"იმდენი საქმე მაქვს, არ მინდა ვირტუალურ რაღაცებზე ლაპარაკი" - კვირის პალიტრა

"იმდენი საქმე მაქვს, არ მინდა ვირტუალურ რაღაცებზე ლაპარაკი"

"ტოტალიზატორში არ ვდებ ფსონებს და რაღა ამ საკითხზე დაგიდოთ"

ადგილობრივ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებამ ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთბრალდებები გაამძაფრა. ზოგი იმით იმშვიდებს თავს, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით რეპუტაცია გადაირჩინა, ზოგი კი იმით, რომ ამ არჩევნებმა ოპოზიციაში პირველი ადგილი არგუნა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანთან საუბარი არჩევნებით დავიწყეთ:

- ბატონო მიხეილ, ხშირად მესმის, გიგი უგულავამ, ფაქტობრივად, ვანო მერაბიშვილის ნაწინასწარმეტყველები პროცენტი მიიღო არჩევნებზეო.

- ძალიან კარგია, რომ  თბილისის მერობის ყველა კანდიდატს ჰქონდა საშუალება,  მოსახლეობასთან საკუთარი პოზიცია გამოეხატა. ვმუშაობდით, რომ მოსახლეობას კონკრეტული პროგრამებისთვის დაეჭირა მხარი და არა ლოზუნგებისთვის. კამპანიას თან სდევდა სოციოლოგიური კვლევებიც. ჩვენ მოსახლეობის პულსზე გვედო ხელი და ვიცოდით, რას დაუჭერდნენ მხარს და რას - არა.

- სოზარ სუბარმა 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებს კარგად შეფუთული ყველაზე ცუდი არჩევნები უწოდა.

- რატომღაც ოპოზიცია მიზეზებს ყოველთვის სხვაგან ეძებს და არა საკუთარ თავში.

- ირაკლი ალასანიამ აღიარა არჩევნების შედეგი და მოგილოცათ გამარჯვება.

- ამ არჩევნების პოზიტივი ის იყო, რომ მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა გამარჯვებულს მიულოცა. ასევე მოგვილოცეს ქრისტიან-დემოკრატებმა. შედგა გიგი უგულავას შეხვედრა გოგი თოფაძესთან. არ ვიცი, ეს მოსწონთ თუ არა მათ, ვისაც ჭექა-ქუხილი უნდათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, ქართველმა ამომრჩეველმა დაინახა, რომ მისი არჩევანი არ დაკარგულა.

ნაყოფი გამოიღო სიებზე ოთხთვიანმა მუშაობამ. საარჩევნო კოდექსზე მუშაობის გაგრძელებისათვის ხელისუფლება მზად არის. გვინდა, საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო უკეთესი იყოს ორგანიზებულობით, სიებითა და კამპანიით. ოპონენტებისაგან განსხვავებით, საზოგადოება ჩვენ მოგვთხოვს პასუხს იმაზე, თუ რა გავაკეთეთ თბილისისა და რეგიონებისთვის. ჩვენს ოპონენტებს კი ის პრიორიტეტი აქვთ, რომ მხოლოდ გაგვაკრიტიკებენ.

- კრიტიკა უკვე გაისმა ოპოზიციისაგან, რომელიც აღნიშნავს, რომ არჩევნების დასრულებისთანავე დაეცა ლარის კურსი, გაძვირდა საკვები პროდუქტი და წამლები, დაპირებული კეთილდღეობის ნაცვლად ხელისუფლებამ დამძიმებული რეალობა დაგვატეხა თავსო.

- ეკონომიკურ პროცესში  ხელოვნურად ჩარევა ძალიან რთულია. ჩვენ მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში ვართ ჩართული და ლარის კურსიც ამის შესაბამისად იცვლება.

რაც შეეხება წამლების გაძვირებას, სამწუხაროდ, ზოგიერთი ბიზნესმენი ცდილობს ლარის კურსის ცვლილება სათავისოდ გამოიყენოს. პირობითად გეტყვით, თუ  წამალი ერთ დოლარად აქვთ შემოტანილი (და მისი ღირებულება დღეს 1.88 ლარია), ბიზნესმენი ამ მაჩვენებელს 2 ლარამდე ზრდის და გაძვირებულ წამალს ყიდის. ამით ის თავს იზღვევს, დოლარი რომ გამყარდეს, არ წავაგოო.  ამით მეტ მოგებას ნახულობს და ყველაფერს ლარის კურსის ცვლილებას აბრალებს.

- სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტის პარალელურად ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა მედვედევ-სარკოზის გეგმა შეასრულა და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანა, რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, იქ ჯარი კანონიერად და ამ ქვეყნებთან დადებული ხელშეკრულების თანახმად დგასო.

- ლავროვის განცხადებას დავუპირისპირებდი საფრანგეთის მთავრობის განცხადებას. ევროპის ქვეყნების ნაწილი (ჩეხეთი, ლიტვა) ფიქრობს, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. საფრანგეთი, რუმინეთი და თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა ფიქრობს, რომ რუსეთს ეს შეთანხმება არ შეუსრულებია.

ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ჟენევის მოლაპარაკებებზე აშშ-ის ადმინისტრაციამ, - ხელშეკრულება არ სრულდება, ახალი მოლაპარაკება ცეცხლის განუახლებლობაზე აღარ უნდა იყოს, რადგან ეს წერია 12 აგვისტოს ხელშეკრულებაში და ქართული მხარე მას ასრულებსო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც, რომ უკრაინა არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

- ფრანგულ პრესასთან სააკაშვილმა მის შესაძლო გაპრემიერებაზეც ისაუბრა.

- ჩვენ ვლაპარაკობთ ახალ კონსტიტუციურ მოდელზე, რომელიც ოპოზიციის იდეა იყო და მას მხარდამჭერები "ნაციონალურ მოძრაობაშიც" ჰყავდა.

- გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს გაკეთდა 2013 წლის შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლებაში დატოვებისათვის.

- რას ჰქვია, გაკეთდა? კონსტიტუციაში კონკრეტულ გვარსა და სახელს ხომ არ წერს ვინმე? ჩემი აზრით, საკონსტიტუციო კომისიამ ძალიან საინტერესო მოდელი შექმნა.

- თუ ოპოზიციას დავუჯერებთ, ხელისუფლების სხვადასხვა წევრი პერიოდულად ემისრებს გზავნის კრემლში.

- ემისრებზე არაფერი ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ რუსეთთან მას შემდეგ დალაგდება ურთიერთობა, რაც ის ვალდებულებებს შეასრულებს.

- კულუარებში განიხილავენ კიდევ ერთ, სააკაშვილის უგულავათი ჩანაცვლების გეგმას.

- იმდენი საქმე მაქვს, არ მინდა ვირტუალურ რაღაცებზე ლაპარაკი. მთავარია, ქალაქში და სოფლად მოსახლეობას პრობლემები მოვუგვაროთ და მერე ვინმე ვინმეს კი არ ჩაანაცვლებს, არამედ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს. ვინ იქნება ეს, ამის პროგნოზირებისთვის არ გამოგადგებით. ახლა ჩემპიონატია და ტოტალიზატორებში არ ვდებ ფსონებს, რაღა ამ საკითხზე დაგიდოთ?

- ბარემ ისიც მითხარით, რომელ გუნდს გულშემატკივრობთ?

- ესპანეთს. ტრადიციულად ჩემპიონატის მატჩებს ძველ მეგობრებთან ერთად ვუყურებ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფეხბურთის ყურებისას ლუდს და ვერანაირ ალკოჰოლს ვერ ვსვამ. ჩემი მეგობრები ლუდს შეექცევიან, მე კი წყალს.