მოითხოვს თუ არა პროკურატურა მსოფლიო ბანის დაკავებას
23-12-2017
მოითხოვს თუ არა პროკურატურა მსოფლიო ბანის დაკავებას
"აუცილებელია საქველმოქმედო ფინანსური ანგარიშების აღწერა და მეტი გამჭვირვალობა,­ თუ როგორ იხარჯება ხალხის მიერ შეჭირვებული მოსახლეობისთვის გაღებული ფული. კითხვის ნიშნებია შესაწირ ყუთებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ყველა სავაჭრო ობიექტშია განთავსებული და მოსახლეობა აქტიურად აგდებს ფულს"

საქველმოქმედო ფონდ "იავ­ნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პროკურატურამ დაკითხვაზე 13 დეკემბერს დაიბარა, თუმცა თავად მსოფლიო ბანი საქართველოში ჩამოსვლას 8 იანვრამდე არ გეგმავს. შესაძლოა, სწორედ 8 იანვარს გამოჰკითხოს ის პროკურატურამაც - პაატა ბურჭულაძემ გამოძიების კითხვებს "იავნანას" ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების
შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით უნდა უპასუხოს, მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება კი"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ მოითხოვა. საქმის დეტალებზე "აფბას" ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- პროკურატურას ფონდ "იავნანას"­ შემოსავლებსა და ხარჯვასთან დაკავშირებით იმ მიზნით მივმართეთ, რომ საზოგადოებაში გაჩნდა უამრავი შეკითხვა­ - საქველმოქმედო მიზნებისთვის მილიონობით­
შეწირულ თანხას პაატა ბურჭულაძე პირადი ინტერესებისთვის იყენებდა თუ არა. მისასალმებელია, რომ ამ საქმით პროკურატურაც დაინტერესდა და ველოდებით, რა შედეგს დადებს გამოძიება. ამომწურავი პასუხი გვჭირდება კითხვებზე - იყენე­ბდა თუ არა ფონდის ფინანსებს პაატა ბურჭულაძე შვილის სამოგზაუროდ თუ კერძო ბინების შესაძენად, ან რატომ ვერ მიიღო დღემდე ბენეფიციარების ნაწილმა ნაჩუქარ საცხოვრისზე საკუთრების უფლება. კიდევ ერთი მთავარი შეკითხვა - დაფუძნების დღიდან მიღებული 10 მილიონი ლარიდან, რატომ დაიხარჯა ქველმოქმედებისთვის 3.260.000 ლარი? არსებობს ეჭვი, რომ პაატა ბურჭულაძე შემოწირულობის მესამედსაც კი, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, ქველმოქმედებისთვის იხარჯებოდა, არამიზნობრივად ხარჯავდა. ერთ ფაქტს­ გავიხსენებ: სახლებში, რომლებიც ბენეფიციარებს გადაეცათ, "იავნანამ" სულ 820.000 ლარი გადაიხადა, ხელფასებზე კი ადმინისტრაციამ 1.760.000 ლარი გამოიწერა, ანუ ორჯერ მეტი თანხა ფონდის თანამშრომლების ანაზღაურებაზეა გაფლანგული. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით იკვეთება, რომ კონცერტებში ფონდმა 2.390.000 ლარი დახარჯა მაშინ, როდესაც ამ კონცერტებიდან მხოლოდ 1.260.000 ლარის შემოსავალი მიიღო - ანუ კონცერტ­ები რომ არ ჩატარებულიყო და შემოსული თანხა პირდაპირ ბენეფიციარებს ჩარიცხოდათ, ისინი ორჯერ მეტ თანხას მიიღებდნენ. ამასთან, არსებობს მწვავე კითხვები მისი მეუღლის მოგზაურობის ფონდიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით, მეტიც, პაატა ბურჭულაძის მეუღლე საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებდა საქველმოქმედო ორგანიზაციიდან. აუცილებელია, საქველმოქმედო ფინანსური ანგარიშების აღწერა და მეტი გამჭვირვალობა,­ თუ როგორ იხარჯება ხალხის მიერ შეჭირვებული მოსახლეობისთვის გაღებული ფული. კითხვის ნიშნებია შესაწირ ყუთებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ყველა სავაჭრო ობიექტშია განთავსებული და მოსახლეობა აქტიურად აგდებს ფულს.

- გაქვთ მოლოდინი, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პროკურატურა მსოფლიო­ ბანის დაკავებას მოითხოვს?

- მოლოდინებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა ფაქტია, ბურჭულაძეს აუცილებლად მოუწევს პასუხების გაცემა გამოძიებისთვის, როგორც ვიცი, თავად ამისთვის მზადაა, რაც მისასალმებელია. დაველოდოთ, რამდენად არგუმენტირებული იქნება მისი პასუხები...

აპირებს თუ არა პაატა ბურჭულაძე გამოძიებასთან თანამშრომლობას, ამის გასა­რკვევად მის ადვოკატს, სოსო ბარათაშვილს დავუკავშირდით: - პაატა ბურჭულაძე საქართველოში 8 იანვარს ჩამოვა, მას კონცერტები აქვს დაგეგმილი, თუმცა მზად არის ყველაფერი გადადოს და პროკურატურას ჩვენება სწორედ 8 იანვარს მისცეს. სამწუხაროა, რომ იერიში მიიტანეს ისეთ ორგანიზაციაზე, რომლის საქმიანობაც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც - "იავნანა" ეხმარებოდა როგორც შეჭირვებულ ოჯახებს, ისე მაქსიმალურად ცდილობდა მსოფლიო მასშტაბით ქართული კულტურის პოპულარიზაციას. აბსურდია პაატა ბურჭულაძის რაიმე ტიპის პასუხისმგებლობაზე საუბარი, რადგან საქველმოქმედო ფონდში შესული ფინანსები სრულიად გამჭვირვალე გახლდათ. მზად ვართ, ნებისმიერ შეკითხვას ამომწურავად და ფაქტებით ვუპასუხოთ.

- პაატა ბურჭულაძე იღებს პასუხისმგებლობას იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ დღემდე ვერ იფორმებენ საჩუქრად­ მიღებულ საცხოვრისებს?

- პაატა ბურჭულაძე 2016 წლამდე­ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდ­ომარე იყო, შესაბამისად, ნებისმიერ სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში პირადად იღებდა მონაწილეობას - ბუნებრივია, ის პასუხისმგებლობას იღებს ყველაფერზე, თუმცა ბრალდებები აბსურდულია. პროკურატურა გვედავება, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში დადგმული ყუთების განკარგვა არასწორად ხდებოდა, თუმცა, ამ ყუთების დადგმა, გახსნა თუ გადატანა კანონის შესაბამისად ხორციელდებოდა, შემოწირული თანხა კი ანგარიშზე ირიცხებოდა და შემდეგ ნაწილდებოდა სხვადასხვა ღონისძიებაზე. რაც შეეხება კონცერტზე დახარჯულ თანხებს, სხვადასხვა პირის მოწვევისას ხარჯები დიდია, მათ შორის, დაბინავების თვალსაზრისით, მანქანები კი, რომელიც ბრალდებაშია ასახული, ფონდმა სწორედ სტუმრების გადაადგილებისთვის შეიძინა. პაატა ბურჭულაძის მეუღლე ძირითადად, საზღვარგარეთ უძღვებოდა ფონდის საქმიანობას, ის აწარმოებდა ცნობილ ვარსკვლავებთან მოლაპარაკებებს და თანხებიც ამ მიმართულებით იყო გათვალისწინებული. სწორედ პაატა ბურჭულაძის დამსახურება იყო, რომ მსოფლიო დონის მომღერლები­ საქართველოში ქველმოქმედების მიზნით ჩამოდიოდნენ - პაატა ბურჭულაძე ყველა ამ დეტალზე პროკურატურაში დასაბუთებულად ისაუბრებს.

რუსუდან შელია
ჩაპა
23 დეკემბერი 2017 10:32
თუ დამნაშავეა უნდა დაისაჯოს შერჩევითი სამართალი ღუპავს ქვეყანას !

რედაქტორის რჩევით