გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ კენჭისყრას არ გამორიცხავს - კვირის პალიტრა

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ კენჭისყრას არ გამორიცხავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ კენჭისყრას არ გამორიცხავს. "არა, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ", - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში კითხვას, გამორიცხავს თუ არა იმას, რომ მეორედ იყაროს კენჭი.

კითხვაზე, ჩამოყალიბდა თუ არა საკუთარ მომავალ გეგმებთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის სულ ჩამოყალიბებისა და ამაზე ფიქრის პროცესშია.

"ჩამოყალიბებული არ ვარ. შენი პოზიცია, რასაც პოლიტიკაში დაიჭერ, უნდა იყოს მოთხოვნადი და ადეკვატური ვითარების. ის, რასაც აკეთებ, როგორც პრეზიდენტი, უნდა ხედავდე ამის ფასულობას, მნიშვნელობას და იმ კონტექსტში უნდა ხედავდე, რომელშიც ქვეყანა ვითარდება. ეს ბევრი კითხვის ნიშანი ახლა გაჩენილია. როგორი უნდა იყოს პრეზიდენტობა, რაში უნდა გამოიხატებოდეს, რამდენად სჭირდება ეს პრეზიდენტობა საქართველოს და საერთოდ ამის თობაზე ვარ დღეს სასაუბროდ, თუ რა პოლიტიკურ პროცესში ვმონაწილეობთ. ასე, რომ ბევრი კითხვის ნიშანია ჩემს წინაშე და ამაზე ვფიქრობ, ბუნებრივია, მაგრამ სიმართლე გითხრა, აქ არ არის მარტო იმაზე, შენ რა თანამდებობას დაიკავებ. არასდროს მქონია სურვილი და მისწრაფება, რაიმე თანამდებობა დავიკავო", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მისი ამოსავალი მანამდეც იყო და დღესაც არის ის, თუ რამდენად სჭირდება ეს ქართულ საზოგადოებას და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს.

"გულწრფელად არის იმის განცდა, თურმე რა კარგია, რომ მთელ ადგილობრივ თვითმმართველობაში შენ ხარ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვს, გულწრფელად აქვთ ემოცია, რომ რატომ აკრიტიკებს სახალხო დამცველი - ეს შეგრძნება ჩანს კომენტარებში. მისწრაფება იმისკენ, რომ მოხდეს ყველაფრის კონსოლიდაცია ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში და ის, რომ ეს ძალიან ცუდია სახელმწიფოსთვის, ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიისთვის - ამის განცდას მე ვერ ვხედავ "ქართულ ოცნებაში", მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება არ იქნება არც აქედან გამომდინარე და არც იქედან გამომდინარე, ეს რამდენად სასიამოვნო და მხარდაჭერილი იქნება ოპოზიციური პარტიების მხრიდან. არასდროს ვყოფილვარ არც ერთი ელიტის წევრი, შეიძლება სტატუსურად ბევრი ელიტის წევრი ვიყავი, მაგრამ ჩემი გულისთქმა, ურთიერთობა და ემოცია არ იყო იქიდან გამომდინარე, თუ რას ფიქრობს ელიტა, რას გეგმავს, ან რა არის მათი მიზანი", - განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ დღესაც როდესაც გადაწყვეტლებას მიიღებს, ეს არ იქნება არც ერთ ელიტაზე დაფუძნებულად