"სააკაშვილმა მითხრა, პუტინთან შეხვედრის წინ ეკლესიაში წავედი და ვილოცე, რომ ჩვენი ურთიერთობა მოგვარდესო" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა მითხრა, პუტინთან შეხვედრის წინ ეკლესიაში წავედი და ვილოცე, რომ ჩვენი ურთიერთობა მოგვარდესო"

რატომ სძულს ვლადიმირ პუტინს მიხეილ სააკაშვილი?

რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" პროგრამა "ოსობოე მნენიეს" ("განსაკუთრებული აზრი") წამყვან ნინო როსებაშვილთან ისაუბრა ამავე რადიოს მთავარმა რედაქტორმა ალექსი ვენედიქტოვმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო 14 დეკემბერს გამართულ რუსეთის პრეზიდენტის "დიდი პრესკონფერენციის" თემებს, მათ შორის ვლადიმირ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილთან დამოკიდებულების საკითხს. როგორც ცნობილია, პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა მიხეილ სააკაშვილი ძალზე ნეგატიურად მოიხსენია.

გთავაზობთ ალექსი ბენედიქტოვის თვალსაზრისს, რომელიც მან ნინო როსებაშვილის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას გამოხატა:

- რატომ სძულს ასე ძალიან ვლადიმირ პუტინს მიხეილ სააკაშვილი?

- მათ ურთიერთ სიძულვილს დიდი ხნის ისტორია აქვს. მახსოვს, როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის რანგში რუსეთში პირველად ჩამოვიდა. მას ჰქონდა შეხვედრა, რომელსაც ჟურნალისტთა ვიწრო წრე ესწრებოდა. ჩვენ, მოსკოველი ჟურნალისტები ხშირად ვხვდებოდით ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს ვიწრო წრეში. ჰოდა, იმ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, იცი, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის წინ მე მოსკოვის ეკლესიაში წავედი და ვილოცე, რომ ჩვენი ურთიერთობა მოგვარდესო. მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, პოსტსაბჭოთა დამოუკიდებელი რესპუბლიკებიდან (თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთს) პირველმა აიღო გეზი საქართველოს რუსეთისაგან სრული ჩამოცილების მიზნით. მან ეს ძალიან ხისტი სახით, მკვეთრად გააკეთა.

ვლადიმირ პუტინმა, ჩემი აზრით, ასეთი ნაბიჯი ღალატად მიიჩნია: როგორ, ქართველები მართლმადიდებლები არიან, 200 წლის განმავლობაში ერთად ვიყავით, გეორგიევსკის ტრაქტატი და ა.შ. და ამ დროს საქართველოს პრეზიდენტმა ყველაფერს ხაზი გადაუსვა და კურსი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ აიღო. პრინციპში, იგი ამას არც მალავდა. გარდა ამისა, ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი კერძო საუბრებში ვლადიმირ პუტინს საკმაოდ არასასიამოვნო ეპითეტებით მოიხსენიებდა. ეს ყველაფერი რუსეთის პრეზიდენტს მაგიდაზე დაუდეს. ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ხშირად უხეშობს და კავკასიური ტემპერამენტით პირად საუბრებში ვლადიმირ პუტინს ლანძღავს და აგინებს. ეს ჩემი ვარაუდებია. მე მხოლოდ პუბლიკაციები მაქვს წაკითხული და არა მათი საუბრის ჩანაწერები. პრინციპში, ორივე პრეზიდენტის ურთიერთობა ათი წლის განმავლობაში ნეგატიური იყო. კიდევ ერთი მომენტი: მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში გადატრიალების გზით მოვიდა, რაც ვლადიმირ პუტინისათვის...

- მტკივნეულია...

- ჰო, აბა რა. "მე უკვე ოთხჯერ მირჩევენ პრეზიდენტად, შენ კი ვინ მიგდიხარ, რომ ჩემზე ასეთებს ლაპარაკობ?" ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვითომდა რუსეთმა მიხეილ სააკაშვილი მოისყიდა, ფულს აძლევს, რომ პეტრო პოროშენკო დაამხოსო. ჩემი აზრით, ეს შეუძლებელია ისევე, როგორც შეუძლებელია "შემწვარი ყინულის" არსებობა. რა თქმა უნდა, თეორიულად ყველაფერი შეიძლება დავუშვათ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელია. თუმცა დღეს ვლადიმირ პუტინმა ზუსტად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ალექსი ნავალნი სახელმწიფოს არყევენო, ანუ ისინი არამზადები არიან, ჩვენ არ დავუშვებთ სახელმწიფოს რყევასო. ვლადიმირ პუტინისათვის პოლიტიკური ღალატი ძალიან მნიშვნელოვანია.

არის საწინააღმდეგო ისტორიაც: მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ მითხრა - მე ჯორჯ ბუშთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ამიტომ [დსთ-ის] ხელშეკრულებიდან უნდა გავიდეო. იგი თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის მოქმედებდა. ვლადიმირ პუტინის გაგებით კი, ეს პოლიტიკური ღალატია.. ამიტომაც იგი მტკივნეულად განიცდის. მე ასე მგონია.

- მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, ვლადიმირ პუტინის პრეს-კონფერენციას ყურადღებით უსმენდა...

- კი, მათ ერთმანეთი "ძალიან უყვართ".

- და როდის "გამოუტყდებიან" ისინი ერთმანეთს "სიყვარულში", ეს რთული საკითხია. თუმცა მიხეილ სააკაშვილი მაინც ამბობს, რომ მისი დაპატიმრება უკრაინის "ესბეუ"-სა და რუსული "ეფესბე"-ს ერთობლივი ოპერაციაა...

- ვერაფერს ვიტყვი. მე ის ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ოპონენტია და მისი მსხვილი კონკურენტი. მართალია, მას ჯერჯერობით უკრაინის პრეზიდენტად არჩევის უფლება არ აქვს, მაგრამ ეს არაფერია, რადგან თუ საჭიროა, კანონის შეცვლაც შეიძლება.

- როგორ უყურებთ იმ ისტორიას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება?

- ძალიან ყურადღებით ვერ ვაკვირდები, თუმცა ბევრს ვკითხულობ. მე მგონია, რომ ამ ისტორიაში პეტრო პოროშენკო მართალი არ არის, ანუ კიევის ხელისუფლება შეცდომას უშვებს. მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობა არ უნდა ჩამოერთმიათ. მერე ამას სხვა შეცდომებიც მოჰყვა. ჩემი აზრით, თუ შენს წინაშე პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, მას პოლიტიკურად უნდა ებრძოლო. შეცდომა იყო მიხეილ სააკაშვილის ვაჟთან დაკავშირებით კიევის აეროპორტში მომხდარი ისტორია. რასაც ვლადიმირ პუტინი ალექსი ნავალნის უკეთებს, იმას უკეთებს პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს.

მოამზადა სიმონ კილაძემ