"სამართალდამცავებს ვუთხარი, თუ მომეკარებოდნენ, ყველანი ერთად დავგორდებოდით სახურავიდან, რადგან დამრეცი იყო, ამასობაში ვაგროვებდით ხალხს" - კვირის პალიტრა

"სამართალდამცავებს ვუთხარი, თუ მომეკარებოდნენ, ყველანი ერთად დავგორდებოდით სახურავიდან, რადგან დამრეცი იყო, ამასობაში ვაგროვებდით ხალხს"

მიხეილ სააკაშვილი უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადახტომას აპირებდა.

როგორც სააკაშვილმა "რუსთავი2"-თან საუბრისას განაცხადა, მან უბრალოდ სამართალდამცველებს განუმარტა, რომ თუ მას წინააღმდეგობას გაუწევდნენ, სახურავიდან დაგორდებოდნენ. სააკაშვილის განცხადებით, სახურავზე ასვლა იმ მიზნით გადაწყვიტა, რომ მხარდამჭერთა მობილიზება მოეხდინა.

"ვიცოდი, რაც მოხდებოდა. მობილიზებული მყავდა პრესსამსახური, დაცვის 15 თანამშრომელი, კარები დამაგრებული გვქონდა, მაგრამ ჩვენ გვჭირდებოდა დამატებითი დრო, რომ მოგვეხდინა ხალხის მობილიზება. ამიტომ გადავედი სახლის სახურავზე, სამართალდამცავებს ვუთხარი, რომ თუ მომეკარებოდნენ, ყველანი ერთად დავგორდებოდით სახურავიდან, რადგან სახურავი დამრეცი იყო, თან წვიმდა და სრიალებდა. ამასობაში ვაგროვებდით ხალხს, რადგან ჩაგვიხშეს ტელეფონები და მაიდანზე შევძახე ხალხს, საიდანაც უამრავი ადამიანი გამოგვეხმაურა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ბრალდებები, რომელიც უკრაინის პროკურატურას მის წინააღმდეგ აქვს წაყენებული, აბსურდულია, აუდიო ჩანაწერები კი - გაყალბებულია.

„ბრალდებები, რომელიც წამიყენეს, იმდენად იდიოტურია, რომ კომენტარიც ზედმეტია. დამემუქრენენ, რომ თუ არ გავჩერდებოდი, "ეს-ბე-უ" შექმნიდა კომპრომატს. სამწუთიანი აუდიოჩანაწერის შექმნას არაფერი სჭირდება. წინა კვირას განვაცხადე, რომ ჩემი სხვადასხვა სატელეფონო ჩანაწერებიდან აწყობდნენ ერთ ჩანაწერს, მაგრამ უკრაინაში ამას არავინ ჭამს, რადგან არავინ ენდობა ამ ორგანოებს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ამ ფარჩაკებს ეგონათ, რომ ადვილად დაგვამარცხებდნენ, მაგრამ მე არ ვარ პირუტყვი, რომ ხელფეხშეკრული ჩავბარდე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ სამართალდამცველებსაც და უკრაინის ხელისუფლების დრო წასულია. "მენდეთ, უკრაინის ხელისუფლების დრო წასულია. ბორკილებს ვუნახავ პოროშენკოს. სამართალდამცავები, რომლებიც ჩემს სახლში შემოვიდნენ, მათი ნაწილი ძალიან კარგად იყო განწყობილი ჩვენს მიმართ. ერთი-ორმა ჩუმად მითხრა, რომ ჩვენი აქტივისტები არიან, "ეს-ბე-უშნიკები", რომლებთან ერთადაც ავტომობილში ვიყავი, 7-დან 3 ნამდვილად ჩვენს მხარეს იყო და 2 გაურკვევლობაში. დარწმუნებული ვარ, ხელბორკილებს ამათ წინააღმდეგ სიამოვნებით გამოიყენებენ "ეს-ბე-უშნიკები". ხელბორკილები მომხსნეს სამართალდამცავებმა და მაინც და მაინც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ ჩემი გათავისუფლების დროს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"