"სააკაშვილი პოროშენკოს პრეზიდენტობის "მესაფლავე?!" - რას წერს მსოფლიოს წამყვანი მედია მიხეილ სააკაშვილზე? - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი პოროშენკოს პრეზიდენტობის "მესაფლავე?!" - რას წერს მსოფლიოს წამყვანი მედია მიხეილ სააკაშვილზე?

უცხოური მედიასაშუალებები ეხმაურებიან ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. რუსული და დასავლური მედია ბოლო 2 დღეა აქტიურად აშუქებს კიევში მიმდინარე მოვლენებს.

«The New York Times» (აშშ)

ამერიკული გამოცემა აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "საქართველოს ყოფილი ლიდერი უკრაინის უშიშროების აგენტების წინააღმდეგ... სახლის სახურავზე".

"საქართველოს ექსპრეზიდენტი, რომელმაც რუსეთთან კატასტროფული ომი გადაიტანა, რომელიც ოდესის ოლქში კორუფციას ებრძოდა, დღეს უკრაინის პრეზიდენტს, თავის ყოფილ მეგობარ-მოკავშირეს უპირისპირდება", - წერს ენდრიუ ჰიგინსი და ვრცლად გადმოსცემს კიევში 5 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მცდელობის ფაქტს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

სტატიაში ვრცლადაა აღწერილი უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცნაზის შეჭრა მიხეილ სააკაშვილის ბინაში, ექს-გუბერნატორის ასვლა სახურავზე და იქიდან პეტრო პოროშენკოს კრიტიკა, მისი დაკავება-გათავისუფლება... გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს მიერ ვერხოვნა რადაში გაჟღერებული ბრალდებები, უკრაინელ და რუს პოლიტიკოსთა კომენტარები და სხვა ფაქტები.

"უკრაინელი პოლიტიკოსები ერთმანეთს ხშირად აბრალებენ კრემლთან კავშირებს, მიუხედავად იმისა, მართალაც არიან თუ არა რუსეთის "აგენტები". ის რაც იური ლუცენკომ მიხეილ სააკაშვილს დააბრალა (ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვასთან თანამშრომლობა), პირდაპირაა მიმართული საქართველოს ექსპრეზიდენტის დისკრედიტაციასთან, რომელიც რუსეთის მიმართ უკომპრომისობას იჩენს. 5 დეკემბერის მოვლენებმა აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილის მტრობა თავის ყოფილ მეგობართან და მოკავშირესთან პეტრო პოროშენკოთან სახიფათო ფაზაში გადავიდა. გარდა ამისა, ეს ფაქტი მოწემობს, თუ როგორი საკვირველი საბედისწერო მოვლენა მოხდეს საქართველოს ყოფილი ლიდერის ხმაურიან კარიერაში, რომელსაც არც თავისი პირველი სამშობლოს და არც მეორეს მოქალაქეობა არ აქვს და რომელიც ლტოლვილის როლში გამოდის", ნათქვამია სტატიაში. (წყარო)

«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი)

"მიხეილ სააკაშვილის დაკავება და შემდეგ მოულოდნელი გათავისუფლება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა იმ პოლიტიკოსის უცნაურ ბიოგრაფიაში, რომელსაც ოდესღაც დიდ რეფორმისტად თვლიდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს არის მორიგი ეპიზოდი საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის მიმდინარე სულ უფრო მძაფრ და მწვავე დაპირისპირებაში", - ნათქვამია ბრიტანულ The Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - შონ უოლკერი).

"პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან იცნობდა. მან საქართველოს ექსპრეზიდენტი 2015 წელს უკრაინის სამხრეთში მდებარე ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა იმ იმედით, რომ ენერგიული რეფორმატორი ოლქს გარდაქმნიდა. მაგრამ 2016 წლის დასასრულს მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორობიდან გადადგა და თავისი მეგობარი პეტრო პოროშენკო რეფორმების შენელებაში დაადანაშაულა. იგი ოპოზიციაში გადავიდა და საკუთარი პოლიტიკური პარტია შექმნა. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ყოფილ ქართველ კოლეგას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა...

თავის მხრივ, კრიტიკოსები აცხადებენ, რომ პეტრო პოროშენკოს მმართველობის სტილი არაფრით განსხვავდება მისი წინამორბედისაგან: ოლიგარქები კვლავ გავლენითა და შეღავათებით სარგებლობენ, აუცილებელი ცვლილებები ეკონომიკასა და საზოგადოებაში კი აგვიანებს. უკრაინის დასავლელი მოკავშირეები მოთმინებას კარგავენ რეფორმების დაბალი ტემპის გამო. ნიღბიანი სპეცაგენტების ფოტოსურათებმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს მიათრევენ, საეჭვოა, რომ რეფორმისტ პეტრო პოროშენკოს მიმართ ნდობა განამტკიცოს. თუმცაღა, რა დასამალია და ქართველ მიხეილ სააკაშვილსაც საკმაოდ ნეგატიური რეპუტაცია აქვს საერთაშორისო საზოგადოებაში, მისი იმპულსურ-ფეთქებადი ხასიათის გამო". (წყარო)

«Le Figaro» (საფრანგეთი)

"საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინაში პოლიციელებმა დააკავეს, მომხრეებმა კი გაათავისუფლეს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გამოცემა.

"მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი აპატრიდი გახდა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შედეგად, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსათვის პირადი პოლიტიკური მეტოქე გახდა", - წერს ფრანგული გაზეთის მიმომხილველი იზაბელ ლასერი.

"ქარიზმატული მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტი, 5 დეკემბერრს, სამშაბათს კიევში უსაფრთხოების სპეცსამსახურის ნიღბიანმა აგენტებმა დააპატიმრეს. იმ დროს, როცა ათობით შეიარაღებულმა პოლიციელმა მისი სახლის მისადგომები გადაკეტა, როცა ბინაში შეიჭრნენ და ჩხრეკა დაიწყეს, მიხეილ სააკაშვილმა იდროვა და სწრაფად ავიდა სახლის სახურავზე. მას ჰქონდა შესაძლებლობა სიურეალისტური ფოტოსურათებიც კი გადაეღო და რეალურ დროში კონვეიერულ რეჟიმში გაავრცელა "ფეისბუკქის" საკუთარ გვერდზე. საბოლოო ჯამში იგი მაინც დააკავეს, სახურავიდან ჩამოიყვანეს და პოლიციის ფურგონში ჩასვეს... მაგრამ რად გინდა - სანამ პოლიციას სახურავზე ამძვრალი პრეზიდენტყოფილი დაბლა ჩამოჰყავდა, ქუჩა მისი მხარდამჭერებით გაივსო, რომლებმაც პოლიციის ავტომობილი ჯერ დაბლოკეს, შემდეგ კი დააზიანეს - საბურავები დაუჭრეს, ადგილიდან დაძვრა რომ არ შეძლებოდა.

ოფიციალურად მიხეილ სააკაშვილი "სისხლის სამართლის საქმის" გამო იდევნება, მაგრამ ხელისუფლებას, უპირველესად, მისი თავიდან მოშორება სურს - ოპოზიციონერისა, რომლის პოპულარობა ცალკეულ წრეებში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსათვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. სხვათა შორის, უკრაინის მეთაურის რეიტინგი უკვე რამდენიმე თეეა განუხრელად ეცემა.

"მე მინდოდა პრემიერ-მინისტრი ვყოფილიყავი, - განუცხადა მან Le Figaro-ს ჟურნალისტს ინტერვიუში 3 დეკემბერს, კვირა საღამოს, - ეს ქვეყანა ოლიგარქებს მძევლად ჰყავთ აყვანილი. უკრაინის რეფორმირება ძალიან რთული ამოცანაა. შესაძლოა, ეს მისია შეუსრულებელია, მაგრამ ეს ჩემი მისიაა". (წყარო)

«Le Monde» (საფრანგეთი)

"უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილი დააკავა, ხალხმა კი გაათავისუფლა /საქართველოს ექსპრეზიდენტმა უკრაინის ხელისუფლება საშინლად დაამცირა"

"უკრაინის ხელისუფლებამ საშინელი დამცირება განიცადა: მისი მცდელობა დაეპატიმრებინა ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ოპოზიციონერი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მარცხით დასრულდა. უკვე მერამდენედ დადასტურდა ის ჭეშმარიტება, რომ უკრაინის სახელმწიფო სუსტი და უსუსურია, - აღნიშნულია სტატიაში (ავტორი - ბენუა ვიტკინი).

უკრაინის ხელისუფლების პირველი შეცდომა იმააში გამოიხატება, რომ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს მიხეილ სააკაშვილი კიევის საცხოვრებელ ბინაში დაეპატიმრებინათ "დღის შუქზე", რამაც საშუალება მისცა ასობით ადამიანს შემთხვევის ადგილზე მისულიყვნენ და კამერით გადაეღოთ მიმდინარე ამბები. მეორე შეცდომა ისაა, რომ პოლიციამ შესაძლებლობა მისცა ექს-გუბერნატორის მომხრეებს ავტოფურგონი ალყაში მოექციათ. ფურგონმა მხოლოდ რამდენიმე მეტრი გაიარა, შემდეგ კი გაჩერდა...

სიურეალისტური შეტაკების შედეგად, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა შეძლეს მისი ფურგონიდან გამოყვანა. შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ხელში მეგაფონი აიღო და განაცხადა, რომ მზადაა თავი უკრაინას შესწიროს. მიტინგი ვერხოვნა რადასთან გაგრძელდა.

ოპოზიციონერის დაპატიმრების ესოდენ უბადრუკი მცდელობა არა მარტო გამოუსწორებელ ზიანს აყენებს უკრაინის ხელისუფლების იმიჯს, არამედ მის ციებ-ცხელებური მდგომარეობის დემონსტრირებასაც ახდენს. გარდა ამისა, ისმება კითხვა - რამდენად არღვევს ხელისუფლება კანონის უზენაესობის პრინციპს და ძალოვან სტრუქტურებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს". (წყარო)

«Deutsche Welle» (გერმანია)

"მიხეილ სააკაშვილის საქმე" - პეტრო პოროშენკოს დასასრულის დასაწყისი?"

"მიხეილ სააკაშვილის ბინის ჩხრეკვა, მისი საჩვენებელი დაკავება სპეცნაზის მიერ, წაყენებული ბრალდებები და არაორდინარული გათავისუფლების ფაქტი უფრო მეტ კითხვებს ტოვებს, ვიდრე პასუხებს. ერთი მხრივ, საქართველოს ექსპრეზიდენტს ორგანიზებულ დანაშაულებების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, მეორე მხრივ - მისი დანაშაული ჯერ კიდევ დამტკიცებული არ არის. მიხეილ სააკაშვილის ნეიტრალიზების მცდელობით პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მისი გუნდი, პირველ რიგში, ზიანს საკუთარ თავს აყენებს", - წერს Deutsche Welle-ს პოლიტიკური მიმომხილველი სერგეი რუდენკო კომენტარში.

შეეძლო თუ არა მიხეილ სააკაშვილს ფულის აღება ვიქტორ იანუკოვიჩის თანამოზრესაგან - რუსეთში მყოფ "მლადოოლიგარქისაგან", როგორც სერგეი კურჩენკოს უწოდებენ, აქციების გამართვის მიზნით? რა თქმა უნდა, ამის აბსოლუტურად გამორიცხვა არ შეიძლება. მიხო ოლიგარქი არ არის, ბოლო დროს არსად არ მუშაობს (ოფიციალურად), აქციების ჩატარებას კი ფული ჭირდება. არა უნდა გამოვრიცხოთ ისიც, რომ სერგეი კურჩენკო დაინტერესებულია უკრაინაში საკუთარი ბიზნეს-ინტერესების შესანარჩუნებლად. აქედან გამომდინარე, შეეძლო მას ფული მიეცა მიხოსათვის რევულუციის მოსახდენად.

მაგრამ განა არ შეეძლო "მლადოოლიგარქს" ეს საკითხი პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებასთან მოეგვარებინა? თავის დროზე სწორედ ასე გააკეთა ვიქტოს იანუკოვიჩის თანამოზარე სხვა ოლიგარქებმა - რინატ ახმეტოვმა, ბორის კოლესნიკოვმა, იური ბოიკომ... ასე რომ, ამ ისტორიაში ყველაზე მთავარი კითხვა: რაში დაჭირდა სერგეი კურჩენკოს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შესაძლოა რევოლუციის შედეგადაც კი ვერ შესულიყო პარლამენტში, რომ არაფერი ვთქვათ მის პრეზიდენტობის ალბათობაზე? რა გარანტიები შეიძლებოდა მიეცა მიხეილ სააკაშვილს ოლიგაქრისათვის? არავითარი. ერთადერთიო მეტ-ნაკლებად გასაგები ახსნა: სერგეი კურჩენკოს მეშვეობით რუსეთი უკრაინაში პროტესტების აგორებას გეგმავდა. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ სერგეი კურჩენკოს მოქმედების ლოგიკა გასაგებია, თუმცა ვიმეორებ, ეს ყველაფერი სასამართლოში უნდა გაირკვეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მიხეილ სააკაშვილთან დამოკიდებულებაში პეტრო პოროშენკო თავისი წინამორბედის შეცდომას იმეორებს - როგორც ვიქტორ იანუკოვიჩი მოექცა იულია ტიმოშენკოს.

პეტრო ალექსეევიჩს თავის ნაბიჯებით საკუთარი თავი სულ უფრო ღრმად შეჰყავს ჩიხში.

აშკარაა, უკრაინის ხელისუფლების ბრძოლა მიხეილ სააკაშვილთან საქართველოს ექსპრეზიდენტის დაპატიმრებით ან მისი ექსტრადირებით არ დასრულდება. ოფიციალური კიევი მცდელობით, უნდოდა მას თუ არა, მიხეილ სააკაშვილი ისეთ ოპოზიციურ პოლიტიკოსად იქცა, რომელიც პირობითი "ბირთვული რეაქტორიდან" "ბირთვულ ბომბად" გადაიქცა.

პეტრო პოროშენკოს გარემოცვა თავდაპირველად იმედოვნებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს რეფორმების ვიტრინა იქნებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა - სხვა ვიტრინა გამოიკვეთა: უკრაინის პრეზიდენტის არაშორსმხედველი, კორუმპირებული და მტაცებლური ხელისუფლება.

დიდი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის "მესაფლავედ" იქცეს. საქართველოს ყოფილმა მეთაურმა იცის (ისე, როგორ არავინ!), თუ როგორ მუშაობს უკრაინის სახელმწიფო მანქანა. უფრო მეტი - პროკურატურის ბრალდებები მის პარტიას აქტიურობისაკენ უბიძგებს. საქმე მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოქმედებას კი არ ეხება, არამედ საერთაშორისო არენაზეც, უპირველესად კი აშშ-ში. ამერიკა გაკვირვებით ადევნებს თვალს, თუ როგორ ებრძვის პეტრო პოროშენკო ვაშინგტონის მიერ მოწონებულ ანტიკორუფციულ ბიუროს... მოკლედ, "ბირთვული იარაღი" გააქტიურების ფაზაში გადადის. გაურკვეველი ისაა, რა შედეგს მოიტანს მისი აფეთქება.

კითხვაზე, იქნება თუ არა უკრაინაში მესამე მაიდანი, შეიძლება ასე ვუპასუხოთ: საეჭვოა, რომ უკრაინელები მასობრივად გამოვიდნენ ქუჩაში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. ამასთან, როცა მიხეილ სააკაშვილს ებრძვის, ხელისუფლება "ცეცხლს ეთამაშება": გენპროკურატურამ ბრალდებები უნდა დაამტკიცოს. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მიხეილ სააკაშვილის, არამედ თვით პეტრო პოროშენკოს ბედიც. (წყარო)

«The Washington Post» (აშშ)

"უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას შეეცადნენ, იგი კი სახურავზე აძვრა და იქიდან ემოციური სიტყვით გამოვიდა"

"უკრაინის უშიშროების სამსახურის ნიღბიანი თანამშრომლები 5 დეკემბერს, დილით, საქართველოს ექსპრეზიდენტის დასაპატიმრებლად მივიდნენ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა მათი დავთრები აურია - გეგმები ისე ვერ შესრულდა, როგორც უშიშროებას სურდა.

კიეველები საოცარი ფაქტის მხილველები აღმოჩნდნენ: შენობის სახურავზე მიხეილ სააკაშვილი იდგა, პეტრო პოროშენკოს ხმამაღლა აკრიტიკებდა და მოსახლეობას დასახმარებლად მოუხმობდა. შემდეგ სახურავზე სპეცსაზმელები გამოჩნდნენ: მათ მიხეილ სააკაშვილს ხელი მოჰკიდეს, ნელ-ნელა დაბლა ჩამოიყვანეს - სახურავი ნარჩენი თოვლისაგან მოლიპული იყო - და პოლიციის ავტომანქანაში ჩასვეს, თუმცა მხარდამჭერებმა ფურგონის მინა ჩაამსხვრიეს და იგი გამოიყვანეს. უნდა გენახათ მისი გახარებული სახე და მაღლა აწეული ბორკილებიანი ხელები... იგი ხუთი წლის წინ წამოვიდა საქართველოდან, როცა პრეზიდენტობის ვადა დაასრულა, მერე კი უკრაინაში, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიწვევით, როგორც რეფორმატორი. პეტრო პოროშენკო მისთვის ჯერ მეგობარი და მოკავშირე იყო, შემდეგ კი მტერი და მეტოქე გახდა, განსაკუთრებით მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო.

კიევში 5 დეკემბერს მომხდარი ამბები პეტრო პოროშენკოსა და მიხეილ სააკაშვილს შორის მიმდინარე დაპირისპირების მკვეთრ ესკალაციას წარმოადგენს, იმავდროულად კი მოწმობს ქართველის მიერ დემონტრირებულ ოსტატობას პოლიტიკური თეატრში". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ