დიდი პოლიტიკური გადაჯგუფება დაიწყო?! - კვირის პალიტრა

დიდი პოლიტიკური გადაჯგუფება დაიწყო?!

რატომ დაიშალა უმრავლესობა სამ ფრაქციად

პარლამენტში, ერთის ნაცვლად, მმართველი პარტიის სამი ფრაქცია შეიქმნება. ერთ-ერთს ისევ მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, მეორე ფრაქციას სათავეში ჩაუდგება ბიძინა გეგიძე, რომელიც პრემიერთან დაპირისპირებული გია გაჩეჩილაძის მეგობარია, მესამე ფრაქციის, სადაც ძირითადად მაჟორიტარები შეიკრიბებიან, თავმჯდომარე კი გოჩა ენუქიძე გახდება. შიდაპარტიულ გადაჯგუფებას გამოეთიშა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი - ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოადგილედ დანიშნეს. იმის გამო, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატია, ამ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჯერჯერობით უცნობია, უმრავლესობის ლიდერის პოსტს შეინარჩუნებს თუ არა არჩილ თალაკვაძე. როგორც ამბობენ, შესაძლოა მან კახა კალაძესთან მერიაში გადაინაცვლოს. რა გახდა "ქართული ოცნების" ფრაქციებად დანაწევრების მიზეზი, ამ საკითხზე საჯაროდ არავინ არაფერს ამბობს, უმრავლესობის პასუხი ამ შეკითხვაზე სტანდარტულია - მართვის გაუმჯობესება. "კვირის პალიტრა" სუს-ის ხელმძღვანელის ახალდანიშნულ მოადგილეს, გრიგოლ ლილუაშვილს დაუკავშირდა:

"თუ საჭირო გახდა, სუს-ში ცვლილებებს განვახორციელებ"

- ბატონო გრიგოლ, რა გახდა თქვენი პარლამენტიდან წასვლის მიზეზი, მით უმეტეს, ფრაქციის დაშლის ფონზე?

- პირადად მე მხოლოდ ახალ გამოწვევებს დავეთანხმე და ამიტომ მომიწია პარლამენტის დატოვებამ. ეს არ გულისხმობს, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პროტესტის ნიშნად დავტოვე. ვახტანგ გომელაურმა რამდენიმე დღის წინ შემომთავაზა ამ პოსტზე გადასვლა, რასაც დავეთანხმე და პრემიერის თანხმობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადმოვინაცვლე. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რა მიმართულებით ჩავერთვები, თუმცა საზოგადოება ამასაც მალე შეიტყობს.

- რა კავშირი გაქვთ სუს-ის საქმიანობასთან, გაქვთ შესაბამისი გამოცდილება?

- ანალიტიკური საქმიანობა ყოველთვის იყო ჩემი მუშაობის განუყოფელი ნაწილი და ვფიქრობ, არ გამიჭირდება. პარლამენტში ორი თვის წინ დავიწყეთ ფრაქციის სამ ნაწილად დაშლაზე მსჯელობა, რათა ბევრად მობილური და ოპერატიული გახდეს "ქართული ოცნების" დეპუტატების მუშაობა.

- ეს ცვლილებები შიდა დაპირისპირებას არ უკავშირდება? მაგალითად, გია გაჩეჩილაძის მეგობრები, ბიძინა გეგიძე და ლევან გოგიჩაიშვილი, ცალკე ფრაქციას ქმნიან პრემიერსა და მომღერალს შორის საჯარო დაპირისპირების ფონზე.

- არასერიოზულია იმის თქმა, რომ პარლამენტში დაწყებული პროცესი გია გაჩეჩილაძის ბრალდებებს უკავშირდება. არც დაპირისპირება გვქონია, რადგან სწორედ იმ დღეს, როდესაც ახალი ფრაქციების შექმნის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, სრული უმრავლესობით საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღეთ.

- და თუ ორი თვის წინ დაიწყო პარლამენტში შიდა გადაჯგუფება, რატომ არ იყო ამის შესახებ პრემიერი ინფორმირებული?

- საპარლამენტო ცხოვრებას პარლამენტის თავმჯდომარე წარმართავს, ფრაქციებად დაშლა შესაძლოა არ იყო შეთანხმებული, თუმცა, ვფიქრობ, პრემიერისთვის არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი პარლამენტში ცვლილებები.

- კულუარებში ამბობენ, რომ ცვლილებები პარლამენტში მომავალშიც გაგრძელდება, ამასთან, ერთი ვერსიით, მმართველ გუნდში საუბარი იყო, რომ სოფო კილაძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი შეცვლიდა, სოფო კილაძე კი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდებოდა. ამ შემთხვევაში გიორგი კახიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნებოდა, ეკა ბესელია კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაუბრუნდებოდა.

- შესაძლოა ცვლილებები მართლაც მოხდეს, თუმცა ეს უსასრულოდ არ გაგრძელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.

- არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის ლიდერად დარჩება თუ მერიაში გადაინაცვლებს?

- ესეც უმრავლესობის გადასაწყვეტია, თუმცა, ვფიქრობ, არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის ღირსეული ლიდერია.

- იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები სუს-შიც? დიდი ხანია ამბობენ, რომ პოსტის დატოვება ვახტანგ გომელაურის მეორე მოადგილეს, სოსო გოგაშვილს მოუწევს.

- როდესაც ჩემს საკურატორო სფეროებში დეტალურად ჩავიხედები, საკადრო პოლიტიკასაც გადავხედავ - თუ საჭირო გახდა, ცვლილებებს განვახორციელებ, ხოლო მოადგილის პოსტს ვინ შეინარჩუნებს, ამ გადაწყვეტილებას ვახტანგ გომელაური მიიღებს.

- ვინ მოიაზრება თქვენს შემცვლელად, ხონის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად?

- მჯერა, რომ უმრავლესობა ჩემზე უკეთესს შეარჩევს. კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ არაფერი ვიცი.

"2020 წლისთვის ნიადაგის მოთელვა ახლა იწყება"

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პარლამენტში მიმდინარე ცვლილებებს ტექნიკურ გადაჯგუფებად აფასებს, საიდანაც შესაძლოა ახალი ოპოზიციური ძალები მივიღოთ: - საზოგადოდ, ნებისმიერი პარტიისთვის ხელსაყრელია, რაც შეიძლება მეტი ფრაქცია შექმნას პარლამენტში. გარდა შიდა ხარჯებისა, ეს აძლევს მათ შანსს, მეტი დრო ჰქონდეთ ტრიბუნასთან და საკუთარი ძალები უფრო წარმოაჩინონ, ვიდრე ერთ დიდ ფრაქციაში გაერთიანებულმა 86-მა კაცმა. პარტიის გამოსაცოცხლებლად ეს კარგი ვარიანტია, ამიტომაც, ვფიქრობ, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები მიმდინარეობს, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, ეს გადაჯგუფება შორს მიმავალ მიზნებზე იყოს გათვლილი.

- არსებობს ვერსია, რომ ეს შიდა დაპირისპირების გამო მოხდა, მათ შორისაა პრემიერისა და გია გაჩეჩილაძის დაპირისპირებაც.

- ვფიქრობ, პრემიერისა და გია გაჩეჩილაძის დაპირისპირებას არა აქვს კავშირი პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან. ფრაქციების შექმნა დაპირისპირების ფონზე არც კვირიკაშვილს აძლევს ბონუსს და არც გაჩეჩილაძეს. ჩემი აზრით, სხვა პოლიტიკურ გათვლასთან გვაქვს საქმე - ახალი ფრაქციის შექმნა პარლამენტში გამოავლენს ახალ სახეებს, რომელთაც დღეს მედია და საზოგადოება ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. მეორე პლანზე გადავლენ ე.წ. მოძველებული სახეები, წინა ხაზებს კი დღეს ჩუმად მყოფი დეპუტატები დაიკავებენ. რა თქმა უნდა, ეს ახალი პოლიტიკური კლასის გაჩენის მცდელობას გულისხმობს. ფაქტია, დღეს პოლიტიკურ ველზე კონკურენცია აღარ არსებობს, ვიღაცები ცდილობენ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შესაძლებლობები გაათანაბრონ, თუმცა რეალობა რადიკალურად განსხვავებულია - ოპოზიცია "ქართულ ოცნებას", ფაქტობრივად, არა ჰყავს, რაც თავად მმართველი პარტიისთვის არის დამაზიანებელი. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით, გაჩნდა მოთხოვნა ახალი ძალის ჩამოყალიბებისა, რომლის შექმნასაც "ქართული ოცნების" ერთი ჯგუფი პარლამენტში შეეცდება.

- თქვენი პროგნოზით, 2020 წლისთვის მზადება "ქართულ ოცნებაში" მყოფმა ჯგუფებმა უკვე დაიწყეს? რომელი ჯგუფები უპირისპირდებიან დღეს ერთმანეთს მმართველ პარტიაში?

- ვინ რომელ ფრთასთან არის დაპირისპირებული, რამდენიმე თვეში უფრო გამოჩნდება, მანამდე კი ნუ ვიმკითხავებთ. ფაქტია, გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დიდი ხანია არსებობს, "ქართული ოცნება" არ გახლავთ ტიპური პარტია, სადაც ერთი იდეოლოგიის ადამიანები არიან გაერთიანებული - აქ თავს იყრიან როგორც ლიბერალები, ისე კონსერვატორები, შესაბამისად, მათ შორის უთანხმოება ყოველთვის იქნება. ვფიქრობ, 2020 წლისთვის ნიადაგის მოთელვა იწყება. დაჯგუფდებიან ის პირები, რომლებსაც ერთი ხედვა აქვთ და მომავალში დღეს ერთი გუნდის წევრები ცალ-ცალკე იბრძოლებენ ხელისუფლებისთვის. ყოველ შემთხვევაში, დღეს ეს სურათი იკვეთება, ვნახოთ, რამდენად მიეცემათ "ქართულ ოცნებაში" მყოფ ჯგუფებს მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.

- რატომ აღმოჩნდა ამ პროცესების მიღმა პრემიერი, რომელიც ასევე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეა?

- ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ეს პარლამენტში მიმდინარე პროცესია, რომლის საქმის კურსშიც კვირიკაშვილი აუცილებლად იქნებოდა, თუმცა, შესაძლოა, მასთან ტექნიკური დეტალები არ იყო შეთანხმებული. ვფიქრობ, მასაც აწყობს პარლამენტში ახალი პოლიტიკური ნაყოფისთვის ნიადაგის მომზადება. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გუნდში სამთავრობო ცვლილებების გამო დუღილის ტემპერატურამ მაქსიმუმს მიაღწია - შეგახსენებთ, საკმაოდ მრავლად აღმოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც ღიად დაუპირისპირდნენ სტრუქტურულ ცვლილებებს, მათ შორის, როგორც გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მიერთების, ასევე ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების გამო. დუღილის ტემპერატურამ მმართველი გუნდისთვის დამაზიანებლად რომ არ ამოხეთქოს, აუცილებელია პოლიტიკური დინებების ხელოვნურად შექმნა, რომელიც დროთა განმავლობაში დაიწმინდება და საბოლოოდ, ველზე მხოლოდ ძლიერები დარჩებიან.

რუსუდან შელია