"კარვიდან ჩემ გათრევას აპირებდნენ, მაგრამ კარავი შეეშალათ" - შტურმი სააკაშვილის კარვების ქალაქზე - კვირის პალიტრა

"კარვიდან ჩემ გათრევას აპირებდნენ, მაგრამ კარავი შეეშალათ" - შტურმი სააკაშვილის კარვების ქალაქზე

უკრაინელმა სამართალდამცველებმა გამთენიისას, დაახლოებით 06:00 სათზე, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კარვების ქალაქზე შტურმი მიიტანეს.

სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების დაშლა რამდენჯერმე სცადეს. ამ დროისთვის რადას შენობასთან სიმშვიდეა.

აქციის მონაწილეები ადგილზე საბურავებისგან ბარიკადებს აგებენ.

"მივმართავ პოროშენკოს: რაში გჭირდებათ ეს პროვოკაციები? ნუ ესხმით ადამიანებს თავს და ნუ აიძულებთ თავი დაიცვან! ეს მშვიდობიანი აქციაა! ნუთუ გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ!?" - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე. მანამდე მან განაცახდა, რომ სამართალდამცავები კარვიდან მის გათრევას აპირებდნენ: კარავი შეეშალათ და თავს გვერდით გაშლილ კარავს დაესხნენ. "ისინი თავს დაესხნენ მძინარე აქტივისტებს და ხალხი სასტიკად სცემეს",- დაწერა სოციალურ ქსელში სააკაშვილი.

სააკაშვილის მხარდამჭერები მოსახლეობას რადასთან მისვლისკენ მოუწოდებენ.

მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, განმუხტოს ვითარება, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰედერ ნაუერტმა გამართულ ბრიფინზე "ამერიკის ხმის" შეკითხვას, თუ როგორ აღიქვამს კიევში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აქვს თუ არა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გახმაურებულ ბრალდებებს შესაძლო პოლიტიკური მოტივაცია.

"თვალს ვადევნებთ იმას, რაც კიევში მოხდა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს უკრაინის მთავრობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმებით. მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, განმუხტოს ვითარება. ვნახეთ, რა ხდებოდა ქუჩაში და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილოს ძალადობა, მისდიოს კანონის უზენაესობას და საერთაშორისო ვალდებულებებს. საქმის დეტალებს ვერ განვიხილავთ. ამაზე შეგიძლიათ უკრაინის მთავრობას ესაუბროთ. მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, პატივი სცეს კანონის უზენაესობას. ეს სხვა მთავრობებისთვისაც ბევრჯერ გვითქვამს, როდესაც ვინმეს აკავებდნენ. აუცილებელია, პროცესი შეესაბამებოდეს ქვეყნის კანონსა და დებულებებს და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰედერ ნაუერტმა.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზეა დაბარებული. მისთვის მიცემული 24-საათიანი ვადა, დღეს დილით იწურება.