"ფულისადმი სიხარბის გამო ჩაიდინა ამორალური საქციელი" - რა ბრალდებით დააკავეს სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"ფულისადმი სიხარბის გამო ჩაიდინა ამორალური საქციელი" - რა ბრალდებით დააკავეს სააკაშვილი?

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ ღამით, კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მიხეილ სააკაშვილს 72 საათის განმავლობაში აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ.

როგორც ოდეისის ექსგუბერნატორის ერთ-ერთი ადვოკატი პაველ ბოგომაზოვი აცხადებს, სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. როგორც "კურიერის" ეთერში ადვოკატმა განმარტა, სააკაშვილი მის დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნის.

ადვოკატის ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტებს დაცვის მხარეს ამ დრომდე არ აძლევენ. თუმცა, მათთვის ცნობილია, რომ სააკაშვილს ბრალს დანაშაულის ხელშეწყობისთვის წაუყენებენ. ბოგომაზოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ორშაბათს ჩატარდება.

"ორშაბათს ალბათ იქნება სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე. მანამდე ალბათ იზოლატორში დარჩება. ხვალაც შევეცდებით მას შევხვდეთ. სულ 10 წუთით ვნახე ის დღეს. საათნახევარში სხვა ადვოკატები გამოვლენ და უფრო დეტალურად ისინი ისაუბრებენ", - აღნიშნა პაველ ბოგომაზოვმა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ზორიან შკირიაკის განცხადებით, უკრაინის სამართალდამცველების მიერ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია გენერალური პროკურატურის დავალებით, სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

"დაკავება მოხდა მშვიდ პირობებში. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების დეტალებს გამომძიებლის თანხმობის შემთხვევაში, გენერალური პროკურატურა გაავრცელებს" - ამბობს შკირიაკი. ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სააკაშვილი შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახლში აიყვანეს. "ეს არ არის სიმართლე" - განუცხადა "რუსთავი 2"-ს მრჩეველმა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა ფულისადმი სიხარბის გამო ჩაიდინა ამორალური საქციელი, როდესაც უკრაინის ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის ოლიგარქ კურჩენკოსგან აიღო თანხა, რომელიც რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხისგანაა მოპარული.

როგორც შკირიაკი ამბობს, უშუალოდ ის პირი - დანგაძე, რომელიც იღებდა ამ ფულს, დაკავებულია. "სააკაშვილს ეს ფული პირადად არ აუღია, შესაბამისად, მას სხვა მუხლი აქვს წაყენებული და გენპროკურორმაც საქვეყნოდ განაცხადა, რომ მისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებისას გაცილებით მსუბუქ მუხლს მოითხოვს", - განაცხადა შკირიაკმა.

კითხვაზე, ხომ არ ხდება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორება პოლიტიკური პროცესებიდან, რომ ის არ დაუშვან 10 დეკემბრისთვის დაანონსებულ მიტინგზე, შკირიაკმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი უკრაინაში ნულს უდრის და მისი პიროვნება დაშვებულია კარლსონის პერსონაჟამდე.