"ტრამპმა გაბედა და..." - კვირის პალიტრა

"ტრამპმა გაბედა და..."

რას მოუტანს საქართველოს "იერუსალიმისთვის ბრძოლა"

თეთრ სახლში შესვლიდან მეთერთმეტე თვეს აშშ-ის პრეზიდენტმა მსოფლიო პოლიტიკაში გარდამტეხ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი - ამერიკა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს და ყველა პარტნიორს მისი გადაწყვეტილების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება. ტრამპის გადაწყვეტილებას მყისიერად მოჰყვა "ჰამასის" ლიდერის ისმაილ ხანის განცხადება, რომ ტრამპის გადაწყვეტილებამ სამშვიდობო პროცესი ჩაკლა, გამოსავალი კი ახალი აჯანყების დაწყება იქნება.

ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთს შორის მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოს ირგვლივ დაძაბულობის რკალი იკვრება. ამერიკისა და თურქეთის საგარეო პოზიციები სულ უფრო შორდება ერთმანეთს, კიდევ ერთი "ცხელი" კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში საქართველოს კარგს არაფერს უქადის. არ დაგვავიწყდეს ევროპის პოზიციაც - გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე ამერიკის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღეს. კენჭისყრაზე საქართველო არ დარეგისტრირებულა.

როგორ განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში და რა გავლენას მოახდენს საქართველოზე? "კვირის პალიტრა" სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ვასილ კაჭარავას ესაუბრა:

- ჩვენი ორი სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთისა და ამერიკის ურთიერთობა სულ უფრო მწვავდება - თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია, ტრამპს მსოფლიოში დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს. ამერიკამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება ოცი წლის წინ გადაწყვიტა, თუმცა ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ გაბედა გადაწყვეტილების აღსრულება. ტრამპი წინასაარჩევნოდ ჰპირდებოდა ებრაელებს იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გადავიტანო და დაპირება შეასრულა.

- დღეს რატომ დასჭირდა ტრამპს ისრაელთან ასეთი მჭიდრო კავშირის დამყარება და, ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებით მსოფლიოსთან მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება?

- ისრაელი ყოველთვის ამერიკის ერთგული მოკავშირე იყო, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ამერიკისგან ფინანსურ დახმარებას წლების განმავლობაში იღებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ამერიკას ერთგულებით არ პასუხობენ. ტრამპს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს, რაც დიდი ხანია გაცხადებული აქვს - ამერიკა ისევ ნომერი პირველი სახელმწიფო უნდა გახდეს მსოფლიოში, რაც მისი პარტნიორებისთვისაც კარგი იქნება, მათ შორის, საქართველოსთვის. ამერიკაში ძლიერი ებრაული ლობი მოქმედებს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მათი მხარდაჭერა ტრამპს აუცილებლად სჭირდება, ასევე, ისრაელისა და ამერიკის მჭიდრო კავშირი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის გავლენის მტკიცედ დაბრუნებას ნიშნავს.

რაც შეეხება არაბულ სამყაროს, ისინი ყოველთვის უკმაყოფილოები არიან ამერიკის ნებისმიერი გადაწყვეტილებით, ვერც მათი მუქარა შეუქმნის ტრამპს პრობლემებს, მით უმეტეს, რომ დასრულდა პერიოდი, როდესაც არაბულ სამყაროს ამერიკის დაშანტაჟება ენერგორესურსებით შეეძლო. ამერიკასაც აქვს საკუთარი რეზერვები, 10-15 წელიწადში კი ნავთობსა თუ გაზს ალტერნატიული წყაროებით სრულად ჩაანაცვლებს. ექსპერტთა ნაწილის აზრით, იერუსალიმის დედაქალაქად აღიარების შემდეგ ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკების ძაფი გაწყდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ყინულის დაძვრას. ამასთან, ამერიკა გადაწყვეტილებას იოლად არასოდეს იღებს. მას ყოველთვის დეტალურად აქვს გათვლილი ყველა მოსალოდნელი სცენარი.

- საქართველო წლებია იღებს დაფინანსებას ამერიკისგან, ის ჩვენი მთავარი პარტნიორია, თუმცა მეზობლად გვყავს პარტნიორი სახელმწიფო - თურქეთი, რომელიც ტრამპს საჯაროდ ემუქრება და იერუსალიმის დედაქალაქად აღიარების კატეგორიული წინააღმდეგია. რამდენად სწორი გამოსავალი იპოვა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ გაეროს კენჭისყრაზე არ გამოცხადდა და რამდენ ხანს დაელოდებიან პარტნიორი სახელმწიფოები ამ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას?

- დარწმუნებული ვარ, მსოფლიო პოლიტიკაში ამერიკის ხისტი გადაწყვეტილებებით დაბრუნება საქართველოსთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება. ობამას პრეზიდენტობისას, რომელიც დათმობებით იყო ცნობილი, ამერიკის როლი მსოფლიო პოლიტიკაში დაიჩრდილა და ეს უპირველესად მის პარტნიორ სახელმწიფოებს აზიანებს. რაც შეეხება რეზოლუციას, საქართველომ სწორი პოზიცია დაიკავა. საქართველო აშშ-ის უერთგულესი მოკავშირეა, ისევე როგორც თავად ამერიკა - არაერთხელ გამოჩნდა, რომ კრიტიკულ მომენტში, ამერიკის გარდა, ყველა ზურგს გვაქცევს. ევროპას არ ვუკარგავ მხარდაჭერას, თუმცა რეალობასაც ვერ გავექცევით. რაც შეეხება თურქეთს, არ მჯერა, რომ რუსეთ-თურქეთის შეხმატკბილებული პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდება. ვფიქრობ, ამერიკის ჯიბრზე აკეთებენ პარტნიორულ განცხადებებს. საერთოდ, რუსეთის ავტორიტარული რეჟიმი მთელ მსოფლიოში შელახულია, ის მხოლოდ ასადის რეჟიმისთვის გახდა მისაღები. რუსეთს აღარც აქვს ძალა მსოფლიო პოლიტიკაში გავლენის დასაბრუნებლად. მას მხოლოდ ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოების გამწარება შეუძლია. თუმცა, თუ ამ პროცესმა საქართველოსთვის საფრთხე მაინც შექმნა, ისე, როგორც არასდროს, ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა დაგვჭირდება - იერუსალიმის აღიარების საკითხზე დასაფიქრებლად კი ჯერ დრო გვაქვს.

- მანამდე გვაქვს ტრამპის განცხადებაც, რომ ყველა პარტნიორ სახელმწიფოს მოინიშნავს, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ...

- რეზოლუცია დეკლარაციული ხასიათისაა, რომელიც გარკვეულ როლს აუცილებლად შეასრულებს ამერიკასა და მის პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, თუმცა ცვლილებები მყისიერად არ დაიწყება. შესაძლოა გაეროს შეუმცირდეს დაფინანსება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს შეეხება.

რუსუდან შელია