"ვამაყობ, რომ ბენდუქა ვარ!" - კვირის პალიტრა

"ვამაყობ, რომ ბენდუქა ვარ!"

რისთვის დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბენდუქიძე და გილაური?

რატომ ეძახეს პრემიერის მრჩეველს გაუნათლებელი და უზრდელი

საზოგადოებისათვის უცნობია შიდასახელისუფლებო ურთიერთობის ისეთი დეტალები, რომლებიც ხშირად არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველი გამხდარა.

უბრალოდ, ასეთ თემებზე თანამდებობის პირები საჯაროდ არ ლაპარაკობენ. თუმცა თავის დროზე პრემიერ-მინისტრის თამამმა მრჩეველმა ნონა ყარალაშვილმა (რომელიც სულ რაღაც 25 წლის გახლდათ) შიდა განხილვის  ერთ-ერთი თემა სააშკარაოზე  გამოიტანა და ეს თანამდებობის დატოვების ფასადაც დაუჯდა.

სკანდალი, რომელიც ბრუნვიდან ლარის შესაძლო ამოღებასა და დოლარის ჩაშვებას ეხებოდა, არაერთი მედიასაშუალების განხილვის საგანი გახდა. თავად ყარალაშვილს კი ამ თემაზე აღარავისთან უსაუბრია, იგი თანამდებობის დატოვების შემდეგ სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრა.

"კვირის პალიტრა" დაინტერესდა, თუ რა გეგმა ჰქონდა სხვადასხვა ვალუტით ვაჭრობის თაობაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა გუნდს და როგორ,  რა კრიტერიუმებით ინიშნებოდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად გამოუცდელი ახალგაზრდები. ამ თემაზე  თავად ნონა ყარალაშვილს ვესაუბრეთ.

- პრემიერ-მინისტრის მრჩევლობა მაშინ შემომთავაზეს, როცა "ცოდნის ფონდში" ეკონომიკური პროგრამის კოორდინატორად ვმუშაობდი. მაშინ გადაწყვეტილი მქონდა აშშ-ში გამგზავრება და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება. თანაც, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ინსტიტუციური ეკონომიკა გახლდათ, რაზეც სადოქტორო დისერტაციის დაწერას ვაპირებდი და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრთან მუშაობაც  საუკეთესო გამოცდილებას შემძენდა. ამიტომ პრემიერ-მინისტრის მრჩევლობას დავთანხმდი.

- რა თქმა უნდა, ეს თქვენთვის სასურველი თანამდებობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენად გაცნობიერებული გქონდათ პასუხისმგებლობა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მრჩეველს აკისრია?

- ცხადია, პრემიერ-მინისტრთან მუშაობა დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. არსებობდა მრჩეველთა გუნდი, რომელთან ერთადაც ვმუშაობდი და ეს ძალიან მეხმარებოდა.  პირადად მე პრემიერ-მინისტრთან კონტაქტი არ მქონია. ჩვენი ჯგუფის კურატორი, მთავარი მრჩეველი, ვახტანგ ლეჟავა იყო, რომელიც ახლაც იმავე მოვალეობას ასრულებს. სწორედ მას უხდებოდა პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობა.

- მრჩევლად ბენდუქიძის რეკომენდაციით დაინიშნეთ?

- იმის მიუხედავად, რომ ბენდუქიძე საქართველოში პოპულარულ ფიგურად არ ითვლება, ყოველთვის სიამოვნებით ვიტყვი, რომ ერთ-ერთი "ბენდუქა" ვარ... ამით ძალიან ვამაყობ! თუმცა, არ მგონია, რომ პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ბენდუქიძესთან ურთიერთობის გამო დავინიშნე. გაუნათლებელი ნამდვილად არ ვიყავი და მუშაობის გამოცდილებაც მქონდა.

სამწუხაროდ, საქართველოში დიპლომის ქონა შესაბამის ცოდნაზე ჯერ კიდევ არ მიუთითებს, ამიტომ მინისტრებს თუ პრემიერ-მინისტრებს  კადრების სხვადასხვა კრიტერიუმით შერჩევა უხდებათ, რაც საბოლოოდ სუბიექტურობის შთაბეჭდილებას ტოვებს, უსამართლობის განცდას აჩენს.

- შესაძლოა, ბევრს არ ახსოვდეს, რომ თქვენს დაწერილ ეკონომიკურ პროგრამას, რომელიც პრემიერ-მინისტრს წარუდგინეთ, ერთ დროს დიდი სკანდალი მოჰყვა. რით იყო ეს განპირობებული?

- პროგრამა მონეტარული კონკურენციის აუცილებლობას ეხებოდა. ბატონ კახა ბენდუქიძესთან ერთად შევისწავლეთ, რა შედეგი შეიძლებოდა მიგვეღო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შეეძლებოდათ ტრანზაქციების ნებისმიერ, მათთვის სასურველ ვალუტაში განხორციელება; თუ ვთქვათ, პურის  შესაძენად ან  ნებისმიერი ბიზნესაქციის განსახორციელებლად ადამიანი არა მხოლოდ ლარს, არამედ ნებისმიერ ვალუტას, ევროს, დოლარს, თუნდაც რუსულ რუბლს ან ინდურ რუპიას გამოიყენებდა. აღმოჩნდა, რომ ამით არაერთ წარმოებას გაეხსნებოდა გზა.

ამასთან, კონკურენციის წარმოქმნისას ეროვნულ ბანკს ექნებოდა ინტერესი, ლარი იმდენად სტაბილური გაეხადა, რომ დოლარს ან ევროს შესჯიბრებოდა. ეს სტიმული ბევრად უფრო ჯანსაღი იქნებოდა, ვიდრე ის, რაც ეროვნულ ბანკს ამოძრავებს ლარის კურსის დადგენისას.

ეს საქართველოს ეკონომიკისათვის, განსაკუთრებით დღევანდელ რთულ ეკონომიკურ პირობებში, წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

- მაგრამ ამ პროცესს ლარის გაუფასურება ან ეროვნული ვალუტის ხმარებიდან ამოვარდნა რამდენად მოჰყვებოდა?

- ეს მართლაც იყო არგუმენტი, რომელიც დაგვიპირისპირეს, მაგრამ ჩვენ გვქონდა წინადადება, თუ როგორ შეიძლებოდა ისტერიის გარეშე ლარის კურსის ცვლილების თავიდან აცილება, ამ ეკონომიკური პროგრამის უმტკივნეულოდ რეალიზება.

- თქვენ ამ ეკონომიკური პროგრამის გამო თანამდებობის დატოვება მოგიხდათ?

- ეს ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულ ინტერვიუს დაუკავშირდა, სადაც გამოქვეყნებული იყო ფრაზა: "ლარი უნდა გაქრეს (ბრუნვიდან), დოლარი ჩავუშვათ"... მაშინ ამ წინადადებით ჩემი აზრი არასწორად გადმოვეცი, შემდეგ კი განვმარტე, მაგრამ  ჟურნალისტმა მაინცდამაინც ეს წინადადება "გამოიყენა". მახსოვს, ინტერვიუს დიდი სკანდალი მოჰყვა, ტელეკომპანია "კავკასიამაც" კი  დამითმო ყურადღება.

ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ჩემი ეს წინადადება, რომელიც ჩემს პირად აზრსაც კი ცუდად გადმოსცემდა, მთავრობის მოსაზრებად აღიქვეს, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ვიყავი. ვცადე, პასუხისმგებლობა თავად  ამეღო და თანამდებობის დატოვება გადავწყვიტე. მე მაინც აშშ-ში სწავლის გაგრძელებას ვგეგმავდი. ამიტომ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, პრემიერ-მინისტრის მრჩევლობას 2 კვირით ადრე დავტოვებდი თუ გვიან. თანაც ეკონომიკურმა ექსპერტებმა კრიტიკის ცეცხლში გამატარეს, ათასი ეპითეტით შემამკეს, გაუნათლებელი, უზრდელი და რა ვიცი, რა აღარ მიწოდეს...

- გვახსოვს, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ბენდუქიძემ გილაურს საკმაოდ არაეთიკურად მიმართა. მათ შორის დაპირისპირება შემდეგაც ხომ არ იყო, რამაც თქვენს გადაწყვეტილებაზე იმოქმედა?

- ვიცი, რომ ბენდუქიძესთან ურთიერთობის გამო არავის დავუწუნებივარ. პრემიერ-მინისტრი ყურადღებას არ აქცევდა, ვინ ვისი კადრი იყო.

- საერთოდ, რას ფიქრობთ იმაზე, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრების მრჩევლები ხშირად იცვლებიან?

- ვფიქრობ, მრჩევლის შეცვლის რამდენიმე შემთხვევამ ზედმეტი ყურადღება დაიმსახურა და საზოგადოებაში მცდარი შთაბეჭდილება შეიქმნა მათი ხშირი ცვლილების თაობაზე. უფრო მაღალი დონის სახელმწიფო მოხელეების, ვთქვათ, მინისტრებისა თუ პრემიერ-მინისტრის ხშირი ცვლა უფრო ცუდ შედეგს გამოიწვევს, ვიდრე მრჩევლებისა.

- კვლავ ხომ არ აპირებთ პოლიტიკაში დაბრუნებას?

-  ჯერ კიდევ 4 წელი უნდა ვისწავლო. შემდეგ რა გადაწყვეტილებას მივიღებ, ნამდვილად არ ვიცი, თანაც ალბათ საქართველოშიც ბევრი რამ შეიცვლება, იმედია, კარგისკენ...