"თუ რუსეთი გადაწყვეტს შთანთქას საქართველო, ეს უკვე აღარ იქნება ისრაელის პრობლემა"
25-12-2017
"თუ რუსეთი გადაწყვეტს შთანთქას საქართველო, ეს უკვე აღარ იქნება ისრაელის პრობლემა"
ებრაელი პოლიტოლოგის,  „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტის, რაბინ აბრაამ შმულევიჩის განცხადებამ საქართველოში ბევრი აღაშფოთა.

როგორც ჩანს, ებრაელი ანალიტიკოსი უკმაყოფილოა იმით, რომ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, საქართველომაც იგივე არ გააკეთა. აი, რას წერს იგი:

"თუ საქართველო გადაწყვეტილების მიღებისას თავის სხვა პარტნიორებს გასცქერის - ებრაული სახელმწიფოს მოსისხლე მტრებს, ერდოღანსა და ირანს, მით უმეტეს, ისრაელმა უნდა იხელმძღვანელოს პრაგმატული მოსაზრებებით. ამიერიდან საერთაშორისო არენაზე საქართველოს ისრაელის არანაირი უპირობო მხარდაჭერა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის
საკითხში, აღარ უნდა ჰქონდეს. თუ რუსეთი გადაწყვეტს, მთლიანად შთანთქას ან დაანაწევროს საქართველო, ეს უკვე აღარ იქნება ისრაელის პრობლემა". რატომ ავლებს პარალელს აბრამ შმულევიჩი იერუსალიმსა და სოხუმ-ცხინვალის აღიარებასთან, ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" მწვავე განცხადებებით ცნობილ რაბინსა
და ექსპერტს ესაუბრა:

- "აღიარეთ იერუსალიმი, თორემ ჩვენ დავფიქრდებით სოხუმისა და ცხინვალის აღიარებაზე" - საქართველოში თქვენი განცხადება­ პოლიტიკურ შანტაჟად შეაფასეს.

- ისრაელისთვის იერუსალიმის საკითხი სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. წესით, საქართველოში ამდენი უნდა ესმოდეთ. ქართული წყაროების მიხედვით, ებრაელები საქართველოში 26 საუკუნის წინ მოვიდნენ. როგორც ჩანს, თვლით, რომ საქართველო-ისრაელს შორის მხოლოდ პრაგმატული ურთიერთობა უნდა იყოს და საქართველოს­ ინტერესების მიხედვით უნდა წარიმართოს. თუ ასეა, ჩვენც ჩვენს ინტერესებს მივხედავთ. იმ ხალხმა, ვინც პარლამენტარი შალელაშვილი ისრაელის მხარდამჭერი მოწოდების გამო გააკრიტიკა, განაცხადა, რომ ისრაელი ისეთივე ქვეყანაა საქართველოსთვის, როგორიც ურუგვაი ან ახალი ზელა­ნდია. ჰოდა, ჩვენთვისაც საქართველო ურუგვაი და ზელანდია იქნება.

ახლახან ამერიკელ კოლეგას ვესაუბრებ­ოდი აფხაზეთზე. მითხრა, რომ აფხაზეთი საქართველოს არ დაუბრუნდება და ეს გადაწყვეტილი ამბავია. ვუთხარი, რომ ეს მორალურად არასწორია, რომ არსებობენ დევნილები. მიპასუხა, მსოფლიოში უამრავი­ დევნილია, რომლებიც ასევე ვერ დაუბრუნდ­ებიან თავიანთ მიწა-წყალსო. კიდევ შევეკამათე, მაგრამ მხოლოდ მორალური არგუმენტები მქონდა. რატომ გავიხსენე­ ეს? თუ საქართველო ისრაელის ტერიტორიულ მთლიანობას არ უჭერს მხარს, არც მე მაქვს მორალური ვალდებულება საქ­ართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დავუჭირო მხარი.

- და რა არის ეს, თუ არა ულტიმატ­უმის ენით საუბარი? გამოდის, აფხაზეთსა და ცხინვალს ისრაელი იმიტომ არ აღიარებს, რომ საქართველოსთან რაღაც ვალდებულებები­ აქვს, და არა იმიტომ, რომ 2008 წელს ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის ანექსია მოხდა, რაც მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის.

- რაც 2008 წელს მოხდა, ეს აგრესია­ იყო, მაგრამ იერუსალიმის საკითხი ჩვენთვის­ ისეთივე მტკივნეულია, როგორიც თქვენთვის აფხაზეთი და ოსეთი. ეს ჩვენი ისტორიული მიწაა და ჩვენ დღეს მტრულ რეგიონში გადარჩენისთვის ვიბრძვით...

- თუ ამერიკის შემდეგი პრეზიდენტი, ვთქვათ, დემოკრატებიდან იქნება და ტრამპის ნათქვამს გადათქვამს, მაშინ როგორ მოიქცევით? გამოხვალთ და ვაშინგტონსაც წაუკითხავთ ლექციას მორალსა და პრაგმატულობაზე?

- ბევრ ქვეყანას ისედაც აქვს ასეთი პოზიცია. თუ ასე მოხდება,­ ამას დავგმობ.

- თქვენ, როგორც კავკასიის მკვლევარს,­ ალბათ, მშვენივრად გესმით, საქართველომ მართლაც რომ გადადგას მსგავსი ნაბიჯი, არს­ებობს რისკი, რომ საპასუხოდ არაბული სამყ­აროს ქვეყნები აღიარებენ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს.

- ვერ დაგეთანხმებით. არა მგონია. მთავარი ის კი არ არის, რომ საქართველომ­ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად არ აღიარა, მე აღმაშფოთა ქართველი საზოგადოების ხისტმა პოზიციამ. მით უმეტეს, რომ ფარდებს მიღმა უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს ანექსირებული ტერიტორიების სტატუსსა და მომავალზე. მთავარი მოთამაშე აქ რუსეთია და არა შტატები. პოლიტიკური რუკა შეიცვლება - საზღვრები ისე გადაკეთდება, როგორც რეალობას შეესაბამება, ამას მიიღებენ და აღიარებენ. პროცესი უკვე დაწყებულია, სწორედ ეს ვნახეთ ქურთისტანში. ტრამპის განცხადება ამ პროცესს ლეგიტი­მაციას სძენს. საქართველოს ოკუპირებუ­ლი ტერიტორიების საკითხსაც მალე განიხ­ილავენ.

- თუ ეს ახალი პოლიტიკური რეალობა­ დადგება, თქვენი ლოგიკით, "გაბრაზებულმა" ისრაელმა საქართველოს მხარი არ უნდა დაუჭიროს და უნდა მიემხროს რუსეთს, რომელიც როგორც მოესურვება, ისე ხაზავს საზღვრებს?

- არა, არ უნდა დაუჭიროს. მე ვეწინააღმდეგები რუსულ აგრესიას. მეორე მხრივ, უნდა გავიაზროთ, რომ ფარდისმიღმა ვაჭრობისას სხვადასხვა არგუმენტი იქნება წარმოდგენილი და უნდა ვიცოდეთ, რა პოზიცია გვექნება:­ მორალური თუ პრაგმატული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იერუსალიმი იგივეა ისრაელისთვის, რაც ცხინვალი საქართველოსთვის. ერთნაირი უფლება გვაქვს, ამ რეგიონების დაბრუნება მოვითხოვოთ.

- თურქეთზე რას იტყვით? თურქეთიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ის, რასაც თქვენ მოითხოვთ და საბედნიეროდ, არ მოითხოვს ისრაელის მთავრობა, ნიშნავს, რომ საქართველომ არჩევანი გააკეთოს ორ პარტნიორს შორის. ასეთ პრაგმატიზმს გვთავაზობთ?

- ზოგჯერ დიპლომატიის ხელოვნებაც ის არის, რომ არჩევანი არ გააკეთო, მაგრამ თუ თქვენ თვლით, რომ იერუსალიმი არ არის ებრაული ქალაქი, მაშინ ეს ჩვენ მხრებიდან მოგვხსნის მორალურ ვალდებულებებს.

- მორალს რაც შეეხება,­ ძალიან გამიკვირდა, როდესაც­ "ფეისბუკზე" ამ სტატუსის ქვემოთ ვნახე თქვენი­ კომენტარი, სადაც წერია: "საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა შეცდომა აღმოჩნდა. უმჯობესი იქნებოდა, იმ ომში რუსეთისთვის დაგვეჭირა მხარი". სად არის აქ მორალი? და კიდევ ერთი რამ - თქვენ ასწავლიდით ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანუ საქართველოს სახელმწიფო, გიხდიდათ ფულს, რომელსაც გარკვეულწილად მეც გიხდიდით, როგორც გადასახადების გადამხდელი. ამ ყველაფრის ფონზე, არ გეუხერხულებათ მსგავსი განცხადების გაკეთება და თან მორალზე საუბარი?

- თქვენ ჩემთვის არაფერი გადაგიხდ­იათ. თუ გინდათ სხვა ქვეყნებისგან იყიდოთ­ იარაღი, კი ბატონო, არავინ გიშლით. 2007-2008 წლებში რუსეთი ზეწოლას ახდენდა ისრაელზე, რომ შეგვეწყვიტა თქვენთვის იარაღის მიწოდება, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და ეს ბევრი პრობლემის ფასად დაგვიჯდა.­ ჩვენ შევაიარაღეთ და მოვამზადეთ ქართული არმია! ახლა კი აცხადებთ, რომ თურმე­ პრაგმატულები უნდა იყოთ, ვალდებულებები გაქვთ ირანის, თურქეთის წინაშე. მაშინ რატომ ელოდებით ისრაელისგან განსხვავებულ მიდგომას? იერუსალიმის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.­ თქვენ მოგეწონებათ, რუსეთმა რომ პრეტ­ენზია გამოთქვას თბილისზე?

- ეს რა შედარებაა? პალესტინელებს იგივე უფლება აქვთ პრეტენზია გამოთქვან იერუსალიმზე, როგორც რუსებს თბილისზე­ - როგორც პოლიტოლოგი და ისტორიკოსი, ამ დასკვნამდე როგორ მიხვედით?

- თუ საქართველოში თვლით, რომ პალესტინელებს რაიმე უფლება აქვთ იერ­უსალიმზე, მაშინ ეს ანტიებრაული პოზიციაა და არაფრით განსხვავდებით თუნდაც თურქეთისგან. სულ რაღაც 100 წლის წინ რუსეთმა თბილისი დაიპყრო, ისევე როგორც არაბებმა იერუსალიმი - პირველად 1500 წლის, მეორედ კი 560 წლის წინ. ებრაელები საქართველოში ჩამოვიდნენ, როდესაც ბაბილონელებმა იერუსალიმი დაიპყრეს. ჩვენ უძველესი ერები ვართ და სხვა ერებს, ჩვენზე უფრო ახალგაზრდებს, მსგავსი ისტორიული მეხსიერება არა აქვთ.

- რა შუაშია ეს ყველაფერი დღევანდელ­ სამყაროსთან? მაპატიეთ, მაგრამ თქვენი კონცეფცია უფრო ისტორიულ ნაციზმს წააგავს,­ ვიდრე პოლიტიკურ თეორიას... ისე, საინტერესოა, რომ ქართველებისა და ებრაელების 26-საუკუნოვანი მეგობრობა მაშინ არ გაგახსენდათ, როდესაც ულტიმატუმზე საუბრობდით.

- როგორც გენებოთ, ისე ჩათვალეთ. ახლა კი მაპატიეთ, უნდა დაგემშვიდობოთ.

ვაჟა თავბერიძე
levani
10 იანვარი 2018 17:57
ეს კაცი უნდა გააძევონ ქვეყნიდან,!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მიშა
10 იანვარი 2018 17:49
ერთი მითხარით ვის გჯერათ რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაუბრუნდება საქართველოს. ჯერ რუსეთი. მიერ დანიშნული ბიძო ვერ მოგვიშორებია და რომელ დაკარგულ ტერიტორიაზეა საუბარი

რედაქტორის რჩევით