"ხელისუფლება ცდილობს დაიკავოს ისეთი პოზიცია, თითქოს არაფერი მომხდარა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ცდილობს დაიკავოს ისეთი პოზიცია, თითქოს არაფერი მომხდარა"

"უიღურები საქართველოსთან ახლოს ცხოვრობენ, არ გამოვრიცხავ, კავშირში იყვნენ ჩატაევის საქართველოში შემოყვანასთან"

ნოდარ ხარშილაძე, ექსპერტი: - ქვეყანაში საერთაშორისო ტერორისტი ისე შემოვიდა, ძალოვან უწყებებს არაფერი გაუგიათ, მეტიც, ინფორმაცია, რომ ჩატაევი თბილისში იმყოფებოდა, უსაფრთხოების სამსახურმა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისგან მიიღო.

- ეს მიანიშნებს, რომ სტრუქტურულადაც არასწორად მუშაობენ შესაბამისი ორგანოები?

- რა თქმა უნდა, საზღვრის გადასაკვეთად უამრავი საშუალება აქვთ - ყალბი პასპორტი, ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრიდან მომავალი შემოვლითი ბილიკები და ა.შ. გამოიკვეთა, რომ ქვეყანას ეროვნული უსაფრთხოების საკოორდინაციო გეგმა არ გააჩნია. ოპერაციის შედეგებს დადებითად ვაფასებ, შეიძლებოდა ბევრად მძიმე შედეგიც მიგვეღო, მაგრამ ასე დაბნეული სახელმწიფო სტრუქტურები არასოდეს მინახავს. ისიც კი არ იყო განსაზღვრული, ვის უნდა ეხელმძღვანელა სპეცოპერაციისთვის და როგორ დაემყარებინათ პანიკაში ჩავარდნილ მოქალაქეებთან კომუნიკაცია.

სხვა საპარლამენტო რესპუბლიკებში სამთავრობო დონეზე სპეციალური აპარატები იქმნება, ჩვენ კი ასეთ კრიზისულ ვითარებაში უშიშროების საბჭო გავაუქმეთ, კრიზისების მართვის საბჭო კი სრულიად უმოქმედო გვყავს. შესაძლებელია, პრემიერის აპარატს კიდევ ერთი მრჩეველი დაემატოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, როგორც აშშ-შია. ერთი სიტყვით, ფორმას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, პოლიტიკური ნება არსებობდეს და კვალიფიციურ კადრებსაც მეტი ყურადღება მიექცეს. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის სპეცოპერაცია ჩატარდა, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ხელისუფლება ამ ფაქტმა დააფიქრა, არც ის კადრები გამოკვეთილა, ვისაც ქვეყანაში ძებნილი ტერორისტის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად ცოდნა ევალებოდა.

- სპეცოპერაციის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის საცხოვრებლიდან დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღეს. ეს 21-22 ნოემბრის მოვლენების გაგრძელებად უნდა განვიხილოთ?

- რა თქმა უნდა, ეს ჯაჭვურ რეაქციად უნდა განვიხილოთ. შს მინისტრმაც განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები მიღებულია. აუცილებელია სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება და კომუნიკაცია უწყებებს შორის, რომელიც ფაქტია, დღეს არ არსებობს. თუმცა, ვფიქრობ, მსგავს ნაბიჯებს ხელისუფლება არ გადადგამს, მით უმეტეს, იმ ცვლილებების ფონზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტში მუშავდება, ერთი უწყებისთვის უმაღლესი ნდობის მანდატის მინიჭებას გულისხმობს, რაც დაუშვებელია, მით უმეტეს, არსებული გამოწვევების ფონზე. ტერორიზმს ებრძვიან კოორდინაციით და სხვადასხვა სტრუქტურას შორის მჭიდრო თანამშრომლობით, აზრებისა თუ ინფორმაციის გაცვლით, ჩვენ კი ამ დროს მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დამოუკიდებელ ორგანოდ ვაძლიერებთ, ფაქტობრივად, სტრუქტურულ ავტონომიას ვანიჭებთ.

- თუ რეფორმებს არ ელით, სხვა კიდევ რა გზას აქვს ხელისუფლებას იმ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, რაც დასავლეთს საქართველოში ჩატაევის ყოფნის შემდეგ გაუჩნდა?

- მთავრობამ ორ მთავარ შეკითხვაზე უნდა გაგვცეს პასუხი - რატომ გავათავისუფლეთ ჩატაევი პატიმრობიდან, თანაც პოლიტიკური პატიმრის სტატუსით და როგორ შეიტანა იარაღის არსენალი საცხოვრებელ ბინაში? ხელისუფლება მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, დაპანიკებულ საზოგადოებაში უკმაყოფილება არ გამოიწვიოს და ცდილობს, დაიკავოს ისეთი პოზიცია, თითქოს არაფერი მომხდარა. ფიქრობს, დასავლეთმა ხომ კარგად იცის, რომ ტერორისტების მხარდამჭერები არა ვართ და არც ატომურ იარაღს ვავრცელებთ, რატომ უნდა ველოდოთ მისგან ნეგატიურ დამოკიდებულებასო. პერსპექტივაში ჩატაევთან დაკავშირებული კითხვები აუცილებლად მძიმე შედეგს მოუტანს ხელისუფლებას და სწორედ დასავლეთისგან.

"უიღურები საქართველოსთან ახლოს ცხოვრობენ, არ გამოვრიცხავ, კავშირში იყვნენ ჩატაევის საქართველოში შემოყვანასთან"

ბადრი ნაჭყებია, ექსპერტი: - შესაძლებელია ჩატაევი არალეგალურად თურქეთიდანაც შემოვიდა.

- ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ტერორისტი თურქ მესაზღვრეებსაც გამოეპარათ?

- სანამ ქვეყანაში საერთაშორისო ტერორისტი არ შემოვიდა, ვინმემ მიაქცია ყურადღება ინფორმაციას, რომ თურქეთიდან საქართველოში და პირიქით, არალეგალები საბარგულით, ჩემოდნებით თუ საზღვაო ეკვატორიის გამოყენებით გადაჰყავთ? არც ის დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი 70-მილიონიანი სახელმწიფოა, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი "ისლამური სახელმწიფოსა" და რადიკალური ძალების მიმართ სიმპათიით არის განწყობილი. პირადად ჩემთვის ამას ერთი ფაქტი მოწმობს: არაბების შემდეგ, მეორე ეთნიკური ჯგუფი, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოს" თანაუგრძნობს, უიღურები არიან. ისინი თურქეთის ტერიტორიაზე, საქართველოსთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობენ, ამიტომ არ გამოვრიცხავ, ისინი კავშირშიც იყვნენ ჩატაევისა და მისი მხლებლების საქართველოში შემოყვანასთან. საზღვარზე შემოსული თითოეული მანქანის გაჩხრეკა შეუძლებელია, მაგრამ ტერორისტული ჯგუფის გადაადგილებაზე ოპერატიული ინფორმაცია უნდა არსებობდეს. ერთადერთი გამოსავალი გვაქვს - დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და არა მხოლოდ ტექნიკური ბაზით, არამედ ინსტრუქტორებითაც დახმარება, რათა შევისწავლოთ საზღვრის მონიტორინგი როგორც საბაჟოზე, ისე საზღვაო აკვატორიაშიც. რუსეთიდან მრავალრიცხოვანი ჯგუფი ირიცხებოდა "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში, დიდია ალბათობა, რომ მათ სამშობლოში დაბრუნება სწორედ საქართველოს გამოყენებით სცადონ. სწორედ ამიტომ აუცილებელია დასავლეთთან და მათ შორის, თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობა - დღეს არც თურქეთს და არც რუსეთს არ აძლევს ხელს""ისლამური სახელმწიფოს" წევრების უკან დაბრუნება, რადგან არავინ იცის, ეს მომავალში რა ნაყოფს გამოიღებს. ახლა ტერორისტები გაყუჩდებიან და როდესაც სასიცოცხლო უჯრედებს აღიდგენენ, ახალი ტერორისტული ტალღით შეუტიონ მსოფლიოს.

რუსუდან შელია