"დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული" - ადვოკატს სააკაშვილთან არ უშვებენ? - კვირის პალიტრა

"დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული" - ადვოკატს სააკაშვილთან არ უშვებენ?

უკრაინელი სამართალდამცველების მიერ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ გაავრცელა. მოგვიანებით ეს ფაქტი უკრაინის "ახალი ძალების მოძრაობის" პრესმდივანმა მარიანა პოჩტარმა დაადასტურა. მისი ინფორმაციით, ამჟამად სამართალდამცველები კარვების ქალაქზე შეტევას ახორციელებენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს, მისი ადვოკატი მივიდა. როგორც მან გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" განუცხადა, მას მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ.

როგორც "ფეისბუკის" პირად გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო წერს, სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

"ძებნის შესახებ დადგენილების მიხედვით, ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს სააკაშვილის ადგილმდებარეობა კიევში, ოტრადნოის ქუჩაზე და დააკავეს. დაკავებული მოთავსებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში. იგეგმება საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლოსთვის მიმართვა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად. დაპირებისამებრ, ძალოვანებმა ყველაფერი გააკეთეს, ძალისმიერი ქმედებებისა და სისხლის თავიდან ასაცილებლად", - აცხადებს ლუცენკო.

ამასთან, "ახალი ძალების მოძრაობის" ცნობით, უსაფრთხოების სამსახურთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები იკრიბებიან.

"ინტერპრესნიუსი"