"სარგებლობენ გიორგი კვირიკაშვილის წესიერებით..." - უცნობი ხეჩიკაშვილის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"სარგებლობენ გიორგი კვირიკაშვილის წესიერებით..." - უცნობი ხეჩიკაშვილის წინააღმდეგ

შპს სიტროენ ჯორჯიას პრესკონფერენციას, რომელიც ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიებს სახელმწიფოსთან კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს, მომღერალი, გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) ესწრებოდა.

მისი თქმით,  კომპანიის უშუალო წარმომადგენელი არ არის, თუმცა შპს სიტროენი მის ოჯახის წევრს, სიძეს შარაშიძეს ეკუთვნის.

უცნობის თქმით, მან კარტელურ გარიგებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს წერილი მისწერა და მიიღო რჩევა, რომ სასამართლოსთვის მიემართა.

"თუ შეიძლება ქვეყანამ 30 მანეთად შეიძინოს მანქანა, ამიხსენით, რატომ უნდა შეიძინოს 60 მანეთად? და ეს ხდება წლების განმავლობაში. ამით ძალიან ზარალდება სახელმწიფოს ბიუჯეტი და რომ არ შევცდე 10 წელია ასე ხდება. 10 წლის განმავლობაში ერთი და იგივე ადამიანები ერთსა და იმავე რაღაცებს ისე აკეთებენ, რომ ცა ქუდად არ მიაჩნიად და დედამიწა ქალამნად.

უპატიოსნენი და უსუფთავესი ადამიანია გიორგი კვირიკაშვილი და ეს ამბავი რომ ხდებოდა სმს-ითაც კი მივწერე, რომ ძალიან დიდი უსამართლობა ხდება-მეთქი სახელმწიფო შესყიდვებში. მეორე დღეს შევხვდი მის თანაშემწეს და მან მითხრა მიმემართა სასამართლოსთვის. ამ დროს მივხვდი რამდენად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია ის, იმიტომ, რომ ყველაფრის ფაქტები უნდა დაიდოს. ეს ფაქტები სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებ-გვერდზე დევს, ჩვენი მოგონილი არ არის. ერთი წლის განმავლობაში 20 მილიონ ლარზე მეტია წაღებული ქვეყნის ბიუჯეტიდან და სანამ ამ ბიუჯეტის ხვრას და არასახელმწიფოებრივ მიდგომას არ შეეშვებიან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები... დღეს უკვე აღარ არის წარმომადგენელი ეს ადამიანი და მის სახელსა და გვარს არ დავასახელებ და სარგებლობენ გიორგის ამ ხასიათით, წესიერებით და ამიტომაც დგამენ ამ ნაბიჯებს და იღებენ არასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს. სახელმწიფო ბიუჯეტს, როგორც ვირთხები ისე არიან მიმდგარები და წოვენ სისხლს უკვე მერამდენე წელია და ამით გიორგის პატიოსნების შებღალვა და დასვრა უნდათ, ამას მე პირადად არავის შევარჩენ და ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს სასამართლო გზით", - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

მომღერალი "უცნობი" აცხადებს, რომ სახელმწიფო ტენდერებში კარტელურ გარიგებებზე აქამდე იმიტომ არ უსაუბრია, რომ ფაქტებით არ შეეძლო ესაუბრა, ახლა კი, როდესაც საქმე უშუალოდ მის სიძეს შეეხო და სიტუაციაში ბოლომდეა გარკვეული, შეუძლია ფაქტებით ისაუბროს, სხვა შემთხვევაში, მისი საუბარი ჭორაობას უფრო დაემსგავსებოდა.

ამის შესახებ გაჩეჩილაძემ "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა.

"იმიტომ, რომ ვნახე რაც შეეხო და სხვაზე რომ მელაპარაკა, ჭორიკანა ვიქნებოდი. არ შემიძლია მე ეგეთი რაღაც. ლამის გული გამისკდა, სანამ აქ მოვიდოდი და განცხადებებს გავაკეთებდი. მეგობრობა ცალმხრივი არ ვიცი, სიყვარული გამიგია. რადგან ვთქვი, რომ კვირიკაშვილი ჩემი მეგობ არია, მორჩა, საქართველოში ჩემმა საგვარეულობ აღარაფერი უნდა აკეთოს?! შეიძლება არ უნდა მეთქვა, რომ ის ჩემი მეგობარია, ჩემი ბრალია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ვგიჟდები, მაგაზე სუფთა და კრისტალური ადამიანი არ არსებობს. და იმ გოგომაც მაგის თანაშემწემაც რომ მითხრა, რომ სასამართლოს გზით წავუსლიყავი, გამეხარდა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„უცნობმა" "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.

"ყველა პროცედურა კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა და არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა წინასწარ გამიზნულად, ვინმეს მხარდასაჭერად ან – საწინააღმდეგოდ. ჩემთვის ადამიანურად ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებები ისმის ადამიანისგან, რომელსაც წლებია ვიცნობ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მომღერალმა "უცნობმა" "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" ის მესიჯი გაასაჯაროვა, რომელიც მან პრემიერს სახელმწიფრო შესყიდვებთან დაკავშირებით მიწერა.

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, პრემიერისგან პასუხი არ მიუღია და მასთან კონატქტი მას შემდეგ აღარ აქვს, რაც საჯაროდ განაცხადა, რომ პრემიერი მისი მეგობარია.