"პოროშენკო სააკაშვილის მეშვეობით ტიმოშენკოს ჩაძირვას ცდილობს"
11-12-2017
"პოროშენკო სააკაშვილის მეშვეობით ტიმოშენკოს ჩაძირვას ცდილობს"
"თუ დამტკიცდა, რომ სააკაშვილის აქციებს ნამდვილად კურჩენკო აფინანსებდა, ეს ცალსახად ნიშნავს რუსეთთან კავშირს და ამ შემთხვევაში სააკაშვილს პოროშენკოსთან შეთანხმებაც ვერ უშველის"

უკრაინამ დონბასში რუსული არმიის 800 ტანკი და 2000 ჯავშანტრანსპორტიორი შეაჩერა და ერთი კაცის საზღვარზე შეჩერებას როგორმე მოახერხებდა, პოლიტიკური სურვილი რომ ყოფილიყო. 5 დეკემბერს სააკაშვილის დაკავება-გაშვებაც ამ გეგმის ნაწილია


სააკაშვილის პოლიტიკური საგა გრძელდება - უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, იური პოკინბოროდას სახლში დააკავეს. როგორც
მხარდამჭერები აცხადებენ, სააკაშვილს მაღალი სიცხე ჰქონდა, ამიტომ კიევის ცენტრში გაშლილი ე.წ. კარვების ქალაქიდან მისი გაყვანა და მკურნალობისთვის სახლში გადაყვანა აუცილებელი გახდა. არსებობს ვერსია, რომ მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს სწორედ მისმა"მასპინძელმა მიაწოდა. თუმცა მანამდე იყო გზა სახურავიდან სამართალდამცავების მანქანამდე - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების
რაზმმა "ალფამ" კიევში, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, სააკაშვილის დაპატიმრება ვერ მოახერხა. სპეცრაზმის წევრები კიევის ცენტრში, კოსტელნოის ქუჩის #7-ში, სადაც სააკაშვილი ცხოვრობს, დილის 9 საათისთვის გამოჩნდნენ. მათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბინის კარი შეამტვრიეს და ჩხრეკა დაიწყეს, თუმცა პარტია "რუხ ნოვიხ სილის" ლიდერმა სახურავზე ასვლა მოასწრო და მომხრეებს მობილიზაციისკენ მოუწოდა. წინააღმდეგობის მიუხედავად, 12 საათისთვის სპეცრაზმმა სააკაშვილი დააკავა, სახურავიდან ჩამოიყვანეს და მიკროავტობუსში ჩასვეს. ამის შემდეგ სააკაშვილის მომხრეებმა სპეციალური დანიშნულების რაზმის მიკროავტობუსები ალყაში მოაქციეს, ავტომანქანებს საბურავები დაუზიანეს, სტიქიური ალყის გარშემო კი ბარიკადები გაჩნდა.­ დღის სამ საათზე დაიწყო იერიში სპეც­რაზმის წინააღმდეგ, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებით დასრულდა - აქტივისტებმა, ცრემლსადენი გაზის გაშვების მიუხედავად, მიკროავტობუსის შუშები ჩაამტვრიეს და ლიდერის გამოხსნა მოახერხეს. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მომხრეებს მაშინვე მიმართა, უკრაინის გენერალურ პროკურორ ლუცენკოს - პროვოკატორი, ხოლო უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს ბანდიტი უწოდა. პარალელურად, უკრაინის გენპროკურორმა განაცხადა, რომ სააკაშვილის და მისი რამდენიმე აქტივისტის წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლით აღიძრა. ლუცენკომ წარმოადგინა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც, მისი მტკიცებით, სააკაშვილი მაიდანზე საპროტესტო აქციის დასაფინანსებლად "შავ" ფულს რუსეთში­ გაქცეულ უკრაინელ ოლიგარქს, "რეგიონების პარტიის" წევრ სერგეი კურჩენკოს სთხოვს. დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ მტკიცებულებების საფუძველზეა დაკავებული - ის უკრაინის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაშია ბრალდებული.

"პოროშენკომ ამოცანა დაისახა: სააკაშვილის დაბალი რეიტინგი როგორმე გაეზარდათ 3-4%-მდე სხვადასხვა სპექტაკლითა და შოუთი"


ჩვენ უკრაინაში მყოფ სოციოლოგ ირაკლი გოგავას დავუკავშირდით:

- უკრაინაში 2019 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შიდაპოლიტიკური გადაჯგუფებები და მზადება მიმდინარეობს, სააკაშვილი კი პოროშენკოს ტექნიკური ოპოზიციაა, ანუ არსებობს შეთანხმება მათ შორის. ე.წ. საზღვრის გარღვევაც ამ შეთანხმების ნაწილია. უკრაინამ დონბასში რუსული არმიის 800 ტანკი და 2000 ჯავშანტრანსპორტიორი შეაჩერა და ერთი კაცის საზღვარზე შეჩერებას როგორმე მოახერხებდა, პოლიტიკური სურვილი რომ ყოფილიყო. 5 დეკემბერს სააკაშვილის დაკავება-გაშვებაც ამ გეგმის ნაწილია.

- თუმცა ისიც ფაქტია, რომ დღეს პოროშენკოს მთავარ კონკურენტად სააკაშვილი­ მოიაზრება. თქვენი ვერსიით, რას იგებენ­ უკრაინის პრეზიდენტი ან თავად სააკაშვილი?­

- სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა, რადის დეპუტატმა ეგორ სობოლევმა განაცხადა, რომ სააკაშვილი პოროშენკოსთვის არის ტექნოლოგია, რომლითაც ხდება ანტიკორუფციული ბრძოლის,­ როგორც პოლიტიკური საკითხის დისკრედიტაცია. სააკაშვილის რეიტინგი­ უკრაინაში დაბალია და მხოლოდ 1,4 -1,6%-ს შეადგენს. სწორედ ამიტომ სააკაშვილის მიერ წამოწეული საკითხები­ ფართო­ მხარდაჭერას ვერ პოულობს. გარდა ამისა, კვლევებით, ტიმოშენკო პირველ ადგილზეა და სულ რამდენიმე პროცენტით­ უსწრებს პოროშენკოს. ამიტომ პოროშენკო ცდილობს სააკაშვილის მეშვეობით იულიას წაართვას 3-4% და ის ჩაძიროს. მარტივად რომ ვთქვათ, პოროშენკომ ასეთი ამოცანა დაისახა: სააკაშვილის დაბალი რეიტინგი როგორმე გაეზარდათ 3-4%-მდე სხვადასხვა სპექტაკლითა და შოუთი.

- ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილს პოროშენკო მალე გაათავისუფლებს?

- უკრაინის ხელისუფლებაში სხვადასხვა ძალაა, მათ შორის, ძალოვან სტრუქტურებშიც. პოროშენკო-სააკაშვილის შეთანხმება შესაძლოა არ იყოს ცნობილი ბევრისთვის უმაღლეს ეშელონებში და ისინი მონდომებით მუშაობენ სააკაშვილის მოსაცილებლად. 5 დეკემბრის დაკავება-გაშვების ვიდეოფირზე აშკარად ჩანს, რომ ერთი უწყების ძალოვანები მუშაობენ სააკაშვილის ზონდერების წინააღმდეგ, მეორე უწყების წარმომადგენლები კი უმოქმედოდ დგანან, რადგან შესაბამისი ბრძანება არ გაცემულა. რაც შეეხება უკრაინის პროკურატურის ბრალდებას, ჩანაწერები, რაც პროკურორმა ლუცენკომ წარმოადგინა, კერძოდ, სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს საუბარი, დანომრილი 500.000 დოლარის აღება სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ, სერიოზული ბრალდებაა.

სერგეი კურჩენკო უკრაინელი ოლიგარქია, ის იანუკოვიჩის უფროსი ვაჟის უახლოესი მეგობარი და ბიზნესპარტნიორია. კურჩენკო რამდენიმე წელიწადში სწორედ იანუკოვიჩის დახმარებით გახდა მილიარდერი, ევრომაიდნის შემდეგ იანუკოვიჩთან ერთად გაიქცა და დღეს მოსკოვშია. არც ის არის დასამალი, რომ იანუკოვიჩის, ყოფილი პრემიერ აზაროვის, კურჩენკოსა და სხვების ჯგუფები ცდილობენ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ უკრაინაში, რათა გაუჩნდეთ რევანშის საშუალება და დაბრუნდნენ უკრაინაში. მოსკოვი მათ ამაში ხელს შეუწყობს. თუ დამტკიცდა, რომ სააკაშვილის აქციებს ნამდვილად კურჩენკო აფინანსებდა, ეს ცალსახად ნიშნავს რუსეთთან კავშირს და ამ შემთხვევაში სააკაშვილს პოროშენკოსთან შეთანხმებაც ვერ უშველის.

- ამ სცენარის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ ისიც, რომ უკრაინის პროკურატურა სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალებას ედავება, ამ მუხლით ბრალდებული პირის სხვა ქვეყანაში ექსტრადირება შეუძლებელია.

- სააკაშვილს შინაპატიმრობას მიუსჯიან და ე.წ. სამაჯურს გაუკეთებენ, დაელოდებიან სანდო ექსპერტიზას სააკაშვილ-კურჩენკოს საუბრის შესახებ. თუ ექსპერტიზა იტყვის, რომ ნამდვილია, სააკაშვილის რეპუტაციის ნარჩენები საბოლოოდ დაიმსხვრევა.
რუსეთთან კავშირის დამტკიცების შემთხვევაში ნებისმიერი სცენარი იქნება მოსალოდნელი, მათ შორის, საქართველოში ექსტრადიციაც. ასეთ შემთხვევაში პოროშენკო ვერ დაიცავს სააკაშვილს და გაწირავს. სააკაშვილი დღეს უკრაინაში ზუსტად 2003 წლის სცენარით მოქმედებს.­ მან შემოიკრიბა 400-500 დაქირავებული სპორტსმენი, ძირითადად, დაცვის ფირმებიდან და სპორტული­ კლუბებიდან. თითოეულს დღეში 1000 გრივნას, ანუ ას ლარს უხდის. ერთდღიან აქციაში დაახლოებით 30.000 დოლარს ხარჯავს. ყველაზე მეტი მარშზე შეკრიბეს - 3000 კაცი, თუმცა იქ ტიმოშენკოს, ნალივაიჩ­ენკოსა და კიდევ რამდენიმე პარტიის აქტივიც მივიდა. მოკლედ, მისი პერსპექტივები იმაზეა დამოკიდებული, რას იტყვის ექსპერტიზა.

"არ არის გამორიცხული, სააკაშვილის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია პოკინბოროდას მიეწოდებინა"


რუსეთთან შესაძლო კავშირზე განსხვავებული მოსაზრება აქვს უკრაინელ ანალიტიკოს ვლადიმირ ბოიკოს:

- სააკაშვილი სწორედ იმ ადამიანის საცხოვრებელ სახლში დააკავეს, რომელიც რამდენიმე წლის წინ თავად დააწინაურა ლუგანსკის რაიონის პოლიციის უფროსად. არ არის გამორიცხული, სააკაშვილის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებისთვის სწორედ პენსიაზე გასულ იური პოკინბოროდას მიეწოდებინა. დაკავებამდე სააკაშვილი ორი დღის განმავლობაში მხარდამჭერებთან ერთად რადის წინ გაშლილ კარავში ცხოვრობდა. ქუჩაში სააკაშვილი ბევრად უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, რადგან უკრაინელი სამართალდამცავები იერიშს მოერიდებოდნენ, თუმცა სააკაშვილი ფუფუნებაში ცხოვრებასაა შეჩვეული, კარავში კი შხაპის მიღების შესაძლებლობაც არ ჰქონდა. საუბარი იმაზე, რომ ის ავად გახდა, დეზინფორმაციაა, ორი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს აქციაზე მის გამოსვლებს და არ ეტყობოდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. 11 დეკემბერს სასამართლო მიხეილ სააკაშვილს შიდაპატიმრობას მიუსჯის და ის ისევ შეძლებს ხუთოთახიან ფეშენებელურ ბინაში ცხოვრებას, რომელშიც თვეში 6.000 დოლარს იხდის, მაშინ როცა ოფიციალური შემოსავლები არა აქვს.

პოროშენკო ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილი უკრაინიდან მოიცილოს, საქართველოში მისი ექსტრადირება კი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ის საქართველოს ხელისუფლებასაც არ სჭირდება - მას შემდეგ, რაც სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს, შესაძლოა პოლონეთში ან ჰოლანდიაში გაასახლონ.

- არსებობს ვერსიაც, რომ სააკაშვილი და პოროშენკო შეთანხმებულად მოქმედებენ.

- ვფიქრობ, სააკაშვილი უკრაინაში­ ნდობადაკარგული პოროშენკოს წინააღ­მდეგ საპროტესტო მუხტის მობილიზებას­ ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა. სააკაშვილს სისტემური მუშაობა არ შეუძლია და ამბიციებს 100 მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოსვლით იკმაყოფილებს.
რაც შეეხება გამოძიებას, ვფიქრობ, უკრაინის პროკურატურამ აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდება შემოგვთავაზა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. ბოლოს და ბოლოს, კურჩენკო ხომ დღემდე პოროშენკოს ბიზნესპარტნიორია რუსეთში?! ამ ლოგიკით, მსგავსი ბრალდებები პროკურატურას პოროშენკოსთვისაც შეეძლო წაეყენებინა. არსებობს ფაქტები, რომ სააკაშვილმა ოდესიდან მილიონობით დოლარის მოპარვა მოახერხა. პროკურატურა აცხადებს, კურჩენკოსთან დაფინანსებაზე სააკაშვილი სკაიპით საუბრობდაო - ვერავის დააჯერებენ, რომ ასეთ სერიოზულ საკითხზე რომელიმე მათგანი სკაიპით საუბარს დათანხმდებოდა.

სააკაშვილისთვის გამოძიებას რეალური მტკიცებულებები რომ წარედგინა კორუფციული მაქინაციების შესახებ, საპასუხოდ სააკაშვილი აუცილებლად გაასაჯაროებდა უამრავ მტკიცებულებას პოროშენკოს წინააღმდეგ, რომელიც ასევე დიდ კორუფციაშია ჩართული.

ზაზა ბიბილაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:
- ჩვენ ოლიგარქიულ რეჟიმთან შეუპოვარ ბრძოლას ვაგრძელებთ - ვიწყებთ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას. საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებთ, დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრებები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. ნათელია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ოლიგარქები დევნიან. ჩვენი პარტია ყველანაირი სცენარისთვის მზად არის - თუ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ჩვენს ხელისუფლებას გადმოსცემს, ვაფრთხილებთ ივანიშვილს, მთელი ერი გამოვა და საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ავტორს, მიხეილ სააკაშვილს, გვერდით დაუდგება! არავის მივცემთ მისი რეპრესირების უფლებას. სააკაშვილთან ერთად, უნდა გათავისუფლდნენ ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, რომლებიც ასევე პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით