერების გამოცხადებით იმ თანხის, სულ ცოტა, 10% მაინც იზოგება, რასაც ერთ პირთან მოლაპარაკების გზით უხდიან კომპანიას). ასეთი უამრავი საკითხია და პროკურატურა მუშაობს.

აუდიტის სამსახურს არ გაუჭირდება დარღვევების გამოვლენა 13 ივნისის შემდეგ გაცემული კომპენსაციების საქმეშიც. კულუარულად უკვე ლაპარაკია, რომ ეს ინფორმაცია ხელისუფლების შიდა წრეებისთვის ცნობილია. საქმე ეხება იმ პირებისთვის გაცემულ კომპენსაციებს, რომლებსაც 13 ივნისის სტიქიამდეც არ ჰქონდათ სათანადო ზონაში საკუთრება ან რაიმე ქონება, მაშინ როცა, ვისაც საკუთრება ნამდვილად ჰქონდა, ხელცარიელი დარჩა. თავად ვიცნობ ერთი-ორი მათგანის საქმეს, რომლებზეც ნარმანიამ მისთვის ჩვეული ფაციფუცით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი საქმეების გახმაურება შესაძლოა, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდეს.

- როგორ ფიქრობთ, აუდიტის სამსახური ობიექტურ დასკვნას წარმოადგენს?

- ფაქტებს ვერსად წაუვა... თუმცა საქმე ის არის, დასკვნა მთლიანად გასაჯაროვდება თუ ნაწილობრივ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ კალაძე გააჩერონ, თუმცა მგონია, რომ მხილებას თავად შეუდგება. ეს მას პოლიტიკურ ქულებს შემატებს...

ეკა ასათიანი