ადვოკატი: "მიხეილი საკანში მარტოა... შიმშილობა გამოაცხადა, წყალს სვამს" - კვირის პალიტრა

ადვოკატი: "მიხეილი საკანში მარტოა... შიმშილობა გამოაცხადა, წყალს სვამს"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფსიქოლოგიურად ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფება, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

"იქ არის მორიგე ექიმი, რომელიც ჩვენ გუშინ რამდენიმეჯერ გამოვიძახეთ. საერთო ჯამში მიხეილი თავს ნორმალურად გრძნობს, ფსიქოლოგიურად არ ტყდება. მან შიმშილობა გამოაცხადა, გუშინ ზედმეტად ინერვიულა, მაგრამ დღეს უკვე თავს უკეთ გრძნობდა. ორ საათზე ის დასასვენებლად წავიდა", - განაცხადა ადვოკატმა.

ჩერნოლუცკის თქმით, სააკაშვილი ნორმალურ პირობებში იმყოფება.

"მას იზოლატორში, ასე თუ ისე, ნორმალური პირობები შესთავაზეს. ის საკანში მარტოა. დღეს ჩვენ, ალბათ, ვერ შევალთ საკანში, მაგრამ ვცდილობთ ნივთები მაინც გადავცეთ", - აღნიშნა მან.

რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. "ჩვენ ვესაუბრეთ ექიმს, რომელმაც მიშას ეს სურვილი დაადასტურა. სააკაშვილი წყალს სვამს", - დასძინა ჩერნოლუცკიმ.

უკრაინის რადას დეპუტატებმა იური დერევიანკომ და პაველ ბოგომაზოვმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დროებითი დაკავების იზოლატორში ტანსაცმელი, მედიკამენტები, წიგნები, რვეულები და კალმები მიუტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NEWSONE ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

"ინტერპრესნიუსი"