ახლო აღმოსავლეთის "ტრამპიადა" - კვირის პალიტრა

ახლო აღმოსავლეთის "ტრამპიადა"

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "კვირის პალიტრას" ექსპერტები ესაუბრნენ.

როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ?!

გიორგი სანიკიძე, ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი: - ძნელია მოვლენების პროგნოზირება ისეთ რეგიონში, როგორიც ახლო აღმოსავლეთია. ერთადერთი, რაც მოსალოდნელი იყო, პალესტინელთა შურისძიება გახლდათ და პროცესი დაიწყო კიდეც. ცხადია, ტრამპის მოქმედებამ ე.წ. პალესტინის პრობლემა, რომელიც უკვე 70 წელია ვერ მოგვარდა, უფრო გააღვივა - შეიძლება ითქვას, რომ ტრამპმა ცეცხლზე ნავთი დაასხა. შეგახსენებთ, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს უწოდებდნენ მანამ, სანამ უფრო ცხელი წერტილები არ გაჩნდა.

- როგორ შეაფასებთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების რეაქციას?

- ირანის პოზიცია გასაგებია - მას ყოველთვის ისრაელის საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდა. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის - თურქეთისა და საუდის არაბეთის პოზიცია. მოგეხსენებათ, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა უკვე განაცხადა, რომ ტრამპი რეგიონს ახალ ცეცხლში ხვევს. ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმაა იმისა, რაც ბოლო დროს ისედაც აშკარაა. ვგულისხმობ თურქეთის დამოკიდებულებას დასავლეთისა და აშშ-ისადმი. გვახსოვს ერდოღანის მკაცრი განცხადებაც, რომ ე.წ. წითელი ხაზების გადაკვეთას არ შეურიგდება. ეს მიანიშნებს, რომ თურქეთის პოლიტიკა ერდოღანის მმართველობის პერიოდში ახლო აღმოსავლეთისკენ შემოტრიალდა. თუ ადრე თურქეთს სეკულარიზმისკენ მიმართული პოლიტიკა ჰქონდა (რელიგიასა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან ყოფდა), იყო ნატოს წევრი (ჯერჯერობით ისევ არის) და მისი უპირობო მოკავშირე, ახლა თითქოს გაააქტიურა იდეა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და თურქული სამყაროს გაერთიანებას გულისხმობს. ამგვარად, ინტენსიური ურთიერთობები აქვს იმ ქვეყნებთან, რომლებიც დასავლეთისთვის მაინცდამაინც მისაღები არ არის. თვალში საცემია მისი მჭიდრო ურთიერთობა ირანთან, საერთო ენის გამოძებნის მცდელობა რუსეთთან და სირიაში საკუთარი ინტერესების გატარების სურვილი. თურქეთის პოლიტიკა გარკვეულწილად შეიცვალა, მაგრამ მაინც არსებობს წინა პირობა, რომელიც გვაიმედებს, რომ დასავლეთის ორბიტას ვერ მოსწყდება და მის მოკავშირედ დარჩება. მართალია, თურქეთის მხრიდან ნატოს დატოვების მუქარაც გაისმა, მაგრამ არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს - როცა სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური კავშირები არსებობს, მისი დარღვევა მარტივი არ არის. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის პოზიცია, რადგან ის საქართველოს მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია.

რაც შეეხება საუდის არაბეთს, ის უჭერს მხარს პალესტინელთა ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, თუმცა კულუარულად მყარი კავშირი აქვს ისრაელთან. ის აშშ-ის უპირობო მოკავშირეა და ამით ძალიან საინტერესო ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში. აღსანიშნავია, რომ არაბული სამყარო, და საზოგადოდ, ისლამური სამყარო, პალესტინელთა ბრძოლას სახელმწიფოებრიობის შესაქმნელად მხარს უჭერს, მაგრამ უფრო მეტაწდ საკუთარ ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს ანიჭებენ პრიორიტეტს, რაც ზოგჯერ სულაც არ შეესაბამება პალესტინელთა ინტერესებს. მაგალითად, საუდის არაბეთის მთავარი იდეა არ არის რელიგიური მოწყობის ექსპორტი რეგიონში, მისი მიზანია, რეგიონში მთავარი პოლიტიკური ლიდერი იყოს. ამ შემთხვევაში საუდის არაბეთის მთავარი მოწინააღმდეგე არის ირანი, მათ შორის არის რელიგიური შეუთავსებლობაც (შიიტებისა და სუნიტების დაპირისპირება), მაგრამ მთავარი მაინც ჰეგემონობისთვის ბრძოლაა რეგიონში. ფაქტობრივად, საუდის არაბეთსა და ირანს შორის მიმდინარეობს ბრძოლა სპარსეთის ყურისა და იემენის გასაკონტროლებლად. იმაზეც კი არის ლაპარაკი, რომ სპარსეთის ყურეს არაბული ყურე დაერქვას. აქვე ჩნდება კატარის პრობლემაც, რომელიც საუდის არაბეთის ნების უპირობო შემსრულებელი არ გამოდგა. დღეს შეცვლილია ვითარება და კატარი ბევრად ახლოს არის ირანთან და დაპირისპირებულია საუდის არაბეთთან.

- სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი თურქეთის პოზიცია და მისი კავშირები ზემოხსენებულ ქვეყნებთან. თუკი მოხდა ისე, რომ ის მოსწყდა დასავლურ ორბიტას და უარი თქვა აშშ-ის მოკავშირეობაზე, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში მოვლენების განვითარების სცენარი?

- ამის წარმოდგენაც კი არ მინდა... იმედია, ეს არასდროს მოხდება. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ნატოს ეგიდით არის შექმნილი. თურქეთის ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებში შედის ამ სისტემაში ყოფნა. მართალია, დაძაბულობა პიკს აღწევს, მაგრამ მაინც ძნელად სავარაუდოა, რომ თურქეთი გამოვიდეს ნატოს შემადგენლობიდან და რუსეთის უპირობო მოკავშირე გახდეს.

- თუ მაინც ასე მოხდა, რელიგიური დაპირისპირების ნიადაგზე ახალი მსოფლიო ომის დაწყება უნდა ვივარაუდოთ?

- გამორიცხული არაფერია, თუმცა ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რას გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ასე ძალიან გამწვავება.

- აშკარაა, რომ ევროკავშირი და ევროპის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის უკიდურესად გამწვავების გამო შეშფოთებას გამოხატავენ.

- დიახ, ასეა. ევროპას განსაკუთრებით აწუხებს თურქეთის პრობლემა, რომელიც თავისი პოლიტიკის კორექციას ახდენს.

- რა ელის ამ ვითარებაში საქართველოს? "ისრაელის სახლის" დამფუძნებელმა იციკ მოშემ ჩვენს ხელისუფლებას მოუწოდა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს.

- ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმა არ არის საჭირო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იერუსალიმი სამი რელიგიური მიმდინარეობის წმინდა ადგილია და მასზე საუბრისას ზომიერი პოზიცია უნდა გამოვხატოთ. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანას ახლო აღმოსავლეთში ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ყველა მეზობელთან - თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ირანთანაც, რომელიც საერთაშორისო მეგობრობის სისტემიდან თითქოს გარიყულია, ნორმალური დამოკიდებულება გვაქვს, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს საუდის არაბეთთანაც. ამდენად, ჩვენი პოზიცია ზომიერი უნდა იყოს.

"ჩემი აზრით, საყოველთაო ომი არ დაიწყება"

ვასილ კაჭარავა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი: - ტრამპმა შეასრულა ის, რასაც ამომრჩეველს დაჰპირდა - მისგან განსხვავებით, ამერიკის პრეზიდენტები კონგრესის მიერ 1995 წელს მიღებულ "იერუსალიმის საელჩოს აქტის" ამოქმედებას აყოვნებდნენ. რეალურად, ვინ მოქმედებდა სწორად, ამას მოვლენები აჩვენებს. დიდი ხანია, ამერიკის კონგრესი ამ იდეას მხარს უჭერს, დანარჩენი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული. თემა ძალიან სენსიტიურია და რა მოჰყვება ტრამპის გადაწყვეტილებას, ჯერ არ ვიცით. არ არის გამორიცხული, რომ ისრაელიც წავიდეს =დათმობაზე. ყოველ შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაცია Yთვლის, რომ შესაძლოა ამ გადაწყვეტილებამ უკეთესობისკენაც კი შეცვალოს სიტუაცია. არ გამოვრიცხავ, ქალაქის ორად გაყოფაზე შეთანხმდნენ. თუ შესაბამისი ისტორიული ვითარება შეიქმნა, ასეც მოხდება. ჩემი აზრით, საყოველთაო ომი არ დაიწყება.

ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების ისტორიული წინა პირობა და "მოკლული" სამშვიდობო პროცესი

გასულ კვირას დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადება მსოფლიოში ახალი ვნებათაღელვის საფუძველი გახდა.

ის აღმოჩნდა პირველი პრეზიდენტი ბოლო 22 წლის მანძილზე, რომელმაც 1995 წელს კონგრესის მიერ მიღებული "იერუსალიმის საელჩოს აქტის" ამოქმედება გაბედა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის, გაეროს გენერალური მდივნის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მხრიდან კონფლიქტის გამწვავებად შეფასდა.

ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომზადების თაობაზეც მისცა განკარგულება.

როგორც ცნობილია, 1948-1967 წლებში იერუსალიმი გაყოფილი იყო და ის 1967 წელს, ექვსდღიანი ომის შემდეგ გაერთიანდა. მას შემდეგ მის ადმინისტრირებას მხოლოდ ისრაელი ახორციელებს. თუმცა პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი წინა პირობაა, რომ აღმოსავლეთი იერუსალიმი გამოცხადდეს ამ სახელმწიფოს დედაქალაქად.

"ევროკავშირს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვს... ვფიქრობთ, ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი რეალისტური გზა არის ორი სახელმწიფოს ფორმულა", - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, რომელიც ტრამპის განცხადებას ხისტს უწოდებს.

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ლიდერი მაჰმუდ აბასი შეერთებული შტატების როლს მედიაციის პროცესში ამოწურულად მიიჩნევს. რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასიც" მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებს და ისრაელს "მრისხანების დღის" მოწყობით ემუქრება. სამშვიდობო პროცესის "მკვლელობაზე" საუბრობენ ახლო აღმოსავლეთის ისლამური ქვეყნების: თურქეთის, საუდის არაბეთის, ირანის, იორდანიის, ლიბანისა და კატარის ლიდერები, თუმცა პოლიტიკური შიდა დინებები ამ ქვეყნებში ბევრად ღრმა და მრავალფეროვანია...

ეკა ასათიანი