მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

პოლიტიკა საქართველოში ვაშლივითაა, სეზონი არა აქვს, სულ არის და არის. სექსზე ლაპარაკი ბოლო დროს გახდა მოდური. ეს ერთი თვეა, კინო "ამირანი" თბილისელ "გოგჩოებს" "სექსს დიდ ქალაქში" სთავაზობს, ხოლო, ვისაც ჩასვრილი პოლიტიკაც და სხვისი სექსის ყურებაც ყელში ამოუვიდა, შეუძლია ფეხბურთს ჩაუჯდეს და სხვისი წარმატებით გაიხაროს.

ფეხბურთი, პოლიტიკასა და სექსთან ერთად, ერთი თვე ჩვენი ცხოვრების მთავარი ნაწილი იქნება. ყველა ბარი, რესტორანი თუ ღამის კლუბი ცდილობს სხვადასხვა ნაკრების ფანკლუბები გახსნას. ეს ტენდენცია თბილისში რამდენიმე წელია, დამკვიდრდა და მეც რამდენიმე წელია, ვცდილობ, გავარკვიო, არის თუ არა მსოფლიოში სხვა ქვეყანა, სადაც ადამიანებს ასე შეუძლიათ სხვისი წარმატებით გაიხარონ და სხვისი სიხარულით იცხოვრონ? რა ვქნა, ყველასთან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ არასდროს მესმოდა იმ ადამიანების, ვინც ბრაზილიას, არგენტინას, გერმანიას, ინგლისს, ჰოლანდიას ან განას გულშემატკივრობენ.

კი, ბატონო, მომწონს ბრაზილიური ფეხბურთი, არგენტინულიც მომწონს, ბოლო დროს ესპანურიც მომივიდა თვალში, ჰოლანდიურსაც არა უშავს, მაგრამ გულშემატკივრობით მხოლოდ ერთ გუნდს ვგულშემატკივრობ - ბედკრულ საქართველოს ნაკრებს. მერე რა, რომ ის ჯერ სიხარულს ვერ მანიჭებს და ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს, განა ეს მაძლევს საფუძველს, ჩემი ქვეყნის ნაკრების წარმატების დაუსრულებელი მოლოდინი ბრაზილიის ადვილად მისაღწევი გამარჯვების სიხარულში გავცვალო? ამიტომ უნდა ჩავიცვა არგენტინის ან საფრანგეთის ნაკრების ფორმა და ხმის იოგები ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელი შეძახილებით დავიგლიჯო? არა, აზარტისთვის შეიძლება ვიღაცას უგულშემატკივრო, მას, ვისი ფეხბურთიც მოგწონს, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?

რატომ უნდა იყო იტალიის, გერმანიის ან ინგლისის ფანი? რატომ უნდა ჩაიცვა ამა თუ იმ ქვეყნის ნაკრების მაისური და ღრიალით ყველას ყურები გამოუჭედო? არ შეიძლება ინგლისს ინგლისელებმა უგულშემატკივრონ, საფრანგეთს - ფრანგებმა, იტალიას - იტალიელმა გოგოებმა. ყველგან ჩვენ რატომ უნდა ჩავეჩხიროთ? ტელევიზიებიც ხომ ტვინს წაიღებენ პირდაპირი ჩართვებით სხვადასხვა ფანკლუბიდან: თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ, როგორ შემოიგლიჯა მაისური იტალიის ნაკრების გულშემატკივარმა თაკომ, ხოლო ნატუკამ სახე დაიხოკა და რა ხდება ბრაზილიის ფანკლუბში?

ოჰ, აქ ქართველი ფანები ჩემპიონატზე არწაყვანილ რონალდინიოს და პატოს მისტირიან, მათი ცრემლები მტკვარს უერთდება. არგენტინის ფანკლუბში ყველა სიგარას ეწევა, მარადონას შეჰყვარებია ბოლო დროს. ახლა კი გადავინაცვლოთ საფრანგეთის ფანკლუბში, სადაც დომენეკის ლანძღვაში ფრანგ გულშემატკივრებს ქართველებმა პირველობა ჩამოართვეს და ზიდანის მოსაგონარს მატერაცის ფიტულით სვამენ. მოკლედ, ეს ერთი თვე არჩიეთ სხვისი პოლიტიკა, უყურეთ სხვის სექსს და იცხოვრეთ სხვისი ფეხბურთით.

გაბრაზდა!!!

მის უდიდებულესობა ბრაზს ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მიხეილ სააკაშვილს ხალხი უპირველესად იმიტომ გაჰყვა, რომ ის მაშინ ყველაზე გაბრაზებული ჩანდა. ოპოზიციურად განწყობილი ქართველი ამომრჩეველი ხმას იმას აძლევს, ვინც ყველაზე მეტად გაბრაზებულია, რადგან თავად უკვე დიდი ხანია ბრაზს შეუპყრია. მთავარი, რაც ალასანიას პოლიტიკაში მოსვლის Dდღიდან აკლდა, სწორედ ბრაზი იყო. გახსოვთ, ალბათ, როგორ ელოდა მის ჩამოსვლასა და პირველ განცხადებას ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც უკვე დიდი ხანია გაბრაზებულია.

ის პირველი განცხადებაც გეხსომებათ, რომელიც დიპლომატიური უფრო იყო, ვიდრე პოლიტიკური - აბსოლუტურად დაცლილი ბრაზისა და მკვეთრი, წერტილოვანი დარტყმებისგან. შეიძლება ოპოზიციური ამომრჩევლების ნაწილმა პირველი იმედგაცრუებაც მაშინ განიცადა. კარგი, ვაცალოთ ახალი ჩამოსულია, მიიხედ-მოიხედავს, ნახავს, რაც ხდება და აუცილებლად გაბრაზდებაო, მაგრამ ამაოდ. სააკაშვილმა და ხელისუფლებამ მისი გაბრაზება ვერაფრით მოახერხეს, ვერაფრით ამოაგდეს იგი დიპლომატიური ჩარჩოებიდან.

არადა, პოლიტიკაში ხშირად კაპიკია დიპლომატიური განცხადებების ფასი, ისეთი განცხადებებისა, რომლებზეც იტყვიან, არც წყალია და არც ღვინოო. პოლიტიკას კარგად დამიზნებული დარტყმები უყვარს. არ ვიცი, შეიძლება ალასანია ფიქრობდა, რომ საქართველოში გაბრაზებული ლიდერების დრო წავიდა და ახლა ახალი ყაიდის პოლიტიკოსების დროაო, მაგრამ არჩევნებზე არმისული ამომრჩევლების რაოდენობამ აჩვენა, რომ ასე არ არის. ასე მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც თავად ხალხი აღარ იქნება გაბრაზებული და იქნება, ვთქვათ, მხოლოდ უკმაყოფილო. ამასთან, ბრაზსაც გააჩნია:

რა თქმა უნდა, ალასანია ვერაფრით იქნება ისეთივე გაბრაზებული, როგორიც თავის დროზე სააკაშვილი იყო, ან ლევან გაჩეჩილაძე. რა თქმა უნდა, ის ვერასდროს იყვირებს: მიშა, მოვდივარო და ვერასდროს ესვრის ჩაქუჩს ცესკოს თანამშრომლებს. იგი სხვა ტიპის ლიდერია და სხვა ტიპის ლიდერზე მოთხოვნილება ქართველ ამომრჩევლებში მართლაც გაჩნდა (ეს ოპოზიციაში ალასანიას ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა დაადასტურა), მაგრამ არა ბრაზისგან დაცლილი ლიდერისა, იმიტომ, რომ თავად ამომრჩეველი ჯერ ისევ ბრაზით სავსეა.

ჰოდა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლეს ვერც სააკაშვილმა და ვერც უგულავამ, წინა კვირას მოახერხა ლევან გაჩეჩილაძემ - ალასანია გააბრაზა. მართალია, ჯობდა ეს უფრო ადრე მომხდარიყო და უპირველესად ალასანია ხელისუფლებაზე გაბრაზებულიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. კარგი იყო, წინა კვირას მათ შორის საჯარო დებატებიც რომ შედგა ("მაესტროს" ეთერში). ოპოზიციური ლიდერები აქამდე საჯარო დებატებს ერიდებოდნენ, ფსევდოერთად დგომის ილუზიას ქმნიდნენ. ცუდი ის იყო, რომ დებატების დასაწყისში ალასანიამ და გაჩეჩილაძემ ერთმანეთს ლამის ქურდულად გაურჩიეს საქმე. ალასანიამ, შენ ჩემთან ამის და ამის უფლება არა გაქვსო; გაჩეჩილაძემ, შენ იმის უფლება არა გაქვს, მე მიმითითო, რისი უფლება მაქვსო. ვიფიქრე, ცოტაც და ასეთი დიალოგის მომსწრე გავხდები-მეთქი:

- ბიჭო, ხელი ჩასწი!

- "ვოზდუხ ობში ბრატ!"

ჩვენთვის ისიც კარგია, რომ ასეთი რამ არ მოხდა.

დასასრულ, სამი ოქროს წესი დამწყები პოლიტიკოსებისთვის: 1) აუცილებლად უნდა იყო გაბრაზებული ხელისუფლებაზე; 2) შეგიძლია იყო ან არ იყო გაბრაზებული კონკურენტ ოპოზიციონერებზე (გააჩნია, როგორია შენი ტაქტიკა); 3) არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო გაბრაზებული ხალხსა და ჟურნალისტებზე, რაც უნდა უმადური მოგეჩვენოს პირველი და არაობიექტური - მეორე.

ისევ ალასანია

წინა კვირას გაირკვა, რომ ალასანია უგულავას შეხვდა. ცუდია ეს თუ კარგი? თავად შეხვედრაში, ბუნებრივია, ცუდი არაფერია. შეხვედრა ყველასთან შეიძლება და საქართველოში უნდა დამთავრდეს ადამიანების "კეთროვანიზაცია".

თუმცა, ცუდია, როდესაც ასეთი შეხვედრა "კადრს მიღმა" ხდება. კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ამ შეხვედრის შესახებ მოსახლეობა პოსტ ფაქტუმ ხელისუფლებისგან იგებს და არა შენგან და საერთოდ, გაუგებარია, როდესაც ამ შეხვედრის შესახებ შენი პოლიტიკური პარტნიორები სწორედ მაშინ იგებენ, როცა მოსახლეობა. როცა ალასანიას "მაესტროს" ეთერში ჰკითხეს, რატომ არ იცოდნენ "ალიანსის" სხვა ლიდერებმა, თქვენ რომ უგულავას ხვდებოდითო, ბატონმა ირაკლიმ უპასუხა: მე "ალიანსის" ლიდერი ვარ და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებო.

დიდი ბოდიში, მაგრამ რას ნიშნავს ლიდერი ვარ და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ? სააკაშვილს ჩვენ სწორედ ერთპიროვნულ მართვაში ვადანაშაულებთ, რომ იგი გადაწყვეტილებებს მხოლოდ სამ-ოთხ კაცთან, უახლოეს გარემოცვასთან ერთად იღებს და სხვისი აზრი არ აინტერესებს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, პარტნიორების ელემენტარული პატივისცემაა, მათი საქმის კურსში წინასწარ ჩაყენება.

წარმოიდგინეთ მდგომარეობის უხერხულობა, როდესაც შენი პოლიტიკური პარტნიორები შენი მნიშვნელოვანი ნაბიჯის ამბავს ჟურნალისტებისგან იგებენ. ალბათ, ვერავინ იტყვის, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ხელისუფლების ერთ-ერთ ლიდერთან შეხვედრა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი არაა, მით უმეტეს - საქართველოში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას ლამის ქვეყნის მტრად ჰყავს გამოცხადებული.

აბსოლუტურად მესმის სალომე ზურაბიშვილის, რომელმაც ალასანია ამ ნაბიჯის გამო საჯაროდ გააკრიტიკა. თუ ალასანიამ საჭიროდ არ მიიჩნია მისი, როგორც "ალიანსის" წევრის წინასწარ საქმის კურსში ჩაყენება, არც ზურაბიშვილი იყო ვალდებული, საყვედური პრივატულ საუბრებში ეთქვა. ასევე მესმის "რესპუბლიკელების", რომლებიც შეფასებისგან თავს იკავებენ.

არ მესმის "ახლების", რომლებმაც ალასანიას გამართლება სცადეს. ალასანიას იმდენი უძახეს, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება უჭირსო, ზოგჯერ მგონია, დააკომპლექსეს და ახლა მეორე უკიდურესობაში გადავარდა. მის მომხრეებს შეუძლიათ თავი იმით დაიმშვიდონ, რომ ის ჯერ ახალია პოლიტიკაში და საკმარისზე ბევრი დრო აქვს გამოცდილების შესაძენად. არჩევნები ხომ მინიმუმ ორი წელი აღარ იქნება?!