"როგორ შეიძლება დღეს იყო ეკონომიკის, ხვალ კი შს მინისტრი?"
20-11-2017
"როგორ შეიძლება დღეს იყო ეკონომიკის, ხვალ კი შს მინისტრი?"
"გადავ­რჩით და კომბლესთან მეომარი ვაშლიბერტ­ყიას ელჩად წარდგენა­ არ შედგა"

ხელისუფლებაში სტრუქტურული ოპტიმიზაცია ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაანონსდა, თუმცა მაშინ მკვეთრი ცვლილებებისგან "ქართულმა ოცნებამ" თავი შეიკავა - როგორც გამოჩნდა, მმართველმა გუნდმა ოპტიმიზაციის იდეა თაროზე მხოლოდ დროებით შემოდო, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებას ელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმიზაციის ინიციატივის გახმაურებიდან მის აღსრულებამდე ხელისუფლებას თით­ქოს დიდი დრო ჰქონდა, ექსპერტთა ჯგუფს მაინც დარჩა­ შთაბეჭდილება, რომ ცვლილებები გაანალიზებული კი არა, უფრო მექანიკურია.
გვესაუბრება პროფესორი ლადო პაპავა:

- სამთავრობო ცვლილებები­ ეფექტურია, თუმცა არა ეფექტიანი. სააკაშვილის დროს მთავრობა­ ეფექტური იყო, მოულოდნელი განცხადებებით და ქმედებებით გამოირჩეოდა და ეფექტსაც ახდენდა, თუმცა შედეგზე ორიენტირებული არ ყოფილა. კვირიკაშ­ვილის შემოთავაზებული ცვლილებებიც "ნაცმოძრაობის" ხელწერისგან დიდად არ განსხვავდება. მთავარი შეცდომა კი ის არის, რომ მთავრობის შემცირება
ოპტ­იმიზაციად მოინათლა - შესაძ­ლოა, სამინისტროების დაფინანსება ან თანამშრომლების რაოდენობა შემცირდეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ უწყებაში, პირიქით, კადრების გაზრდა ყოფილიყო საჭირო. სწორედ ამას ნიშნავს ოპტიმიზაცია და არა უწყებების მექანიკურ შეკვეცას.
როცა სახელმწიფო უარს ამბობს რომელიმე ფუნქციის შესრულებაზე, ხარჯი გადადის მოსახლეობაზე, რაც შესაძლოა, საბოლოოდ საზოგადოებისთვის უფრო ძვირიც კი აღმოჩნდეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება და მისი ფუნქციების, ერთი მხრივ, ეკონომიკის სამინისტროზე, მეორე მხრივ კი სოფლის მეურნეობის სამინისტროზე­ გადანაწილება, მცდარი გადაწყვეტილებაა. ეს იგივეა, ცხვრის ფარა მოსავლელად მგელს ჩავაბაროთ. ეკონომიკის სამინისტროს ინტერესშია, რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო რესურსი გამოიყენოს­ მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, გარემოს დაცვის სამინისტრო კი ამ რესურსების რაციონალურ გამოყენებაზეა ორიენტირებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ერთმანეთთან კონფლიქტში უნდა იყვნენ. ანალოგიური ინტერესთა კონფლიქტია სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციებს შორისაც. თანაც, გარემოს დაცვის საკითხი ქალაქად უფრო მწვავეა, ვიდრე სოფლად, და რა შუაშია აქ სოფლის მეურნეობა? ასოცირების ხელშეკრულებაში ხომ წერია გარემოს დაცვის ფუნქციის გაძლიერებაზე, მით უმეტეს, მსოფლიოში შემუშავებული გლობალური პოლიტიკის გათვალისწინებით.

- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგ­რაციის­ სამინისტროს საგარეო საქმეთა­ სამინისტროსთან შეერთებაც მცდარი გადაწყვეტილებაა?

- როცა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრის პოსტი შეიქმნა, თითქოს ინსტიტუციურად გაუმართლებელი გახლდათ, რადგან ეს არის სფერო, რომელიც მარტივად შეიძლება ფუნქციონირებდეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მის მუშაობას მინისტრის მოადგი­ლე კურირებდეს. თუმცა "ვარდების რევოლუციის" შემდგომ ინტეგრაციის სამინისტროს ცალკე გამოყოფა პოლიტიკურად მომგებიანი ნაბიჯი იყო - ამით მსოფ­ლიოს ვუთხარით, რომ ჩვენთვის­ იმდენად მნიშვნელოვანია დას­ა­ვლეთთან ინტეგრაცია, ცალკე უწყებაც კი შევქმენით. კიდევ ერთი შეკითხვა - ვის ინტერესშია­ ამ უწყების გაუქმება და ვის გავუგორეთ კოჭი?

- ფიქრობთ, რომ რუსეთის საამებლად გაუქმდა ეს უწყება?

- ასე იკითხება, თუმცა შეგნებულად მოხდა ეს თუ გაუცნო­ბიერებლად, არ ვიცი - ისინი­ სახელმწიფოებრივად კი არ აზრ­ოვნებენ, რიგითი მენეჯერები არიან. ასეთი­ მნიშვნელობის სახელმწიფო აპარატის გაუქმებას მოჰყვება საერთაშორისო პარტნიორების რეაგირება...
კითხვები მიჩნდება გიორგი­ გახარიას შს მინისტრად დანიშვნის გამოც, რომელიც იმავდროულად, ვიცე-პრემიერიც უნდა გახდეს. ვთქვათ, პრემიერი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტით არის ან შეუძლოდაა, ქვეყანა შს მინისტრმა უნდა მართოს. რა, ჩვენ ორიენტაციას პოლიციურ სახელმწიფოზე ვიღებთ? ამასთან, გაუგებარია, როგორ შეიძლება დღეს იყო ეკონომიკის, ხვალ კი შს მინისტრი? საბჭოური სუნი ასდის­ სუს-თან საგარეო დაზვერვის გაერთიანებასაც.
რაც შეეხება ენერგეტიკის­ სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთან შერწყმას, ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.­ უმტკივნეულო პროცესი იქნება კულტურისა და სპორტის სამინისტროების შეერთებაც, ახალი ფუნქციების შესათავსებლად­ გიორგაძეს განსაკუთრებული უნარების გამომჟღავნება არ დასჭირდება.

- დავით ბახტაძე და მიხეილ ჩხენკელი უწყებებში ვითარებას რადიკალურად შეცვლიან?

- საქართველოს ორ კარგ ამბავს ვულოცავ - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თსუ-ის სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჩამოაცილეს. თუ საზოგადოებამ არ იცის, სანდრო ჯეჯელავამ დოქტორანტურაში სწავლა თსუ-ში დაიწყო და სტატუსი მალევე შეიჩერა, თუმცა­, როგორც დაგვპირდა, ამერიკაში დაიწყებს დოქტორანტურაში­ სწავლას. მეორე კარგი ამბავი - გადავ­რჩით და კომბლესთან მეომარი ვაშლიბერტ­ყიას ელჩად წარდგენა­ არ შედგა. ჩხენკელი საუნივერსიტეტო სფეროდანაა და ადეკვატურ კადრად უნდა შეფასდეს.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, ამ პოსტზე უნდა ინიშნებოდ­ეს მაკროეკონომისტი და არა ტექნოლოგი თუ ბიზნეს­ადმინისტრატორი. როგორ დათანხმდა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობას?
რაც შეეხება ვიქტორ დოლ­იძეს, მოღალატეებს პატივს­ არ ვცემ. თუ პროდასავლური ორიენტა­ციის ხარ, როგორ უნდა განაცხადო, ევ­როინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის გაუქმება სწორი გადაწყვეტილებააო.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით