"ცუდად გრძნობდა თავს, წნევამ აუწია" - როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

"ცუდად გრძნობდა თავს, წნევამ აუწია" - როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ვინაიდან ამ საქმეს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს წნევამ აუწია, თუმცა დახმარება იზოლატორის ექიმმა აღმოუჩინა და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ჩვენ ინფორმაცია მხოლოდ გენპროკურატურის განცხადებებიდან გვაქვს. როგორც დაცვის მხარეს ჩვენ ჯერ არ მიგვიღია ოფიციალური შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ასევე უცნობია სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. ჩვენ მხოლოდ ეჭვმიტანილობის შესახებ შეტყობინების ასლი და დაკავების ოქმის ასლი გვაქვს. მე ასევე დავაფიქსირე გუშინ ხუთი დარღვევა, რომელიც დაკავებისას მოხდა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით შიდაპატიმრობის მოთხოვნა სურს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ოფიციალურად არაფერი მიგვიღია ბრალდების მხარისგან.

დღეს მიხეილ სააკაშვილი არ მინახავს. შაბათ-კვირას აკრძალულია შეხვედრები. მე ის გუშინ ვნახე, 22:45 საათზე და მასთან 02:04 საათამდე ვიყავი. მე პირველი ვიყავი, ვინც მასთან მივიდა დაკავების შემდეგ. ის ცუდად გრძნობდა თავს. გაციებული იყო. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გუშინ სტრესი ჰქონდა. მასთან იყო ექიმი, იზოლატორის თანამშრომელი და მიიღო სამედიცინო მომსახურება. საგამოძიებო მოქმედებების დასასრულს მიხეილ სააკაშვილს წნევამ აუწია. ის აცხადებდა, რომ ეს პოლიტიკური დევნაა. სააკაშვილი არ იცნობს კურჩენკოს და მასთან არასოდეს უსაუბრია ტელეფონით.

მიხეილ სააკაშვილს დაკავების შემდეგ გამოძიებასთან არ უთანამშრომლია და გამომძიებლების კითხვებისთვის პასუხი არ გაუცია. პირადად მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ვინაიდან ამ საქმეს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სააკაშვილის ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი"