"ეს იყო მართული პროცესი და მიზნად დესტრუქციას ისახავდა" - კვირის პალიტრა

"ეს იყო მართული პროცესი და მიზნად დესტრუქციას ისახავდა"

"ვიღაც ტიპები ხალხის მასაში შემოდიოდნენ, აჭარლებს თათრებს გვეძახიან თბილისელები "ფეისბუკშიო"

34 დაშავებული მოქალაქე, 7 დამწვარი მანქანა და უზარმაზარი ზარალი - ეს ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების ციფრებში გამოხატული შედეგია, თუმცა ბევრად მძიმეა იმის გააზრება, რომ ვიღაც თუ რაღაც ჯგუფი პროცესს გამიზნულად მართავდა და აგრესიის მომწიფებას ხელს პარტიზანული ლოზუნგებით უწყობდა.

მოვლენებს ქრონოლოგიურად გავყვეთ: მძღოლსა და საპატრულო პოლიციას შორის ინციდენტი ჯერ საპროტესტო აქციაში გადაიზარდა, შემდეგ კი - არეულობაში. აქცია ბათუმში 11 მარტს, დაახლოებით ოთხ საათზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე, "ბათუმი-პლაზასთან" დაიწყო. აქციის მიზეზად მონაწილეები ასახელებდნენ ინციდენტს საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეს შორის - პატრულმა მოქალაქე ჯერ არასწორი პარკირებისთვის დააჯარიმა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავა. დააკავეს მოქალაქის თანმხლები პირიც. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ პოლიციამ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამან გამოიწვია სპონტანური აქცია, რომელიც მოკლე ხანში ხალხმრავალი გახდა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ დაკავებული მოქალაქისა და მისი თანმხლები პირის გათავისუფლებას და ასევე, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენებას, რომელიც, მათი თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აიძულებდა დიდი ოდენობით ჯარიმების გამოწერას. აქციის მონაწილეებმა "ბათუმი-პლაზასთან" გზა გადაკეტეს. მოგვიანებით პოლიციამ დერეფანი გააკეთა და დაიწყო პოლიციის პიკაპების მობილიზება. საღამოს 7 საათზე "ბათუმი-პლაზასთან" აქციის პარალელურად, დაიწყო მეორე აქცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან. მონაწილეთა შორის იყვნენ ახალგაზრდები და ხანდაზმულებიც, უმეტესად, მამაკაცები. მივიდნენ სამთავრობო და ოპოზიციური პარტიის წევრებიც... აქცია პოლიციის შენობასთან მალევე გახდა უმართავი, მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, დაამტვრიეს და დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციისა და სამოქალაქო პირების მანქანებს. პოლიცია აქციის მონაწილეებს პერიოდულად ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით პასუხობდა. დაახლოებით ღამის 3 საათზე შს სამინისტრომ აქციაზე დაკავებული ექვსი პირი გაათავისუფლა, თუმცა პროტესტი არ შეწყვეტილა - მონაწილეები ისევ მოითხოვდნენ საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენებას და გაჩნდა ახალი მოთხოვნებიც - "გადადგეს მთავრობა". დილის 5 საათზე პოლიციის შენობასთან სპეცრაზმი გამოჩნდა და დილის 7 საათზე აქცია უკვე დაშლილი იყო.

პოლიციამ 40-მდე კაცი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ლევან ცინცაძეს, რომელიც აქციის მონაწილე იყო და დაკავებულიც გახლდათ, თუმცა გაათავისუფლეს:

- აქცია მშვიდობიანი მოთხოვნით დაიწყო, მეც იმიტომ შევუერთდი. მეც მქონდა შემთხვევა, როდესაც ჩავთვალე, რომ პატრულის ეკიპაჟმა უსამართლოდ დამაჯარიმა. ამის გაპროტესტება ვცადე, მაგრამ მოვლენები მოულოდნელი სცენარით განვითარდა. ვიღაც ტიპები ხალხის მასაში შემოდიოდნენ, აჭარლებს თათრებს გვეძახიან თბილისელები "ფეისბუკშიო", გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობას ხსნიან და ვიღაცები მოდიან დედაქალაქიდანო. იქ შეკრებილებს ამაზე თვალები აგრესიისგან ენთებოდათ, ინფორმაციის მომწოდებლები კი ორ წუთში ქრებოდნენ და მერე ისევ ბრუნდებოდნენ"ახალ-ახალი "ინფორმაციით".

- ვინ იყო ეს ჯგუფი?

- ვერ გეტყვით და როგორც ვიცი, გამოძიებასაც არ გამოუვლენია, რა მიზანი ჰქონდათ და რატომ ავრცელებდნენ მსგავსი შინაარსის ამბებს. ცოტა ხანში კიდევ სხვა ჯგუფმა ლუდი მოიტანა, ამის შემდეგ მეტი ახალგაზრდა შეუერთდა აქციას, ძმაკაცებსა და ნაცნობებს ურეკავდნენ, მოდით, ლუდი დავლიოთო. ნასვამ და აღტყინებულ ახალგაზრდებს ვეღარაფერი შეაჩერებდა, პოლიციაც უსუსური ჩანდა, რამაც უფრო შეაგულიანა მონაწილეები. ამის შემდეგ დაიწყო ვანდალური დარბევა და მივხვდი, რომ აქ სულ სხვა ინტერესები ტრიალებდა, ვიდრე სიმართლის დაცვა იყო და იქაურობას გავეცალე. "თათრები", "აჭარა თურქებისაა" - ასეთი განცხადებები ისევ ჩნდება სოციალურ ქსელში, თუმცა იმედი მაქვს, 11-12 მარტის ვანდალიზმი აღარ განმეორდება".

"კვირის პალიტრა" აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარიძეს დაუკავშირდა:

- ეს იყო მართული პროცესი და მიზნად დესტრუქციას ისახავდა. პროვოკატორები, ვისაც არ უყვარს სამშობლო და არ სურს ჩვენი ქალაქის განვითარება, გამოძიებამ დააკავა. ესენი არიან ირაკლი ჩხვირკვია და მერაბ ღოღობერიძე. 11-12 მარტის მოვლენები აღარასოდეს განმეორდება საქართველოში.

რუსუდან შელია