"ხელისუფლებაში არსებული ყველა ჯგუფი საკუთარი კანდიდატის გაყვანას ეცდება" - ვინ შეიძლება იბრძოლოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში? - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებაში არსებული ყველა ჯგუფი საკუთარი კანდიდატის გაყვანას ეცდება" - ვინ შეიძლება იბრძოლოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში?

"მმართველ პარტიაში სხვადასხვა ჯგუფებია, რომლებიც შეეცდებიან საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდეთ"

საქართველო პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ 2018 წელს აირჩევს. მომავალი პრეზიდენტი ქვეყანას 6 წლის ვადით ჩაუდგება სათავეში. ხოლო უკვე მომდევნო არჩევნები ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად არაპირდაპირი წესით ჩატარდება, თავადაპირველი ვერსიით, 2024 წელს პრეზიდენტი ხალხის ნაცვლად პარლამენტს უნდა აერჩია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს 300 წევრისგან შედგენილი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბარი ჯერჯერობით შესაძლოა ნაადრევიც იყოს, თუმცა, სავარაუდოდ, მსურველები უკვე არაიან და პარტიების შიგნითაც შესაძლო კანდიდატებზე ფიქრიც უკვე დაიწყეს.

ერთ-ერთი საინტერესო ამბავია ის, აპირებს თუ არა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კენჭი მეორე ვადითაც იყაროს. ბოლო ინფორმაციით, ის რიგით მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

როგორც ექსპეტმა გია ხუხაშვილმა kvirispalitra.ge-სთან საუბრისას განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის შანსები თეორიულად არსებობს...

"მოქმედი პრეზიდენტის შანსებზე ლაპარაკი რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ ეჭვი მეპარება, ამ არჩევნებთან დაკავშირებით მას რაიმე გეგმა ჰქონდეს. მისი მოქმედებებიდან არ ჩანს, რომ პოლიტიკური კარიერის გაგრძელება მისთვის საინტერესოა. უფრო ის ჩანს, რომ ძალაუფლება მისთვის ტვირთია და არა პრივილეგია. ის ყველანაირად ეცდება პოლიტიკაში თავისი მოღვაწეობა აღარ გააგრძელოს. თუმცა პოლიტიკურმა პროცესმა შეიძლება მას ამ ნაბიჯისკენ უბიძგოს. მისი შანსები თეორიულად არსებობს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მის პოლიტიკურ მოღვაწეობას თანმიმდევრობა აკლია, მე მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ მაქვს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის"განცხადებით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიას თავისი კანდიდატი აუცილებლად ეყოლება, თუმცა ვინ, ჯერ ეს უცნობია. ერთ-ერთ კანდიდატურად შესაძლოა განიხილებოდეს საგარეო საქმეთ ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, თუმცა რამდენად კონკურენტული იქნება ვაშაძე, რთულად წარმოსადგენია. სავარაუდოდ, ამ პარტიის უახლოესი მომავლის ბედი დიდწილად დამოკიდებული იქნება მისი ლიდერის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ ოდისეაზე...

"ევროპული საქართველოც" ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

"მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი კამპანიიდან გამომდინარე, რაც ხელისუფლებამ პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ აწარმოა... როგორც ყველა არჩევნებში, ამ არჩევნებშიც მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი კიკნაველიძემ.

როგორც ამბობენ, დიდი ალბათობით მათი საპრეზიდენტო კანდიდატი თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა იქნება, თუმცა ესეც მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია...

რაც შეეხება მმართველ პარტიას, სავარაუდო კანდიდატები უკვე სახელდება. მათ შორის ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც ახლა აქტიურ პოლიტიკაში აღარ არის, თუმცა მისი ახალგაზრდა ასაკის გათვალისწინებით, სრულიად შესაძლებელია სამომავლოდ პოლიტიკური ამბიციები ჰქონდეს. 2018 წელს ის უკვე გადააბიჯებს 35 წელს და პრეზიდენტად კენჭისყრაში ასაკი ხელს ნამდვილად აღარ შეუშლის.

"რაც შეეხება ღარიბაშვილს, მის კანდიდატურას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. თუმცა ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა და ბუნებრივია, ვერავინ ვერ აუკრძალავს. თუმცა მე ასე მესმის,  რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან და ეს ზუსტად მასზეა ნათქვამი", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მმართველი პარტიის სავარაუდო კანდიდატად სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ საგარეო საქმეთა ექსმინისტრ სალომე ზურაბიშვილსაც, ასევე ჯანდაცვის ამჟამინდელ დავით სერგეენკოს, შს მინისტრ გიორგი გახარიას და მოქმედ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსაც კი.

გია ხუხაშვილის თქმით, ქვეყანას საპრეზიდენტო კანდიდატების რაოდენობა არასდროს აკლდა და არც ეს არჩევნები იქნება გამონაკლისი. მისი თქმით, მიუხედავად ბევრი კანდიდატებისა ფავორიტი სახელისუფლო კანდიდატი იქნება.

"არჩევნებამდე ჩვენ კიდევ ერთი ინტრიგა გველოდება. ხელისუფლების შიგნით გარკვეულ ჯგუფებს შორის საკუთარი კანდიდატის ლობირებისთვის საკმაოდ სერიოზული ბრძოლები დაიწყება. ამ ბრძოლის შედეგადად, საბოლოო ჯამში ვიღაცას ალბათ გამოკვეთენ.

მმართველ პარტიაში არაერთი ჯგუფია, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ. ისინი შეეცდებიან, რომ კანდიდატი საკუთარი ჯგუფიდან გამოკვეთონ. "ქართულ ოცნებას", როგორც ერთიან ორგანიზმს ნუ წარმოვიდგენთ, ამისგან ძალიან შორს არიან. ყველა ჯგუფი შეეცდება შიდა კასტინგში მათმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.

საკმაოდ საინტერესო პერიპეტიები გველოდება ."ოცნება" შეეცდება ეს ყველაფერი არ გაასაჯაროოს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება. ჩვენ "ქართული ოცნების" სხვადასხვა ჯგუფებს შორის შეიძლება ღია დაპირისპირებაც ვიხილოთ".

თუ თბილისის მერის არჩევნების შედეგს გავაანალიზებთ, როდესაც მმართველი ძალის კანდიდატი კახა კალაძე ძლივს გადაურჩა მეორე ტურს, მის მთავარ მეტოქედ კი დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქცა, მაშინ ადვილად სავარაუდოა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩვენებსი გაცილებით დიდი შანსი ჰქონდეს პარტიებისგან შორს მდგომ, დამოუკიდებელ კანდიდატს.

"ჩემი აზრით, ხელისუფლების რეალური ალტერნატივა ვერც ერთი პარტიული კანდიდატი ვერ გახდება, რადგან საზოგადოების თვალში დისკრედიტებულია, როგორც სახელისუფლო, ასევე ყველა ოპოზიციური პარტია.

ერთადერთი, ვინც სახელისუფლო კანდიდატს დაამარცხებდა ეს იქნებოდა ზეპარტიული კანდიდატი და საზოგადოებაში ასეთ კანდიდატზე მოთხოვნა ნამდვილად არის, თუმცა ჯერჯერობით არავინ არ ჩანს. ხელისუფლებას აშკარა უპირატესობა აქვს, მაგრამ გამორიცხული არაფერია", - ამბობს გია ხუხაშვილი.

ლიკა ამირაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)