მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე ადვოკატები აიცილა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე ადვოკატები აიცილა

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე ადვოკატები აიცილა.

ამის საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება გახდა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაცვის მხარეს დღეს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ადვოკატებმა ბრალდებულის პოზიცია გააჟღერეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილი უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას.

ამასთან, როგორც ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა აღნიშნა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე იკვეთება ქართული და უკრაინული სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობა, რათა მოხდეს მისი ექსტრადირება საქართველოში.

გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რაშიც სასამართლო სისტემაცაა ჩართული.

ამის გამო სააკაშვილი უარს ამბობს, შეთანხმებით აყვანილი ადვოკატების მომსახურებაზე და მისი დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე მოხდება.

სააკაშვილის პოზიციის გაჟღერების შემდეგ მისმა ადვოკატებმა სასამართლო პროცესი დატოვეს.

"ინტერპრესნიუსი"