"რა უხარია იუსტი­ციის მინისტრს?!" - გაათავისუფლებენ თუ არა ვანო მერაბიშვილს - კვირის პალიტრა

"რა უხარია იუსტი­ციის მინისტრს?!" - გაათავისუფლებენ თუ არა ვანო მერაბიშვილს

არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი და როგორ უნდა წავიკითხოთ სტრასბურგის სასამართლოს დადგენილება? რას ამბობს კონვენციის მე-18 მუხლი, რომელიც ევროსასამართლომ უკვე მეორედ დარღვეულად მიიჩნია და უნდა გათავისუფლდეს თუ არა ყოფილი შს მინისტრი პატიმრობიდან - ეს იმ კითხვების მხოლოდ ნაწილია, რომელიც მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოში მოჰყვა. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ევროსასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად დაადასტურა მერაბიშვილის კანონიერი პატიმრობა: "17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო. დიდი პალატის 17 მოსამართლის ხმები გაიყო, 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი, რომელიც ეხება მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფომ მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს 4 ათასი ევრო, თუმცა, თავად ითხოვდა 15 ათას ევროს, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა".

"რა უხარია იუსტიციის სამინისტროს?!"

ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი: - საქართველოს იმიჯი უკვე მერამდენედ შეილახა საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება კიდევ უფრო მძიმეა, რადგან საქართველოს შემთხვევაში პირველად მოხდა მე-18 მუხლის დარღვევის დაფიქსირება ზოგადად ევროსასამართლოს მხრიდან, დიდი პალატის გადაწყვეტილება კი კიდევ უფრო დიდ ლეგიტიმაციას მატებს ამ გადაწყვეტილებას. წინა ხელისუფლებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ეყო ჭკუა ევროსასამართლოს პალატის გადაწყვეტილება დიდ პალატაში არ გაესაჩივრებინა, რადგან ზუსტად იცოდა, რომ წააგებდა და კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მას სტრასბურგის მოსამართლეები დააკისრებდნენ, ეს ვერ ან არ გაითვალისწინა ამჯერად იუსტიციის სამინისტრომ და საქმე, რომლის არც ერთი მტკიცებულება, ფაქტობრივად, არ გააჩნდა, მაინც გაასაჩივრა დიდ პალატაში. რა მიიღო შედეგად, კარგად ვხედავთ - ევროსასამართლო კატეგორიულად აცხადებს, რომ სააკაშვილისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით გაიყვანეს მერაბიშვილი 2014 წლის დეკემბერში საკნიდან, რომელშიც მაშინდელი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებდა. ეს არის სამართლებრივი კრახი, რომელიც სრულიად ხელისუფლებამ განიცადა ევროსასამართლოში.

- განსხვავებული პოზიცია აქვს იუსტიციის მინისტრს. ის წარმატებადაც კი მიიჩნევს დიდი პალატის გადაწყვეტილებას.

- გაუგებარია, რა უხარია იუსტიციის სამინისტროს, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ქვეყნის პოლიტიკური იმიჯისთვის უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო. ჩანს, ახლა პასუხისმგებლობიდან თავის დაღწევას ცდილობენ. სტრასბურგის სასამართლომ არა მხოლოდ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე დააფიქსირა მკვეთრად ნეგატიური პოზიცია, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი პატიმრობაც. ტყუილია, როდესაც იუსტიციის მინისტრი გვიმტკიცებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ კანონიერად ჩათვალა მერაბიშვილის პატიმრობა - არა ქართული მხარის აბსოლუტურად გაუგებარი პოზიციების გამო, ვანო მერაბიშვილის პატიმრობაც დაუსაბუთებელია.

რაც შეეხება კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმებს, მერაბიშვილისთვის მხოლოდ ოთხი ათასი ევროს გადახდით არ შემოიფარგლება გადაწყვეტილება, სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად მოითხოვს საქმის დეტალურ გამოძიებას და მის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

რუსუდან შელია