"ეს რომ ორი ქვეყნის მოლაპარაკებაა, ამას ყველა ხვდება!" - როგორ ეხმაურებიან სააკაშვილის დაკავებას საქართველოში? - კვირის პალიტრა

"ეს რომ ორი ქვეყნის მოლაპარაკებაა, ამას ყველა ხვდება!" - როგორ ეხმაურებიან სააკაშვილის დაკავებას საქართველოში?

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში ოპოზიციურ ფლანგზე იბრძოდა და ხელისუფლების შეცვლას აპირებდა, 5 დეკემბერს, დილით, კიევში დააკავეს.

ჩვენში სააკაშვილისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, მის დაკავებას დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელებში უკვე მოჰყვა. მომხდარზე კომენტარი ვთხოვეთ მომღერალ ბუბა კიკაბიძეს და მხატვარ ნიკუშა შენგელაიას.

ბუბა კიკაბიძე:

- რასაც ვუყურებ, უკრაინის ყველა კანონი დარღვეულია, კაცო, აქ არ არის ლაპარაკი მიშას თანადგომაზე, კანონზე... ასე ადვილად არ დამთავრდება ეს ამბავი! უკრაინაში კანონის დარღვევა ჩვეულბრივი რამ გახდა! ამ ცოტა ხნის წინ ჩემი მეგობრის შვილიც გამოაძევეს. იქ კანონს აღარავინ უყურებს, ჩვენებიც რომ იმათ ეთამაშებიან, ამაში, დავიჯერო თქვენ ეჭვი გეპარებათ?! ეს რომ ორი ქვეყნის მოლაპარაკებაა, ამას ყველა ხვდება!

- თქვენი აზრით, სააკაშვილს საქართველოს გადმოსცემენ?

- მგონია, რომ ვერ გადმოსცემენ! არსებობს წესები! მე ადვოკატი და იურისტი არ ვარ, მაგრამ რაღაც კანონები მეც ვიცი! სახუმარო არ არის ეს საქმე!

ჩემი აზრით,  შეიძლება პოლონეთში გააძევონ, რადგან იქედან ჩავიდა უკრაინაში ვითომ საზღვარის დაარღვიეთ... დაველოდოთ მოვლენებს, რა მოხდება! არა მგონია, დღეს ვინმე გულგრილად უყურებდეს იმას, რაც ხდება!

ნიკუშა შენგელაია:

- ვაა, არც ვიცოდი რომ დააკავეს, თქვენგან გავიგე... აბსოლუტურად არ მაინტერესებს მიხეილ სააკაშვილი. ახლა იქ იქნებიან მხარდამჭერები შეკრებილი, საწყალი უკრაინელები, ახლა იმათ ატყუებს.

თუ ადამიანები კიდევ ვერ ხვდებიან მიხეილ სააკაშვილი რამდენს იტყუება, ეს იმათი პრობლემაა.

თუ დააკავეს, ალბათ ღირსიც იყო! კარგად ვიცი ვინც არის, რისი მკადრებელია და რა ხრიკებით მოქმედებს! მისი ხრიკები საქართველომ არაერთხელ გაიარა... მე იმაზე ვდარდობ საქართველოს და ჩვენს შვილებს რა ელის ხვალ და არა იმაზე, სააკაშვილი ციხეში საქართველოში იქნება, უკრაინაში თუ იმის იქით...

არსებობს მოსაზრება, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ შესაძლოა აქ სერიოზული პოლიტიკური პროცესები გამოიწვიოს, რაზეც პოეტმა დათო მაღრაძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა: მე საკააშვილის მაშინ არ მეშინოდა, როცა ხელსიუფლების ზენიტში იყო და ახალ მით უმეტეს არ მესმის, მისი რატომ უნდა ეშინოდეს ვინმეს... შემირცხვენია ის საქართველო, სადაც სააკაშვილის შეეშინდებათ, პატიმრობაში თუ კარიერის ზენიტში... (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: ერთი ვერსიით, პრემიერმა გროისმანმა ჩვენი ხელისუფლების პირველ პირებთან სააკაშვილის დაკავების დეტალებიც კი შეათანხმა

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად სატისთვის)