"ომის დროს ბაზებში იარაღს ჩამოწერის მიზნით ტოვებდნენ?!" - კვირის პალიტრა

"ომის დროს ბაზებში იარაღს ჩამოწერის მიზნით ტოვებდნენ?!"

ბოლო დროს მსოფლიოს ყურადღება უკანონო იარაღით ვაჭრობამ მიიპყრო, სადაც, უცხოური პრესის არაერთი ინფორმაციით, საქართველოს კვალიც იკვეთება. ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" მამუკა არეშიძე ესაუბრა:

- საერთაშორისო ასპარეზზე იარაღით მოვაჭრეებთან ბრძოლა განსაკუთრებით აშშ-ის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გააქტიურდა. ტაილანდში აშშ-ისა და კორეის სპეცსამსახურებმა დააკავეს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 40 ტონა საბრძოლო ტექნიკა იყო. აქედან დაიწყო იმ გორგლის დაშლა, რასაც პირობითად იარაღით მოვაჭრეებთან საერთაშორისო ბრძოლა დაერქვა. აშშ-ის ხელისუფლებამ 22 კაცი დააკავა. საქმეში გამოიკვეთა ერთ-ერთი გავლენიანი იარაღით მოვაჭრის ფიგურა - ვიქტორ ბუტი. ის საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი დამნაშავეა, მუშაობდა ფსბ-სა და ამერიკულ სპეცსამსახურთანაც.

სხვათა შორის, უცხოურმა პრესამ თვითმფრინავის დაკავების გაშუქებისას ყურადღება საქართველოსაც დაუთმო. მეჩვენება, რომ ყველა ინფორმაციაში ტყუილ-მართალი ერთმანეთში იყო აზელილი. მაგალითად, კონტრაბანდული იარაღის ირანისთვის მიყიდვის საქმეში საქართველო არ უნდა ყოფილიყო ჩართული.

ჯერ ერთი, იმ რაკეტების ჩამონათვალი არ განეკუთვნებოდა ისეთ შეიარაღებას, რომლის  შესყიდვის უფლებაც ირანს არ ჰქონდა და გაუგებარია, რატომ სჭირდებოდა მას შუამავალი? მეორეც, ირანს აქვს უახლესი სისტემის, მეოთხე თაობის რაკეტები და რატომ უნდა ყოფილიყო ამ იარაღის შესყიდვით დაინტერესებული?

დაკავებული თვითმფრინავის მფრინავმა  (რომელიც წარმოშობით ყაზახია) თქვა, რომ საქართველოში მუშაობდა, მაგრამ როგორც გაირკვა, თვითმფრინავი საქართველოს უკრაინისთვის ლიზინგით ჰქონია გადაცემული.

თუმცა, თვითმფრინავის ლოგო  და დროშა  მართლაც ქართული იყო. არ გამოვრიცხავ, ქართულ მხარეს მართლაც სცოდნოდა, რომ ამ თვითმფრინავით იარაღი უნდა გადაეზიდათ და სწორედ ამიტომ მიაქირავა უკრაინას, თუმცა ამას დადასტურება სჭირდება.

- გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია,  რომ რობერტ კოკოითიმ (ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ძმამ) გივი თარგამაძის მეშვეობით საქართველოს 120 მილიონი დოლარის იარაღი მიჰყიდა.

- სავარაუდოდ, ეს ორ რამეზე მიანიშნებს, ან საქართველო ცდილობდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რაც შეიძლება ნაკლები იარაღი დარჩენილიყო და ამ მიზნით შეიძინა ის, ან კოკოითის ძმის შუამავლობით რუსეთთან კონტრაბანდული იარაღით ვაჭრობაში იყო ჩართული, რაც საკმაოდ მძიმე ფაქტია. სხვათა შორის, მე გავეცანი იმ იარაღის ჩამონათვალს და ის 120 მილიონზე ბევრად ნაკლები ღირს.

- ე. ი. ატკატი გაკეთდა?

- საერთოდ,

"ატკატი" 10 %-იანი ან მაქსიმუმ 15%-იანი შეიძლება იყოს, 70%-@იანი ატკატი წარმოუდგენელია.

აქ კი ისეთ დიდ თანხაზეა ლაპარაკი, რაც იარაღის რეალურ ღირებულებას ძალზე აღემატება. თანაც სამხრეთ ოსეთს ისეთი ტიპის იარაღი არ ჰქონდა, რომ ოფიციალური თბილისი განეცვიფრებინა.…

საზოგადოდ, როცა იარაღით უკანონო  ვაჭრობაზეა ლაპარაკი, ორი ვარიანტი უნდა განვიხილოთ. პირველი - როცა სავაჭროდ საერთაშორისო ტრასას იყენებენ დაO მეორე - როცა ეს უკონტროლო ტერიტორიაზე ხდება. მე არაერთხელ მიმიღია სარწმუნო წყაროსგან ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იყიდებოდა  იარაღი, რომელიც შესაძლოა რუსეთის საწინააღმდეგოდაც ყოფილიყო გამოყენებული.

ამიტომ  რუსებმა ფსოუს საზღვარი მაქსიმალურად ჩაკეტეს. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ომის დღეებში ოსებმა არსენალი გატეხეს და  იარაღი დაიტაცეს, შემდეგ კი მათ რეალიზაციას მიჰყვეს ხელი. ყური მოვკარი, რომ მათ ჩვენც შემოგვთავაზეს იარაღი და როგორც ვიცი, უარი მიიღეს.

რუსებმა ოსებს ჩრდილო კავკასიისკენ მიმავალი გზები, რაც იარაღის კონტრაბანდისთვის ხელსაყრელი იყო, გადაუკეტეს. სწორედ ამის შემდეგ გაავრცელეს აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა ინფორმაცია, რომ ისლამური მიმდინარეობის ტერორისტები დააკავეს და აღმოჩენილ იარაღის საწყობში ქართული კვალი იპოვეს. მაშინ ჩვენი აზერბაიჯანული არხებით შევიტყვეთ, რომ ეს იარაღი სამხრეთ ოსეთიდან გასულა.

ახლა რაც შეეხება, საერთაშორისო ტრასაზე იარაღით ვაჭრობას, სადაც ვიქტორ ბუტიც ფიგურირებს და როგორც უკვე ვთქვით, იკვეთება ქართული სეგმენტიც. უნდა განვასხვავოთ, ერთი მხრივ, ვაჭრობა უკანონო იარაღით და მეორე მხრივ, ვაჭრობა ნებადართული იარაღით, რომელსაც საქართველო ოფიციალურად ყიდულობს, მაგრამ ლაპარაკია სწორედ კორუფციულ გარიგებებზე, ე.წ.

ატკატებზე, როცა საკომისიო თანხებს ინაწილებენ. მაგალითად, იარაღით ვაჭრობის საქმეში კორუფციის ფაქტებზე აღძრულია საქმე, სადაც მთავარი ეჭვმიტანილია დანიელ ელვირესი. ეს უკანასკნელი საქართველოს ხელისუფლების წევრებთან კორუფციული გარიგებების დადებაშიც არის ბრალდებული. გავრცელებული ინფორმაციით, 2008 წლის ოქტომბერში მაიამელი აგენტი (ერთ-ერთი შუამავალი პირი) დანიელ ალვირესს დაუკავშირდა და უთხრა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სჭირდებოდა ჯარისკაცებისთვის მზა საკვები პროდუქტის შესყიდვა.

რამდენადაც ცნობილია, ამ საქმეში საკომისიოს სახით მილიონობით თანხა განაწილდა, თუმცა საკითხავია, მიიღეს თუ არა ქართველმა ჯარისკაცებმა საკვები პროდუქტი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ჯარის გამოკვებაზე მსხვილ-მსხვილი კომპანიები ზრუნავენ, ამისთვის სახელმწიფოც ხარჯავს კოლოსალურ თანხებს. ასე რომ, სავარაუდოდ, მაიამელი აგენტის მეშვეობით მშრალი პროდუქტის შემოტანა ე.წ. უსაქონლო ოპერაცია უნდა ყოფილიყო. არ არის გამორიცხული, ეს კვების პროდუქტი სულაც არ მოხვედრილიყო საქართველოში.

- ერთ-ერთი ამერიკელი ჟურნალისტის ინფორმაციით, იარაღით ვაჭრობის საქმეში თემურ ალასანია და ჯემალ ინაიშვილი ფიგურირებენ. შედარებით დაბალ რგოლად დავით კეზერაშვილსაც ასახელებენ.

- ასეთ საქმეში თემურ ალასანიასა და მისი შვილის ხსენება ახალი ნამდვილად არ არის, დავით კეზერაშვილიც თავდაცვის მინისტრი იყო და მისი ჩართულობაც იარაღით ვაჭრობაში გასაკვირი არ არის, მაგრამ რა კონტექსტით ახსენეს ჯემალ ინაიშვილი, ვერ გეტყვით. ამერიკელ  ჟურნალისტს ეს არ დაუსაბუთებია, თუმც უახლოეს მომავალში შეიძლება მასზეც გამომზეურდეს ერთი-ორი ფაქტი. ერთი რამ  ნამდვილად შემიძლია გითხრათ:

უმაღლესი ხელისუფლების თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ზოგიერთი ბაზა კონფლიქტის ზონასთან მეტად ახლოს, არახელსაყრელ ადგილას აშენდა. შესაბამისად, მტერს მათი დაბომბვა ადვილად შეეძლო. სწორედ ამ ბაზებში მიატოვეს იარაღი და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ჩამოწერის მიზნით გაკეთდა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და დამადასტურებელი დოკუმენტი არა მაქვს. განსაკუთრებით დამაეჭვა გორის ბაზაში საბრძოლო შეიარაღებისა და ტექნიკის მიტოვებამ, მაშინ როცა ამ ბაზის ევაკუაცია შესაძლებელი იყო.