"სპეციალურად ავრცელებენ ხმებს, თითქოს პრემიერი გადადგომას აპირებს" - კვირის პალიტრა

"სპეციალურად ავრცელებენ ხმებს, თითქოს პრემიერი გადადგომას აპირებს"

გია ხუხაშვილი: "პრემიერი წამოეგო იაფფასიან პროვოკაციას, არადა ქვეყნის პირველ პირს თმენის მაღალი ვალდებულება აქვს"

ევროპაში უვიზო რეჟიმის ამოქმედება, სამთავრობო ცვლილებები, სამინისტროების ოპტიმიზაცია, ახალი კონსტიტუცია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - 2017 წელი პოლიტიკური მოვლენებით მართლაც გამოირჩეოდა, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა წლის პოლიტიკური ფინალი, რომელიც პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენისას პრემიერ-მინისტრისა და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის დაპირისპირებას მოჰყვა. 2017 წლის პოლიტიკურ მოვლენებს ექსპერტ გია ხუხაშვილთან ერთად მიმოვიხილავთ.

- მთავრობის დამტკიცება, მცირე ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით, მეტ-ნაკლებად პოზიტიურად მიმდინარეობდა, პირადად მე სტრუქტურულ ოპტიმიზაციაზე კითხვები არა მაქვს, მხოლოდ ერთი საკითხი მაწუხებს - გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება და ბუნებრივი რესურსების კომპონენტის ეკონომიკის სამინისტროსთან შერწყმა, ვფიქრობ, არასწორია. სხვა მხრივ კი კრიტიკული შენიშვნების საფუძველი არ არსებობს, მით უმეტეს, რომ ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში მოვიდნენ პირები, რომლებიც ხალიჩის ქვეშ მოთამაშე პოლიტიკურ ჯგუფებს არ წარმოადგენენ და აქვთ შესაძლებლობა, სისტემური რეფორმა ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულების გარეშე განახორციელონ.ერთი სიტყვით, ამ პოზიტიურ პროცესს პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა, ფაქტობრივად, პოლიტიკური ფასი დაუკარგა - პრემიერი წამოეგო იაფფასიან პროვოკაციას, არადა, ქვეყნის პირველ პირს თმენის მაღალი ვალდებულება აქვს.

ვფიქრობ, უახლოეს თვეებში არც იგეგმება პრემიერის შეცვლა, თუმცა, როგორც ჩანს, კვირიკაშვილს დისკომფორტი მაინც ექმნება სამთავრობო ცვლილებებში მინიმალურად მონაწილეობის გამო, ასევე გავრცელებულ ხმებზე, რომ ის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას აპირებს, რომელსაც, ვფიქრობ, სპეციალურად ავრცელებენ, რათა საზოგადოებაში დაძაბულობა შექმნან.

- რა გამოავლინა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა თუ წინასაარჩევნო პროცესმა, იზრდება თუ არა ქვეყანაში საარჩევნო კულტურა?

- 2017 წლის არჩევნებმა არცთუ სახარბიელო მდგომარეობა კიდევ ერთხელ დაგვანახა - ამომრჩეველი აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკური ელიტისგან, მოსახლეობის 60% მხარს არ უჭერს. ფაქტი, რომ ამომრჩეველთა 60% არჩევნებზე არ გამოცხადდა, ნიშნავს, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულ კრიზისშია, ქვეყანაში გვყავს ცუდი ხელისუფლება და ცუდი ოპოზიცია, არჩევნებზე კი მოქალაქეები მხოლოდ იმისთვის მიდიან, რომ ვიღაცის წინააღმდეგ მისცენ ხმა ან შესაბამისი მატერიალური დახმარება მიიღონ. ასეთ ნეგატიურ არჩევნებში ყოველთვის ის იგებს, ვინც მეტ ფულს იხდის - ხელისუფლებას კი ფინანსური უპირატესობა როგორც წინასაარჩევნოდ, ისე არჩევნების დღესაც ჰქონდა.

- და რომელიმე პოლიტიკურ ძალას რომ მეტი ფული ჰქონოდა, "ქართული ოცნების" დამარცხებას მოახერხებდა?

- სისტემა ისეა აწყობილი, სხვა პოლიტიკურ ძალას სახელისუფლებო პარტიაზე მეტი ფული ვერ ექნებოდა - ხელისუფლება ყოველთვის აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს, განსაკუთრებით, პარტიებში. ალტერნატიული სალარო რომც გაჩნდეს,

პარტიულ-პოლიტიკური ელიტა იმდენად დისკრედიტირებულია, რომ ამომრჩევლის მობილიზებას მაინც ვერ მოახერხებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა დაგვანახა, რომ ამომრჩევლის 70% ელოდება მესამე არჩევანს, რომელსაც პოლიტიკური ელიტა ვერ სთავაზობს - დღეს გვყავს ან მუდმივად დამარცხებული პარტიები, ან კომპრომეტირებული და დისკრედიტირებული პოლიტიკოსები. თუმცა, რადგან სამყარო მუშაობს პრინციპით - თუ მოთხოვნა არსებობს, მიწოდებაც აუცილებლად გაჩნდება, ვფიქრობ, მესამე ძალის გამოჩენის ალბათობა დიდია.

- საბედნიეროდ, 2017 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ - რამდენად სწორად ახერხებს ქვეყანა ამ უზარმაზარი შესაძლებლობის გამოყენებას?

- შენგენის ზონაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ევროპასთან ინტეგრაცია შესაძლებელია მხოლოდ თანაბარი კეთილდღეობის პირობებში - თუ ვერ შევძელით ეკონომიკის განვითარება და ევროკავშირის სტანდარტთან მიახლოება, შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს ჩვენთვის, რადგან ახალგაზრდების დიდი ნაწილი ქვეყნიდან გამგზავრებაზე ოცნებობს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ლამაზი ცოლი თუ გინდა, პირი მაინც უნდა დაიბანო.

რამდენიც უნდა გველაპარაკონ ეკონომიკური ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელზე, სოციალური სტატუსი გაუარესდა და მოსახლეობის მაცივარი დღეს ბევრად ნაკლებად ივსება, ვიდრე 2012 წელს ვახერხებდით.

- წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, რამდენად ძლიერი იქნება მმართველი პარტიის პოზიციები მომავალი წლის არჩევნებში?

- გასაგებია, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი კიდევ უფრო მინიმალური ფიგურა გახდა, თუმცა ეს არჩევნები 2020 წლის გენერალური რეპეტიცია იქნება - თუ სახელისუფლებო გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, ის 2020 წელს აუცილებლად დამარცხდება. არსებულ პოლიტიკურ მოზაიკაში კი ვერ გამოვრიცხავთ, გამოჩნდეს ზეპარტიული ფიგურა, რომელმაც შესაძლოა კონიუნქტურა დაანგრიოს და არჩევნებში გაიმარჯვოს.

ჯერჯერობით იკვეთება, რომ შესაძლოა არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი, ალეკო ელისაშვილი და დავით უსუფაშვილი ჩაერთონ, თუმცა ელისაშვილი მაინც ლოკალური ფიგურაა და მას რეგიონებში ნაკლებად იცნობენ, შესაბამისად, მისი შანსი მცირეა. რაც შეეხება მარგველაშვილის შანსს, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ანგარიშგასაწევი ძალა გამხდარიყო, თუმცა პოლიტიკური დინამიკა ვერ გამოავლინა, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც მისთვის ძალაუფლება პრივილეგია სულაც არ გახლავთ. დავით უსუფაშვილი კი ყოველთვის ელექტორატის სიმწირით გამოირჩეოდა და არც ახლაა მისი გამარჯვების დიდი შანსი, თუმცა პირადად მე უსუფაშვილისთანა პრეზიდენტს ნამდვილად ვისურვებდი. სხვათა შორის, კვირიკაშვილის შანსი მაღალია.

რუსუდან შელია