ლაშა თორდია: "ფარცხალაძეს ჩემზე თავდასხმას არ დავუვიწყებ"
25-12-2017
ლაშა თორდია: "ფარცხალაძეს ჩემზე თავდასხმას არ დავუვიწყებ"
"ფარცხალაძესთან ერთად, გამოძიებაც იმ მიმართულებით წავიდა, რომ მე ვარ პათოლოგი, გიჟი, მას პირველი დავესხი თავს და პირადი სივრცე დავურღვიე. ამაზე დიდი ცინიზმი რაღა იქნება?!"

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სკანდალურ საქმეებს - გერმანიაში ქურდობას, ყალბ დიპლომს და კითხვებს, თუ რატომ ჰქონდა მითითებული სხვადასხვა დოკუმენტში განსხვავებული ასაკი, 2017 წლის მაისში ე.წ. ელ ცენტროს ეპიზოდიც დაემატა, როდესაც სახელმწიფო აუდიტის მაშინდელი ხელმძღვანელი ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. "კვირის პალიტრამ" მაშინ
ექსკლუზიურად გამოაქვეყნა ინფორმაცია თანამდებობის ორი უკვე ყოფილი პირის დაპირისპირების მიზეზებზე, თუმცა მას შემდეგ შვიდი თვე გავიდა, გამოძიებამ დაჰკითხა ორივე და ინციდენტის მოწმეები, დიდი ხანია ამოღებულია ადგილზე დამონტაჟებული ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც - ოფიციალური პასუხი კი არ ჩანს, შვიდი თვის განმავლობაში გამოძიებამ ვერ შეძლო განესაზღვრა, ვინ
არის დაზარალებული და ვინ - თავდამსხმელი, ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა "ელ ცენტროს" ინციდენტზე. შეგახსენებთ: საქმე ეხება კონსტიტუციური ორგანოს მაშინდელი ხელმძღვანელის მიმართ სავარაუდოდ ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილ ძალადობრივ აქტს. როგორ იხსენებს შვიდი თვის წინ მომხდარ თავდასხმას და რას ითხოვს ახლა გამოძიებისგან, "კვირის პალიტრა" ლაშა თორდიას დაუკავშირდა, რომელიც შვიდთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ალაპარაკდა ე.წ. ელ ცენტროს საქმეზე:

- 2017 წლის მაისი ნამდვილად ცუდი გასახსენებელია ჩემთვის და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თავდასხმა პირდაპირ უკავშირდებოდა ჩემს იმჟამინდელ საქმიანობას - აუდიტის სამსახური მაშინ მერიის გადაწყვეტილებებს ამოწმებდა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებდა - ის მერიამ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა, ჩაუნაცვლა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სამჯერ დიდი ფართობით და დამატებით - მისთვის სასურველ ფართობზე აუქციონი ფარცხალაძეს მოარგო.
ასევე გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში პოლიტიკური შეხედულებისა თუ ვინმესთან მეგობრობის გამო, არც ერთი აუდიტორისთვის სუბიექტური მითითება არ მიმიცია, პირიქით, ხელს მაქსიმალურად ვუწყობდი მათ პროფესიულ დამოუკიდებლობას...

- ანუ არ არის მართალი, თქვენზე რომ ამბობენ, ფარცხალაძის საქმიანობის გამომჟღავნება პირადი ანგარიშსწორების გამო მოინდომაო?

- რა თქმა უნდა, ეს აბსურდია. საზოგადოებამ დაინახა, რომ აუდიტის სამსახური დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს და იმედი მაქვს, ახალი ხელმძღვანელის ხელში კურსი არ შეიცვლება.

- შვიდი თვის შემდეგ რას ამბობს გამოძიება "ელ ცენტროს" ინციდენტთან დაკავშირებით, ან რა გაგრძელება მოჰყვა პროკურატურაში თქვენ მიერ გაგზავნილ დოკუმენტებს, რომ ფარცხალაძემ სახელმწიფო ქონება, ფაქტობრივად, უკანონო გარიგებების საფუძველზე მიითვისა?

- "ელ ცენტროს" ინციდენტთან დაკავშირებით ფარცხალაძემ პასუხისმგებლობა არ აიღო, პირიქით, გამოძიებას ჩვენება მისცა, რომ მე დავესხი თავს - გამოძიებაც სწორედ აქ შეჩერდა და საქმის დეტალების გარკვევა, როგორც ჩემთვის ცნობილია, აღარ გაუგრძელებია. ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი ვიცი. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური ვითარების შეცვლისთანავე სიმართლე გაიმარჯვებს. არავინ იფიქროს, რომ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ, უბრალოდ, ყოფილ მთავარ პროკურორს ჩემზე თავ­დასხმას არ დავუვიწყებ, დაველოდები, როდის აღსრულდება სამართალი და მოეთხოვება პასუხი ფარცხალაძეს.

- ფიქრობთ, რომ მას სახელმწიფო სტრუქტურები მფარველობენ?

- რა თქმა უნდა, ფარცხალაძესთან ერთად, გამოძიებაც იმ მიმართულებით წავიდა, რომ მე ვარ პათოლოგი, გიჟი და ფარცხალაძეს პირველი დავესხი თავს და პირადი სივრცე დავურღვიე. ამაზე დიდი ცინიზმი რაღა იქნება?! ეს მაფიქრებინებს, რომ დღეს ფარცხალაძე ხელშეუხებელია, თუმცა ვიმეორებ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. შეჩერებულია აუდიტიდან პროკურატურაში გაგზავნილი მასალების საფუძველზე მერიის საქმიანობის გამოძიება, არადა, დოკუმენტურადაა აღწერილი, თუ როგორ მიანიჭა მერიამ ოთარ ფარცხალაძეს პრივილეგია, რატომ მისცა სახელმწიფო ქონება არარეალურად იაფად და ა.შ.

- თუმცა მერიასაც ჰქონდა მაშინ ბრალდება, რომ თქვენ მხოლოდ შუალედური ანგარიში წარმოადგინეთ და ეს არ იყო დასრულებული აუდიტორული რეკომენდაცია.

- როდესაც "ელ ცენტროს" ინციდენტი მოხდა, საზოგადოება ძალიან დაინტერესდა დაპირისპირების მიზეზით, სწორედ ამიტომ გავავრცელეთ ანგარიში, საბოლოო იყო თუ არა, ჩვენ მიერ წარმოდგენილ ფაქტებს ვერავინ გაექცევა, ამ ფაქტებით კი მტკიცდება, რომ დედაქალაქის მერიის შესყიდვების სააგენტომ ფარცხალაძეს დიდი რაოდენობით მიწა მისცა იაფად და უკონკურენტო გარემოში, რეალობა კი, რომ ფარცხალაძე დღესაც მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას და ალბათ ბიზნესსაქმიანობასაც, მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ვიღაც-ვიღაცები კანონზე მაღლა დგანან და ხელშეუხებელნი არიან, სახელმწიფო სისტემა კი მათ განუმტკიცებს რწმენას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც არ დაისჯებიან. სხვაგვარად ვერ ავხსნით იმას, რომ ჩემს ადვოკატს სახელმწიფო სტრუქტურები უპასუხებენ, გამოძიება გრძელდება და დეტალებს შეგატყობინებთო, შვიდი თვის განმავლობაში რას იძიებენ და რა ვერ დაადგინეს, გაუგებარია.

ლაშა თორდიასთან საუბრის შემდეგ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა ის ისევ არიდებს თავს მედიასთან ურთიერთობას.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები