"სააკაშვილი მე არ "ჩამიშვია" - რას ამბობს ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი? - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი მე არ "ჩამიშვია" - რას ამბობს ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი?

ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი იური პოკინბოროდა, რომლის სახლშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, აცხადებს, რომ გარკვეულ პირებს უნდათ ის სააკაშვილის დაპატიმრებაში დაადანაშაულონ.

"მე არ "ჩამიშვია", - ამბობს იური პოკინბოროდა.

ამის შესახებ ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის იური პოკინბოროდას ვიდეომიმართვაშია ნათქვამი. უკრაინული გამოცემა "hromadske.ua"-ს ინფორმაციით, ვიდეომიმართვაში პოკინბოროდა სააკაშვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს.

ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ გარკვეულ პირებს უნდათ ყურადღება გადაიტანონ მასზე და არა იმათზე, ვინც რეალურად მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცველებს სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ. პოკინბოროდა შიშობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

"მე ჩავატარებ საკუთარ გამოძიებას და თუ მე რამე მომივიდა, ესე იგი სწორ კვალზე გავედი. ახლა მე თავისუფლებაზე დავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ იმედი აქვთ, ვინმე მომიშორებს, მიშას დაკავების გამო სამაგიეროს გადახდის მიზნით", - აღნიშნა პოკინბოროდმა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ სააკაშვილის დაკავევბასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

პოკინბოროდას სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

"კანონის თანახმად, მე მიხეილ სააკაშვილთან ერთად უნდა წავეყვანე წინასწარი დაკავების იზოლატორში, მაგრამ მე არ დამაკავეს. ჩაატარეს ჩხრეკა, გადმომცეს ოქმი ნივთების ამოღების შესახებ, რომელიც ჩემი ბინიდან ამოიღეს, მაგრამ არ დამაკავეს", - განაცხადა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

"ინტერპრესნიუსი"