"დიდი შეცდომაა წულუკიანის მინისტრის პოსტზე დატოვება!" - კვირის პალიტრა

"დიდი შეცდომაა წულუკიანის მინისტრის პოსტზე დატოვება!"

"რა პრინციპით ან რა დამსახურებისთვის იკავებს თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან დღემდე უცვლელად?"

ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის ანგარიშმა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ გააღიზიანა და მას საქართველოს ისტორიაში ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა. მინისტრის შეფასებას მალევე მისივე თანაგუნდელი, პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილი გამოეხმაურა და იუსტიციის მინისტრის პოზიციას გაემიჯნა: "ვფიქრობ, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია "ქართული ოცნების" არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველის შესახებ გახლავთ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოთქვას ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონსტიტუციურ ინსტიტუციაზე".

დეპუტატ შოთა შალელაშვილის განცხადებას მალევე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი: "დეპუტატ შალელაშვილის შესახებ ბევრი არაფერი მსმენია, მას არ ვიცნობ. მსმენია მხოლოდ ის, რასაც მედია ავრცელებდა, რომ რეალურად ეს არის პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის. კარგია, თუ ჩემმა განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა".

"კვირის პალიტრა" შოთა შალელაშვილს დაუკავშირდა: "ვერ გეტყვით, რა ამოძრავებს ქალბატონ წულუკიანს, სამაგიეროდ, ვიცი, მე რა მოტივაცია და მიზნები მაქვს, როცა ვიცავ კონსტიტუციურ ინსტიტუციას. მაშინ, როცა მმართველი ძალა სამართლიანად ლიდერობს პოლიტიკურ სპექტრში, ვსარგებლობთ მოსახლეობის მაღალი ნდობით, სახალხო დამცველის ინსტიტუტზე იერიშის მიტანა არასწორად ჩავთვალე, რაც გამოიხატა ევროკომისრისა და აშშ-ის ელჩის განცხადებებშიც.

ძალიან რთულია ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე, როცა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი, კერძოდ, იუსტიციის მინისტრი, მიზანმიმართულად ახდენს ომბუდსმენის დისკრედიტაციას.

ჩემი მიზანია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა, მე სხვა მიზნები და ამოცანები არ გამაჩნია. არავითარი პირადული შეუთავსებლობა არა მაქვს მინისტრის პიროვნებასთან, მე მის მცდარ შეფასებებს არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს."

იუსტიციის მინისტრსა და "ქართული ოცნების" დეპუტატს შორის ჩამოვარდნილ განხეთქილებას "კვირის პალიტრასთან" უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აფასებს:

- როდესაც სამთავრობო ცვლილებები ერთი დღით ადრე დაანონსდა, განსაკუთრებით ველოდებოდი, რას გვეტყოდა პრემიერი იუსტიციის სამინისტროს შესახებ, თუმცა უწყებები ისე გააუქმეს და ოთხი მინისტრის პოსტს ისე დაემშვიდობნენ, თეა წულუკიანზე არავის არაფერი უთქვამს. რატომ? რა პრინციპით ან რა დამსახურებისთვის იკავებს თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან დღემდე უცვლელად? დიდი შეცდომაა წულუკიანის მინისტრის პოსტზე დატოვება! მან ვერც ერთი დაპირება ვერ შეასრულა - სასამართლო რეფორმა მხოლოდ ქაღალდზეა, სამაგიეროდ, სტრასბურგში ქვეყნის იმიჯისთვის ზიანის მიყენება რამდენჯერმე მოახერხა. სამჯერ ჩაატარა კონკურსი მოსამართლის შესარჩევად, თუმცა მის მიერ ორჯერ შერჩეული კანდიდატის კომპეტენცია დაიწუნეს. ეს ხომ ბევრ რამეზე მეტყველებს?

წარმატებული პროექტი უნდა ყოფილიყო მიწის უფასოდ რეგისტრაციის პროგრამა, თუმცა წულუკიანმა ვერც ეს გააკეთა, რადგან კარგი იდეის ხორცშესხმას სწორად მოქმედება და კომპეტენცია სჭირდება, რისი დეფიციტიც იუსტიციის სამინისტროში დიდი ხანია შესამჩნევია.

- რას ფიქრობთ თეა წულუკიანის შეფასებაზე უჩა ნანუაშვილის შესახებ?

- სახალხო დამცველმა თვალი არ დახუჭა არც ერთ პრობლემაზე, არც ხელისუფლებასთან მაამებლური პოზიცია შემიმჩნევია მისთვის. პირიქით, უჩა ნანუაშვილმა შეძლო, რომ სახალხო დამცველის ანგარიშები ანგარიშგასაწევი ყოფილიყო ხელისუფლებისთვის. ამასთან, მიაღწია, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები მეტ-ნაკლებად ითვალისწინებენ მის რეკომენდაციებს.

როგორც ჩანს, წულუკიანმა სრულიად დაკარგა საღი აზრი და წონასწორობა უჩა ნანუაშვილის მორიგი კრიტიკის მოსმენისას, არადა, იუსტიცია მართლმსაჯულებასა და სამართლის უზენაესობას ნიშნავს და ეს წულუკიანმაც უნდა გაიაზროს. თუ სახალხო დამცველი, რომელსაც კანონმდებლობა ადამიანის უფლებების დაცვას ავალდებულებს, პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი ხდება, ეს სირცხვილია მთლიანად სახელმწიფოსთვის. დარწმუნებული ვარ, მსგავს დამოკიდებულებას საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირებაც მოჰყვება.