"თუ რუსეთი გადაწყვეტს, მთლიანად შთანთქას საქართველო, ეს უკვე აღარ იქნება ისრაელის პრობლემა" - კვირის პალიტრა

"თუ რუსეთი გადაწყვეტს, მთლიანად შთანთქას საქართველო, ეს უკვე აღარ იქნება ისრაელის პრობლემა"

"ჰოდა, ჩვენთვისაც საქართველო ურუგვაი და ზელანდია იქნება"

ებრაელი პოლიტოლოგის,"აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუტის" პრეზიდენტის, რაბინ აბრაამ შმულევიჩის განცხადებამ საქართველოში ბევრი აღაშფოთა.

როგორც ჩანს, ებრაელი ანალიტიკოსი უკმაყოფილოა იმით, რომ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, საქართველომაც იგივე არ გააკეთა. აი, რას წერს იგი:

"თუ საქართველო გადაწყვეტილების მიღებისას თავის სხვა პარტნიორებს გასცქერის - ებრაული სახელმწიფოს მოსისხლე მტრებს, ერდოღანსა და ირანს, მით უმეტეს, ისრაელმა უნდა იხელმძღვანელოს პრაგმატული მოსაზრებებით. ამიერიდან საერთაშორისო არენაზე საქართველოს ისრაელის არანაირი უპირობო მხარდაჭერა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, აღარ უნდა ჰქონდეს. თუ რუსეთი გადაწყვეტს, მთლიანად შთანთქას ან დაანაწევროს საქართველო, ეს უკვე აღარ იქნება ისრაელის პრობლემა". რატომ ავლებს პარალელს აბრამ შმულევიჩი იერუსალიმსა და სოხუმ-ცხინვალის აღიარებასთან, ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" მწვავე განცხადებებით ცნობილ რაბინსა და ექსპერტს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- "აღიარეთ იერუსალიმი, თორემ ჩვენ დავფიქრდებით სოხუმისა და ცხინვალის აღიარებაზე" - საქართველოში თქვენი განცხადება პოლიტიკურ შანტაჟად შეაფასეს.

- ისრაელისთვის იერუსალიმის საკითხი სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. წესით, საქართველოში ამდენი უნდა ესმოდეთ. ქართული წყაროების მიხედვით, ებრაელები საქართველოში 26 საუკუნის წინ მოვიდნენ. როგორც ჩანს, თვლით, რომ საქართველო-ისრაელს შორის მხოლოდ პრაგმატული ურთიერთობა უნდა იყოს და საქართველოს ინტერესების მიხედვით უნდა წარიმართოს. თუ ასეა, ჩვენც ჩვენს ინტერესებს მივხედავთ. იმ ხალხმა, ვინც პარლამენტარი შალელაშვილი ისრაელის მხარდამჭერი მოწოდების გამო გააკრიტიკა, განაცხადა, რომ ისრაელი ისეთივე ქვეყანაა საქართველოსთვის, როგორიც ურუგვაი ან ახალი ზელანდია. ჰოდა, ჩვენთვისაც საქართველო ურუგვაი და ზელანდია იქნება.

- თქვენ, როგორც კავკასიის მკვლევარს, ალბათ, მშვენივრად გესმით, საქართველომ მართლაც რომ გადადგას მსგავსი ნაბიჯი, არსებობს რისკი, რომ საპასუხოდ არაბული სამყაროს ქვეყნები აღიარებენ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს.

- ვერ დაგეთანხმებით. არა მგონია. მთავარი ის კი არ არის, რომ საქართველომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად არ აღიარა, მე აღმაშფოთა ქართველი საზოგადოების ხისტმა პოზიციამ. მით უმეტეს, რომ ფარდებს მიღმა უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს ანექსირებული ტერიტორიების სტატუსსა და მომავალზე. მთავარი მოთამაშე აქ რუსეთია და არა შტატები. პოლიტიკური რუკა შეიცვლება - საზღვრები ისე გადაკეთდება, როგორც რეალობას შეესაბამება, ამას მიიღებენ და აღიარებენ. პროცესი უკვე დაწყებულია, სწორედ ეს ვნახეთ ქურთისტანში. ტრამპის განცხადება ამ პროცესს ლეგიტიმაციას სძენს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც მალე განიხილავენ.

...

თუ გინდათ სხვა ქვეყნებისგან იყიდოთ იარაღი, კი ბატონო, არავინ გიშლით. 2007-2008 წლებში რუსეთი ზეწოლას ახდენდა ისრაელზე, რომ შეგვეწყვიტა თქვენთვის იარაღის მიწოდება, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და ეს ბევრი პრობლემის ფასად დაგვიჯდა. ჩვენ შევაიარაღეთ და მოვამზადეთ ქართული არმია! ახლა კი აცხადებთ, რომ თურმე პრაგმატულები უნდა იყოთ, ვალდებულებები გაქვთ ირანის, თურქეთის წინაშე. მაშინ რატომ ელოდებით ისრაელისგან განსხვავებულ მიდგომას? იერუსალიმის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თქვენ მოგეწონებათ, რუსეთმა რომ პრეტენზია გამოთქვას თბილისზე?

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია

ვაჟა თავბერიძე