"პუტინს ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს - ნაკურთხი ჯვრის" - სააკაშვილი VS პუტინი - კვირის პალიტრა

"პუტინს ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს - ნაკურთხი ჯვრის" - სააკაშვილი VS პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 13 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე ახსენა, მათ შორის ჟურნალისტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ქსენია სობჩაკის კითხვის საპასუხოდ.

სობჩაკის შეკითხვა ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამო არჩევნებზე მის დაუშვებლობას ეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს საქმეები შეთითხნილად სცნო.

"მე ოპოზიციის შესახებ შეკითხვას უკვე ვუპასუხე. ოპოზიციას პოზიტიური ქმედებების ნათელი და გასაგები პროგრამა უნდა ჰქონდეს. აი, თქვენი ლოზუნგი არის "ყველას წინააღმდეგ". ეს პოზიტიური ლოზუნგია? რას გვთავაზობთ? რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ პირს, ის სააკაშვილის რუსული ვარიანტია.

თუ ოპოზიციას პროგრამა არ აქვს და ის ხელისუფლებაში მოვა, რუსეთში "მაიდნები" მოხდება, ქუჩებში კი "სააკაშვილები" ირბენენ", - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მოსახლეობას მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება არ სურს და არ დაუშვებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებებს გამოეხმაურა.

"ვერა და ვერ დამივიწყა პუტინმა! შემთხვევითობა გგონიათ ის, რომ მისი თეზისები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრებსა და ტერმინოლოგიას სრულად ემთხვევა?" - დაწერა სააკაშვილმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრული "საქმე" და ჩემი დაპატიმრება - უკრაინის უშიშროების სამსახურის და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ერთობლივი ოპერაციაა. მერწმუნეთ, მე საკმარისი გამოცდილება მაქვს, რომ მსგავსი განცხადებები უმიზეზოდ არ ვაკეთო, დღეს პუტინმა ეს პრაქტიკულად დაადასტურა.

პუტინს უკრაინაში არსებული "ჯიხური" ყველაზე მეტად აწყობს და მას არ სურს რამის შეცვლა, მე კი მას ვძულვარ. პუტინს ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს - ნაკურთხი ჯვრის", - წერს სააკაშვილი