"გამაგრდით... უშიშრად გამოდით" - რისკენ მოუწოდებს დაკავებული სააკაშვილი მხარდამჭერებს? - კვირის პალიტრა

"გამაგრდით... უშიშრად გამოდით" - რისკენ მოუწოდებს დაკავებული სააკაშვილი მხარდამჭერებს?

უკრაინაში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებსა და უკრაინელებს მიმართავს. სააკაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც ის უკრაინელებს კვირას დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

"ძვირფასო თანამებრძოლებო, ძვირფასო უკრაინელებო. ბარიგების ხელისუფლებამ მე დამაკავა აბსურდული ბრალდებებით. ამით მათ უნდათ დაგაშინონ თქვენ. არ შეგეშინდეთ არაფრის, უშიშრად გამოდით კვირას დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე "იმპიჩმენტისთვის". ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისგან და თვითნებობისგან. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. გამაგრდით!", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

"ინტერპრესნიუსი"