"იქნებ იმ არაბულ კლუბებში ქართველებს იმიტომაც არ უშვებენ, რომ იქ აკრძალული და რადიკალური თემები განიხილება?!" - კვირის პალიტრა

"იქნებ იმ არაბულ კლუბებში ქართველებს იმიტომაც არ უშვებენ, რომ იქ აკრძალული და რადიკალური თემები განიხილება?!"

"საქართველო ეთნიკური და რელიგური ბალანსის დარღვევევის საფრთხის წინაშე დგას"

სხვადასხვა ქვეყანაში ტერორიზმის სხვადასხვა დონე და კატეგორია არსებობს, საქართველო მეოთხე კატეგორიის საფრთხის ქვეყნებში შედის. ჩვენში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რამდენად მოსალოდნელია, რომ ჩვენში საფრთხის დონე გაიზარდოს?

ბადრი ნაჭყებია, ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში:

- სამწუხაროდ, ვერაფერს გამოვრიცხავთ. საფრანგეთის ექსპრემიერმა მანუელ ვალსმა პარიზის ტერაქტების შემდეგ განაცხადა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ტერორიზმთან თანაცხოვრებაო. სამწუხაროდ, ეს დღევანდელი მსოფლიოს რეალობაა. საბოლოოდ, სირიის კრიზისმა, არასწორმა მიგრაციულმა პოლიტიკამ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ისლამური ჯგუფების ევროპელ საზოგადოებასთან შეუმდგარმა ინტეგრაციამ და ამისგან მომავალი საფრთხეების შეუფასებლობამ მოგვცა ის ვითარება, რაც გვაქვს. ჩვენ ძალიან რთულ პერიოდში შევდივართ. ბევრი ექსპერტი უკვე არ გამორიცხავს, რომ შექმნილი ვითარება დაპირისპირების ახალ ფორმებში გადაიზარდოს. არსებობს საფრთხე, რომ ევროპულ სახელმწიფოებში ხელისუფლებაში მასობრივად მოვიდნენ მემარჯვენეები. თუმცა ასევე მიდის ამ კრიზისიდან თავის დაღწევის გზების ძიებაც. მეორე მხრივ, ევროპის ქვეყნები დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგანან. მათი მოსახლეობა მცირდება. ამ ეტაპზე ევროპას სხვადასხვა პროფესიის 22 მლნ სამუშაო ხელი სჭირდება და შევსებას სწორედ იმ საზოგადოებისგან ელის, რომლის ინტეგრაციაც ახალ დასავლურ საზოგადოებაში, ფაქტობრივად, არ ხდება. თუ ეს პრობლემა არ გადაწყდა, შეიძლება, მივიღოთ საპირისპირო პროცესები და "ბრეივიკის სინდრომმა" დიდი მასშტაბი მიიღოს.

- რამდენად ყურადსაღები შეიძლება იყოს ის მუქარის შემცველი განცხადებები, რაც სპეცოპერაციის შემდეგ გავრცელდა?

- ნებისმიერი რამ, რაც ტერორიზმს უკავშირდება, ყურადსაღები უნდა იყოს ჩვენი სპეცსამსახურებისთვის. ვიმეორებ, დღეს 2-3-კაციანი თვითორგანიზებული ჯგუფები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება იქცნენ ტერორისტებად.

ასევე დიდ პრობლემას ვხედავ სხვაგანაც - ეს არის ქვეყანაში რელიგიური ბალანსის დარღვევის საფრთხე, რაც შეიძლება მოჰყვეს ძალიან რთულ დემოგრაფიულ ვითარებას ქვეყანაში. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით პროგნოზები ძალიან სახიფათოა. ეთნიკურად ქართველების კლების დინამიკა ასე თუ გაგრძელდა, მაშინ უდიდესი პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ.

ძალიან მაწუხებს ისიც, თუ რამდენად კონტროლდებიან საქართველოში შემოსული მიგრანტები. დიდ და ძლიერ ქვეყნებსაც უჭირთ ამის გაკონტროლება, ჩვენ რა შეგვიძლია, არ ვიცი... ვფიქრობ, განსაკუთრებით მჭიდრო თანამშრომლობა გვმართებს აშშ-ის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან. მე, როგორც მკვლევარი, დავდივარ და ვაანალიზებ, თუ რა ხდება აღმაშენებლის გამზირზე არსებულ რესტორნებსა და კლუბებში, სადაც, ძირითადად, ვხედავ უსაქმურ, უმუშევარ მიგრანტებს, რომლებიც პატარ-პატარა ჯგუფებად არიან შეკრული. ამბობენ, რომ საფრანგეთში 200-მდე არალეგალური მეჩეთია, სადაც რადიკალურ ისლამს ქადაგებენ. რა ხდება ჩვენთან ამ მხრივ, ვინმე აკონტროლებს?!

როცა ისლამის ამდენი მიმდევარი გაჩნდა თბილისში, თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან მორწმუნე ხალხია, ჩნდება კითხვა, სად იკრიბებიან ეს ჯგუფები და ვინ და რას ქადაგებს?! იქნებ იმ არაბულ კლუბებში ქართველებს იმიტომაც არ უშვებენ, რომ იქ აკრძალული და რადიკალური თემები განიხილება?! (იხილეთ სრულად)