"გრძელდება თამაში, რომ ლაჩარი სააკაშვილისგან გმირი შექმნან"
გრძელდება თამაში, რომ ლაჩარი სააკაშვილისგან გმირი შექმნან, - ასე ეხმაურება დეპუტატი ემზარ კვიციანი კიევში მიმდინარე პროცესებს.
კვიციანის თქმით, "მიხეილ სააკაშვილი ეფ-ეს-ბე-ს თანამშრომელია".
"როგორ გადაკვეთა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი, ეს ყველას კარგად ახსოვს. როგორი თამაშიც იყო მაშინ, დღესაც ისეთი თამაშია და ეს პროცესი გრძელდება. თამაში გრძელდება, რომ ლაჩარი სააკაშვილისგან გმირი შექმნან. როგორ გამოუვათ, ეს სხვა მომენტია. თუ შეძლებენ, რომ გმირი გახადონ, უკრაინას დაღუპავენ, დაშლიან და მიწასთან გაასწორებენ. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილი ფე-ეს-ბე-ს თანამშრომელია. სააკაშვილს 10-მეტრში თვითმფრინავის გაფრენის შეეშინდა, მიწაზე იფორთხიალა და როგორ ფიქრობთ, როცა სახურავები სნაიპერებით არის სავსე, სახურავიდან გადმოიხედავდა?! ფე-ეს-ბე-ს მისი მოშორება რომ სურდეს, ხუთ წუთში მოიშორებდა. ეს ყველაფერი არის თამაში უკრაინის გასანადგურებლად. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ფე-ეს-ბე-ში მის გენერლებს რა აქვთ გათვალისწინებული, მისი ცხოვრება რა მიმართულებით წაიყვანონ. ის თავის თავს არ ეკუთვნის, ის ფე-ეს-ბე-მ შექმნა და იქ იყენებენ, სადაც სჭირდებათ", - განუცხადა ჟურნალისტებს ემზარ კვიციანმა.
"ინტერპრესნიუსი"