ბიუჯეტის "შავი ხვრელი" - კვირის პალიტრა

ბიუჯეტის "შავი ხვრელი"

ჩინოვნიკური საგა - ამბავი მერებისა, მოადგილეებისა, თანაშემწეებისა, მრჩევლებისა, კონსულტანტებისა...

დაანონსებული მასშტაბური ოპტიმიზაციის ფონზე რეგიონებში გამგებლებისა თუ მერების თანაშემწეებისთვის სასათბურე პირობები იქმნება - ბევრი დაკვირვება და ანალიზიც არ სჭირდება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტებში შტატები ხელოვნურად არის გაბერილი, ასე მაგალითად, გორის მოსახლეობას მხოლოდ ახალარჩეული მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის სამი მოადგილის, სამი თანაშემწის, სამი მრჩევლისა და სამი კონსულტანტის, ასევე, ორი მძღოლის შესანახად ბიუჯეტიდან წელიწადში 218.400 ლარის გაღება მოუწევს. ეს ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა, სადაც მითითებულია, რომ საშტატო ნუსხა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 24 ნოემბერს დაამტკიცა. მრჩევლების, თანაშემწეებისა და კონსულტანტების ანაზღაურების ოდენობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. თანაშემწის ანაზღაურება 1000 ლარია, კონსულტანტის - 900 ლარი. გორის მერის ორი მძღოლის ხელფასიც განსხვავდება ერთმანეთისგან - ერთის ხელფასი 1000 ლარით განისაზღვრა, მეორე მძღოლის - 850 ლარით. რაც შეეხება მერის მოადგილეებს, მათი ხელფასი 2.150 ლარია. მთელი ეს პერსონალი გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, როგორც გითხარით, წელიწადში 218.400 ლარი დაუჯდება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩინოვნიკები მხოლოდ ხელფასს დასჯერდებიან და პრემია-დანამატებს არ გამოიწერენ, რაც ნაკლებად სავარაუდოა...

შვიდი პირადი თანაშემწე ჰყავს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და თუ ისევ ციფრებით ვისაუბრებთ, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას შვიდი თანაშემწის მხოლოდ სახელფასო ფონდისთვის ბიუჯეტიდან წელიწადში 109.200 ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ 7 თანაშემწე ჰყავდა ფოთის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიასაც. კოლეგებს არც დუშეთის ახალარჩეული მერი ზურაბ სეხნიაშვილი ჩამორჩა, რომელიც საქმიანობას ხუთი პირადი მრჩევლითა და ერთი თანაშემწით შეუდგა. დუშეთის მერიის ახალ საშტატო ნუსხაში, რომელიც დუშეთის საკრებულომ 2017 წლის 21 ნოემბერს დაამტკიცა, 4 მრჩევლის ყოველთვიური ხელფასი 1000 ლარია, გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის ხელფასი კი თვეში - 700 ლარი.

სჭირდება თუ არა რეალურად მერს ეფექტიანი საქმიანობისთვის ამდენი თანაშემწე ან მრჩეველი, თუ არჩევნების შემდეგ ჩინოვნიკები ერთგულ და ახლობელ ადამიანებს ბიუჯეტის ხარჯზე ფორმალურად ასაქმებენ? სწორედ ამ კითხვით მივმართეთ ექსპერტ გია ხუხაშვილს:

- რეალურად, არც ერთ ახალარჩეულ მერსა თუ საკრებულოს თავმჯდომარეს 3 მრჩეველი თუ 7 კონსულტანტი არ სჭირდება, ეს თავადაც კარგად იციან, თანაც, ეს ადამიანები იმდენად ამბიციურები არიან, ჰგონიათ, ყველაფერი სხვებზე ბევრად კარგად ესმით და სხვისი რჩევა არაფერში სჭირდებათ, უბრალოდ, პარტიული ვალდებულებები აქვთ აღებული არჩევნებამდე და იძულებული არიან, ადამიანები, რომლებიც მათ არჩევნებში გამარჯვებაში ეხმარებოდნენ, დაასაქმონ და ბიუჯეტის ხარჯზე კომპენსაცია გადაუხადონ. ეს არის ე.წ. სისტემური შავი ხვრელი, რომლის გამოყენების შესაძლებლობას ჩინოვნიკებს კანონი არ უკრძალავს - თუ სურვილი ექნებათ, შეუძლიათ ასი მრჩეველი დაინიშნონ და ამის გამო კანონის წინაშე პასუხისმგებლობაც არ დაეკისროთ. ყველა ხელისუფლების პირობებში მრჩეველი მხოლოდ პირობითი ცნებაა, რომელიც ნომინალურ საშტატო ფიგურას გულისხმობს. მეტიც, კორუფციის ერთ-ერთი ნაირსახეობაა - თუ მენეჯერი გჭირდება მუნიციპალიტეტსა თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში, შეგიძლია კონკრეტულ საშტატო თანამდებობაზე ვაკანსია გამოაცხადო და კადრი მმართველობით ვერტიკალში დაასაქმო. თუმცა, საქმეც იმაშია, რომ საშტატო ვერტიკალი დაკომპლექტებულია, მუნიციპალიტეტებში სპეციალისტების რაოდენობაც დიდია, ამიტომ ხდება თანამდებობის დუბლირება და არაპროფესიონალი კადრისთვის მრჩევლის სტატუსის მინიჭება.

- თანაც, ნომინალური ფუნქციის მრჩევლების შენახვა არც ისე მცირე თანხა უჯდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს.

- რა თქმა უნდა, საკუთარი ფულით ვერ გასწვდებიან მერები პარტიული მუშაკების დაფინანსებას და ამასთან, არავის აქვს სურვილი თავისი ჯიბიდან აფინანსოს თუნდაც მისი ყველაზე ერთგული პირი. იმავეს აკეთებდა უგულავაც და სწორედ ბიუჯეტის პარტაქტივისტებზე განაწილებისთვის დააკავეს. ფაქტია, პრინციპი უცვლელია და "ქართული ოცნებაც" წინამორბედის გზას აგრძელებს მრჩევლის ტოტალური ინსტიტუტის ჩამოყალიბებით.

თანაც, უფუნქციო მრჩევლებმა შესაძლოა სისტემური კრიზისიც გამოიწვიონ - ბიძაშვილის მრჩევლად დანიშვნა ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ნეიტრალურ, პროფესიონალ კადრს მუშაობის სტიმული და დაწინაურების პერსპექტივის განცდა უქრება. ამ მხრივ, საჯარო სამსახურებში ვითარება მკვეთრად გაუარესებულია - დაბალი რანგის ჩინოვნიკებს არა აქვთ ბიოლოგიური განცდა, რომ მას საკუთარ შრომას დაუფასებენ და დააწინაურებენ, რადგან მრჩევლებად თუ მთავარ სპეციალისტებად რეგიონებში გამგებლის ან მერის ახლობლებს ნიშნავენ. სწორედ ასეთი დამოკიდებულება იწვევს ინსტიტუციურ კრიზისს, რაც კიდევ უფრო გამწვავდება, თუ "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური ნება არ გაჩნდება და ბიუჯეტის მჭამელ მერებს კადრების შერჩევისას მკაცრ ინსტრუქციას არ შესთავაზებს.

ბიუჯეტს მუქთამჭამელები და "ჩინოვნიკ-პარაზიტები" თუ არ ჩამოშორდნენ, სისტემურ კრიზისამდე მივალთ!

"წინა გამგებელს ხუთი მრჩეველი ჰყავდა"

ზურაბ სეხნიაშვილი, დუშეთის მერი: - მე მხოლოდ მოადგილე და პირველი მოადგილე დავნიშნე, ხუთი მრჩეველი კი წინა გამგებელს ჰყავდა, რომელმაც 2015 წელს გაუფორმა ხელშეკრულებები მრჩევლებს. ბუნებრივია, ხელშეკრულებით დანიშნული კადრების ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლება არ მაქვს, თუმცა, ჯერ ვერ გეტყვით, გავათავისუფლებ თუ არა მათ. ამ საკითხზე გუნდთან არც კი მიმსჯელია. როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მივიღო, ვფიქრობ, კანონიერი იქნება.

"ვაპირებ კიდევ ორი მძღოლის დამატებას"

კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის მერი: - მძღოლი ერთი მყავს, მეორე ე.წ. მორიგე მძღოლია, რომელიც სხვადასხვა სამსახურს ემსახურება. ამის მიუხედავად, ვაპირებ ორი მძღოლის დამატებას, რადგან მერიას ექვსი მანქანა ჰყავს. თუ მძღოლებს არ დავამატებ და მანქანებს მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებს გადავცემთ, ავტომობილები მწყობრიდან გამოვა. დღის განმავლობაში 10-15-მა კაცმა სხვადასხვა დროს რომ გაატაროს ავტომობილი, მას ვეღარ შევაკეთებთ.

რაც შეეხება თანაშემწეებს, დიახ, სამი თანაშემწე და სამი კონსულტანტი მყავს სხვადასხვა მიმართულებით, ძირითადად, შესყიდვების დარგში.

- და რაში გჭირდებათ დამატებით ექვსი კადრი, როდესაც შესყიდვების დეპარტამენტი ისედაც ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს?

- პროფესიონალი ადამიანები არიან და ვფიქრობ, საჭირო ინფორმაციას გაუზიარებენ თანამშრომლებს. დეპარტამენტიდან ვერავის გავათავისუფლებდი, ამიტომაც ეს ფორმა მოვძებნე.