"კალაძეს, როგორც ამბობენ, პრემიერ­ობა სურს, რის გამოც მთავრობაში ფარულად ებრძვიან"- რატომ მოიწვია აუდიტის სამსახური კალაძემ მერიაში? - კვირის პალიტრა

"კალაძეს, როგორც ამბობენ, პრემიერ­ობა სურს, რის გამოც მთავრობაში ფარულად ებრძვიან"- რატომ მოიწვია აუდიტის სამსახური კალაძემ მერიაში?

"კალაძე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო რეჟიმში ყოფნისას გაემიჯნა ნარმანიას და მისდამი კრიტიკულიც იყო. ახლა კი უნდა, რომ დამატებით ინფორმაციას ფლობდეს შიდა მუშაობის შესახებ... ნარმანიას კადრები თუ ჯერ კიდევ სადმე დარჩა, მალე შეცვლიან"

როგორი მემკვიდრეობა დახვდა კალაძეს თბილისის მერიაში, რატომ მოიწვია აუდიტის სამსახური და ნარმანიას მერობისას არსებულ დარღვევებზე რა სკანდალური ფაქტები შეიძლება გასაჯაროვდეს, ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო "კვირის პალიტრას" ორგანიზაცია "მედიატორის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თეონა ჭალიძე ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

- კახა კალაძე ხვდება, რომ მერიაში მძიმე მემკვიდრეობა დახვდა და ამიტომაც უნდა, რომ აუდიტის სამსახურმა შეაფასოს მდგომარეობა, დასკვნა წარმოადგინოს და მხოლოდ შემდგომ გადაიბაროს უწყება. ეს მაინცდამაინც ჩვეულებრივი ამბავი არ არის. უპირველესად იმიტომ, რომ დავით ნარმანია და კახა კალაძე ერთი გუნდის წევრები არიან და მეორეც - მერის კომპეტენცია არ არის აუდიტის სამსახურის მოწვევა. როგორც წესი, აუდიტის სამსახური თავად წყვეტს, სად უნდა შევიდეს.

კალაძეს შორს მიმავალი პოლიტიკური მიზნები აქვს. როგორც ამბობენ, პრემიერ-მინისტრობაც სურს, რის გამოც მთავრობაში ფარულად ებრძვიან. ვფიქრობ, არც ყოფილ პრემიერ ივანიშვილს აძლევს ხელს მისი ფრთების მეტისმეტი გაშლა. ამიტომ ეს გამარჯვება კალაძეს თავში არ უნდა აუვარდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ახალი მერი ფრთხილობს, თუმცა უკვე აშკარაა, რომ პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობს. არ გამოვრიცხავ, მან ყველას დასანახად დასაჯოს ის საჯარო მოხელეები, რომლებსაც დარღვევებს უპოვიან. აუდიტის სამსახურს კი დარღვევების მოძიება მერიაში არ გაუჭირდება, რადგან ნარმანიას სუფთად სულაც არ უმუშავია.

სხვათა შორის, კალაძე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო რეჟიმში ყოფნისას გაემიჯნა ნარმანიას და მისდამი კრიტიკულიც იყო. ახლა კი უნდა, რომ დამატებით ინფორმაციას ფლობდეს შიდა მუშაობისა და შესაბამისად, შიდა დაპირისპირებებისა და ინტერესთა კონფლიქტების შესახებ. ამიტომაც აკომპლექტებს ერთგული კადრებით მერიას. ასე რომ, ნარმანიას კადრები თუ ჯერ კიდევ სადმე დარჩა, მალე შეცვლიან.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეკა ასათიანი