"ოპოზიციამ ხელისუფლებას ჯაგრისით ჩამორეცხა ტალახი" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციამ ხელისუფლებას ჯაგრისით ჩამორეცხა ტალახი"

"ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლებას მინიმუმ ერთი წელი აჩუქა. როგორც ჩანს, ისინი დიდად არც ჩქარობენ ხელისუფლების შეცვლას", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ.

- ადგილობრივი არჩევნებისგან რაღაც განსაკუთრებულს ელოდა ოპოზიციისა და საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც ირწმუნა ოპოზიციის დაპირებისა, რომ არჩევნები გარდატეხას მოახდენდა და დაიწყებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟი. მოლოდინის გაცრუებამ საზოგადოების ნაწილში  ნიჰილიზმი გამოიწვია. ჩემთვის მოულოდნელი არჩევნების შედეგი კი არა, შედეგზე ოპოზიციის სასწრაფო გამოხმაურება იყო. რატომ იჩქარა ჩვენმა ოპოზიციამ ეგზიტპოლის გამოცხადებისთანავე გამოვარდნა და ხელისუფლებისათვის მილოცვა?

გვახსოვს განცხადებებიც, თუ ვერ გავიმარჯვებთ, ვიმოქმედებთო. მილოცვამ და განცხადებამ, ეს დემოკრატიისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯიაო, ძალიან ცუდი სამსახური გაუწია ოპოზიციას და ძალიან კარგი - ხელისუფლებას. ამ განცხადებით ოპოზიციამ ხელისუფლებას ჯაგრისით ჩამორეცხა ტალახის ნაწილი.

მოვისმინე "ოპოზიციის უალტერნატივო" ლიდერის მეორე გამოსვლაც, სადაც ამბობს,  წინასაარჩევნო გარემო კატასტროფული იყო, არჩევნებიც დიდი დარღვევებით ჩატარდაო. როგორ მოვიქცეთ, ლუწ დღეებში დავუჯეროთ და კენტებში - არა? ოპოზიცია ბედნიერია იმით, რომ მერის არჩევნებში მეორე და საქართველოს მასშტაბით მესამე ადგილი დაიკავა. რა უხარიათ, კარგად ვერ გავიგე...

"ნაციონალურ მოძრაობასავით" ამბობენ, უალტერნატივოები ვართო. ლაპარაკობენ 2012 წლის არჩევნებზე, საპრეზიდენტო არჩევნები კი მათი დღის წესრიგიდან მოიხსნა. თითქოს მარტო მე ვიყავი 9 აპრილის აქციებზე, რომლის მოთხოვნა სააკაშვილის გადადგომა იყო. მიჯნა მართლაც გაივლო იმ ძალებს შორის, ვინც  ეგუება ხელისუფლებას და ვინც ბრძოლას აპირებს.

- დემოკრატიულად შეფასებული არჩევნების შემდეგ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა მიიღო. გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს "კარგად ჩატარებული" ადგილობრივი  არჩევნების დამსახურებაა.

- არ მიმაჩნია, რომ საფრანგეთში ვიზიტი დიდი გარღვევაა. სააკაშვილი ისევ იზოლირებულია. დაგვანახონ კონკრეტული შედეგი, რაც ამ ვიზიტს მოჰყვა. შვეულმფრენების ყიდვა არ უნდა იყოს ასეთი რანგის ვიზიტის შედეგი. არასოდეს მინახავს, ოფიციალური ვიზიტის დროს პრეზიდენტებს ერთობლივად არ გაეკეთებინოთ პრესკონფერენცია, სააკაშვილმა კი მარტომ გამართა  ბრიფინგი.

- ფრანგულ პრესასთან მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერმინისტრობაზეც კი უფიქრია. საკონსტიტუციო ცვლილებები მისი სურვილის ასრულებას ხომ არ ემსახურებოდა?

- სააკაშვილი 2013 წელს არსად წასვლას არ აპირებს. მე თქვენთვისაც მითქვამს, რომ სააკაშვილი შეცვლიდა კონსტიტუციას.

ხელისუფლებას საპარლამენტო მოდელი დემოკრატიულობის გამო კი არ შემოაქვს, არამედ იმისათვის, რომ თავსატეხი არ გაუჩნდეს პირდაპირ არჩეული პრეზიდენტობისათვის. ამ კონსტიტუციურ მოდელში პრეზიდენტის უფლებამოსილება მინიმალურია, არც პარლამენტის უფლებამოსილებაა დიდად გაზრდილი, მაგრამ ნახეთ, რამდენად შეუზღუდავი უფლებები აქვს პრემიერ-მინისტრს. ვაცხადებ, ეს არ გაუვათ.

- თქვენი მეუღლე აცხადებს, რომ ხელისუფლება ემისრებს გზავნის კრემლში. ვინ არის დაინტერესებული კრემლთან ურთიერთობით?

- კრემლისაგან მხარდაჭერის მოპოვება ყველაფრის სანაცვლოდ უნდათ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვინ ჩააბარა, ვინ გაუხსნა ხელები მათი აღიარებისთვის რუსეთს? დიახ, ცდილობენ მოლაპარაკებას რუსეთთან, ამიტომაც არ ააქტიურებენ საზოგადოებისათვის მტკივნეულ ამ თემებს.

ამის ნაცვლად ხალხს ეტყვიან, ხვალ ევროკავშირში შევდივართ და ევროპასთან უვიზო რეჟიმი უნდა გვქონდესო, პარალელურად ილაპარაკებენ ირანთან უვიზო რეჟიმზეც და ა.შ... ამასობაში კი რუსეთის ხელისუფლებისაგან გარანტიების მიღება სურთ, რომ პირადად მათ არ შეექმნებათ პრობლემები. ამ თემებზე ბადრი ბიწაძე კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ლაპარაკობს.  მოსკოვში ხალხს ცალკე ვანო მერაბიშვილი გზავნის, სააკაშვილი და უგულავა კი - ცალ-ცალკე.

ამავეს აკეთებს ბევრი სხვაც, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის დროისთვის გარანტიების დაბევებას ცდილობენ. რატომ გაგიკვირდათ, მოსკოვში ხალხს გზავნიანო,  როდესაც გივი თარგამაძე ომის დროს ევაჭრებოდა რუსებს. შემიძლია სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები დავასახელო, რომლებიც გივი თარგამაძემ და ვანო  მერაბიშვილმა დაარღვიეს.

სამსახურებრივი გულგრილობა, დანაშაულის დაფარვა, სამშობლოს ღალატი და ა.შ. ეს  სამუდამო პატიმრობის მუხლებია. როდესაც ამ ფაქტებს არ იძიებენ, გიჩნდება კითხვა,  ვინ დგას ამის უკან? ის ძალა ხომ არა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას უნდა, რომ დამალოს. გულგრილობის გამო გენერალურ პროკურორსაც მოუწევს მსჯავრდადებულის სკამის ხეხვა. ის ვალდებულია, მერაბიშვილის ინტერვიუში მოყვანილ ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

- რუსებთან ურთიერთობის გამო ქართველ ხელისუფალთ აკრიტიკებთ, ჩვენთან ინტერვიუში კახა ლომაიამ განაცხადა, რომ ამ გზით მილიონობით ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურა გადარჩა და ეს გივი თარგამაძის დამსახურებაა.

- რომელი ინფრასტრუქტურა? სენაკის ბაზა, რომელიც ფანტასტიკურად იყო აღჭურვილი? მსოფლიო პრაქტიკაა, როდესაც ბაზა ვერ გადაგაქვს, უნდა ააფეთქო ტექნიკა. ამათ რუსებს გაზეთილი ტექნიკა ჩააბარეს და რაზე მელაპარაკებიან? მართლა ჰგონიათ, ბნელა ამ ქვეყანაში? ლომაიამ ჯერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დახარჯულ 40 მილიონზე გასცეს პასუხი და ამის გაკეთება უთუოდ  მოუწევს.

კონტროლის პალატაში დევს მასალები, რომელიც თავის დროზე ლევან ჭოლაძემ პროკურატურას გადაუგზავნა. კეთილი ინებოს ლევან ბეჟაშვილმა და წამოწიოს ეს საქმე.  მოსკოვიდან ბრძანება რომ ყოფილიყო, რომელი გენერალი გაბედავდა ფულის აღებას და ბრძანების შეუსრულებლობას? თუ გმირია გივი თარგამაძე, მადლობას გადავუხდით, მაგრამ ჯერ ეს უნდა დადგინდეს. გამოძიება იმისთვის არის ჩასატარებელი, რომ გმირს გმირი დაერქვას და მოღალატეს - მოღალატე. ლომაიამ ისიც თქვა, რუს გენერლებთან ვსაუბრობდით და ერთადაც  ვსადილობდითო.

რა ესადილებოდა, როდესაც 5 კილომეტრში დახოცილი ბიჭები უპატრონოდ ეყარნენ და ვერ გამოგვყავდა? ვისთან ერთადაც სადილზე მიდიოდა, მოეკიდა მათთვის ხელი ლომაიას და გამოეყვანა დაღუპული ბიჭები. სანამ პატრიარქი არ ჩავიდა და მე არ ველაპარაკე წითელი ჯვრის თავმჯდომარეს, მანამდე კაციშვილს არ უზრუნია დაღუპული ბიჭების გამოყვანაზე. ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ და ნებისმიერ სასამართლოში შემიძლია ამ პირთა წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. პასუხს ვაგებ ჩემს საუბარზე წითელი ჯვრის თავმჯდომარესთან, რომელმაც მითხრა, ხელისუფლებისგან არავის  მოუკითხავს დაღუპული ბიჭებიო.

სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ომში დაღუპულთა დედების უბედურებას იყენებს. რა ნაძირალა და გარეწარი უნდა იყო, რამდენად არ უნდა გრძნობდე დანაშაულს მათი შვილების დაღუპვის გამო, რომ ამ ქალებს ასე მოექცე.

ხელისუფლების უმაღლესი პირი 50-მილიონიან ხიდს აშენებს - ფანჯრიდან ის ხედი მქონდეს, რაც მინდაო,  დაღუპული გმირების მემორიალზე კი ამბობს, აქ გვარების დასაწერად კიდევ ბევრი ადგილია დარჩენილიო და  ამ დროს თქვენს გაზეთში აღმოვაჩინე დოკუმენტი, რომელშიც ვკითხულობთ, მეორე შვილიც რომ მოგიკვდებათ, მაშინ მოგცემთ 55 ლარსო.

- კულუარებში ითქვა, რომ პუტინმა თქვენთან საუბრისას ცხინვალის დაბრუნების თაობაზე ისაუბრა და ეს კონკრეტული გეგმით ახსნა, - რუსეთიდან სამხრეთ ოსეთის გავლით მილსადენი ირანიდან მომავალ გაზს შეუერთდება. ამ კონტექსტში საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთის ინტერესშიაო.

- ასეთი რამ არსად მითქვამს და ამ დეტალებზე ლაპარაკს არც ვაპირებ, მეტიც, ამ თემაზე საუბარიც არავისთან მქონია.

- ერთმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ზაფხულს ოპოზიციის ლიდერები ევროპაში კრემლის წარმომადგენლებთან გეგმავთ შეხვედრას და საუბრის თემა ხელისუფლების შეცვლის კონკრეტული გეგმა იქნება.

- ეს პროვოკაციაა. ვინც ასეთ ინფორმაციას ავრცელებს, ხელისუფლების თამაშს თამაშობს. სულ იმ ჭკუაზეა ბურჯანაძე, ასეთ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა...

- თქვენ განაცხადეთ, ხელისუფლება მალე  შეიცვლებაო. ამის საფუძველს რა გაძლევთ, როდესაც უგულავამ დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა მიიღო?

- წარმატებას ხალხთან აქტიური საუბრით მივაღწევთ. როდესაც ტერიტორიის 20% დაკარგულია, თბილისიდან 15 კილომეტრში რუსული ტანკი გიდგას, აფხაზებსა და ოსებს ვერ ელაპარაკები, ეკონომიკა ბეწვზე ჰკიდია, დოლარის ფასი მატულობს, წამლები ძვირდება, რა გიხარია? როგორ ხარ გამარჯვებული, როდესაც ქვეყანას გულში დანა აქვს ჩაცემული, მამისონი და ახალგორი რომ ჩვენი არ არის? არ დაიჯეროთ, რომ საზოგადოების 60%-მა ხელისუფლებას მისცა ხმა. თუ მოსახლეობის ერთი ნახევარი უზარმაზარი წნეხის გამო მივიდა, რას იტყვიან მეორე ნახევარზე, რომელიც არჩევნებზე არ მისულა?

- მაგრამ  ლამის 60%-იანი უგულავა უკვე სააკაშვილის მემკვიდრედ მოიაზრება.

- ერთხელ სააკაშვილს ვუთხარი, უგულავას პრეზიდენტობა უნდა-მეთქი, ძალიან გაიკვირვა და უსიამოვნო ეპითეტებითაც შეამკო. სააკაშვილი უთუოდ დაიწყებს უგულავას დაძირვას.

ადგილობრივ არჩევნებამდე ამის გაკეთება სარისკო იყო. უგულავას "ნაციონალურ მოძრაობასა" და თავისუფლების ინსტიტუტის წრეებში მხარდაჭერა აქვს, ის რომ  დაეძირათ, ეს ხელისუფლების შიგნით გამოიწვევდა რყევას. ახლა კი ნაკლებსარისკო იქნება უგულავას საწინააღმდეგო მუშაობა.

P.S. ნინო ბურჯანაძეს "კავკასიის" ეთერით გამოსვლისას აცნობეს, რომ მის მეუღლეს გულის შეტევა დაემართა. როგორც ნინო ბურჯანაძის თანაშემწემ, ლია ჩქარეულმა გვაუწყა, ბადრი ბიწაძე შინ იმყოფებოდა და მეუღლის სატელევიზიო გამოსვლას უყურებდა, როდესაც გულის შეტევა მოუვიდა (თუმც, ქალბატონი ლიას თქმით, ბადრი ბიწაძეს გული არასოდეს აწუხებდა). მას გულიკო ჩაფიძის კლინიკაში გულის კორონაროგრაფია და სტენტირება გაუკეთდა, რის შემდეგაც თავს კარგად გრძნობს.

"პოლიტიკაში რაც უფრო ცუდადაა საქმე, მით ომახიანი ხდება სიტყვები"

ა.ვისილიევი