ლენტეხის ახალგაზრდულ ცენტრს გზა "გადავლით" ემუქრება? - კვირის პალიტრა

ლენტეხის ახალგაზრდულ ცენტრს გზა "გადავლით" ემუქრება?

"როდესაც შენობა გამგეობას ექსპლუატაციაში უნდა მიეღო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გამოგვიცხადეს, შენობას არ ჩავიბარებთ, რადგან აქ გზამ უნდა გაიაროს და შესაძლოა თქვენი აშენებული ცენტრი დასანგრევი გახდესო"

2016 წლის გაზაფხულზე დაბა ლენტეხში"ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა დაიწყო, სადაც ხელოვნების ყველა სფეროს წარმომადგენლებს უნდა მოეყარათ თავი, მათ შორის, სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს, ცეკვისა და სიმღერის შემსწავლელ ჯგუფებს. ცენტრის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 324. 576 ლარი გამოიყო, საიდანაც მშენებლობაზე 297.156 ლარი უკვე დაიხარჯა, თუმცა თითქმის დასრულებული შენობა დღეს დანგრევის, ან გარკვეული კორექტირების მოლოდინშია. კერძოდ, "კვირის პალიტრას" დაუკავშირდა მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გიორგი ჩანქსელიანი, რომელიც გვიყვება, რომ ახალგაზრდული ცენტრის ტერიტორიაზე გზა უნდა გაიყვანონ:

- ამ ცენტრის მშენებლობას მთელი ლენტეხი ელოდებოდა - ახალგაზრდებისთვის მართლაც კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი და ბიჭები მონდომებით ვმუშაობდით, მოსახლეობაც მხარს გვიჭერდა. სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა, მაგრამ ბოლოს, როდესაც შენობა გამგეობას ექსპლუატაციაში უნდა მიეღო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გამოგვიცხადეს, შენობას არ ჩავიბარებთ, რადგან აქ გზამ უნდა გაიაროს და შესაძლოა თქვენი აშენებული ცენტრი დასანგრევი გახდესო.

ვიკითხე, თუ ამ ტერიტორიაზე გზის გაფართოებას გეგმავდით, ახალგაზრდული ცენტრი მაინცდამაინც აქ რატომ აგვაშენებინეთ-მეთქი? პასუხის გამცემი არავინ აღმოჩნდა. გვითხრეს, შენობას ხარვეზები აქვსო, თუმცა ყველა მცირე ხარვეზი აღმოფხვრილია და ცენტრი მზად არის ფუნქციონირებისთვის, მაგრამ მუნიციპალიტეტს ის უკვე აღარ სჭირდება.

ამ უცნაური ფაქტის გადამოწმება ლენტეხის მუნიციპალიტეტში ვცადეთ."მშენებლობის დეტალებზე ლენტეხის ახალარჩეული გამგებელი ბადრი ლიპარტელიანი გვესაუბრა, თუმცა როდესაც ცენტრზე გამავალ გზაზე დავუსვით შეკითხვა, დაიბნა:

- ლენტეხში ახალგაზრდული ცენტრის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 324. 576 ლარი გამოიყო და მშენებლობაზე უკვე დაიხარჯა 297.156 ლარი, 27.420 ლარი კიდევ გადასარიცხი გვაქვს, თუმცა შენობას ექსპლუატაციაში ჯერ ვერ მივიღებთ - ხარვეზები აღმოვაჩინეთ.

- რა ხარვეზები?

- დეტალურად ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ შენობას გათბობის პრობლემა აქვს, იატაკის დაგებისას დაშვებულია შეცდომები.

- ლენტეხელები ამბობენ, რომ შენობა 2017 წლის ზაფხულში უნდა ჩაბარებულიყო, თუ ხარვეზები დადგენილია, ამ დრომდე რატომ ვერ მოხერხდა მისი გამოსწორება?

- ეს ხარვეზები კომპანიამ უნდა გამოასწოროს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერიცხება მას დარჩენილი ნაშთი.

- ლენტეხში იმასაც ამბობენ, რომ შენობის ექსპლუატაციაზე უარს იმის გამო ამბობთ, რომ ამ ტერიტორიაზე გზამ უნდა გაიაროს.

- მართალია... თუმცა გზის საკითხი პირდაპირ ამ ცენტრთან არ არის დაკავშირებული. მუშავდება პროექტი, რომლის მიხედვით დაბა ლენტეხიდან სოფელ ბავარამდე გზა უნდა გაფართოვდეს. მოგეხსენებათ, რაიონში მიკროჰესების მშენებლობა იგეგმება და როგორც ვიცი, ამიტომ გადაწყდა გზის გაფართოებაც. თუმცა ცენტრის დანგრევის საკითხი ამ ეტაპზე არ დგას. როგორ წარიმართება სამუშაოები, ამ საკითხში მუნიციპალიტეტი არ გახლავთ ჩართული, ეს გზების დეპარტამენტს უნდა ჰკითხოთ.

ლენტეხის გამგებლის რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და საავტომობილო გზების დეპარტამენტს დავუკავშირდით, თუმცა კონკრეტული პასუხი მაინც ვერ მივიღეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს,რომ გზის პროექტი ჯერ დასრულებული არ არის, შესაბამისად, მათთვის უცნობია, შენობის შესახებ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა დასძინეს, რომ ახალგაზრდული ცენტრის დანგრევას ეწინააღმდეგებიან და შესაძლოა გზა ისე გაფართოვდეს, შენობამ ზედ გზის პირზე იფუნქციონიროს.

რუსუდან შელია