პასკალ მენიე: "ხელახლა მომნათლეს, ამჯერად ქართული ღვინით!" - კვირის პალიტრა

პასკალ მენიე: "ხელახლა მომნათლეს, ამჯერად ქართული ღვინით!"

"ულამაზესი ქვეყანა გაქვთ და ნუ აბინძურებთ!"

"საქართველოდან არალეგალური ემიგრაციის კუთხით საგანგაშო მონაცემები არა გვაქვს"

საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობა, თამამად შეიძლება ითქვას, საუკუნეებს ითვლის - დიდგორის ბრძოლის ნახევრად მითიური ფრანკებით დაწყებული, სულხან-საბათი გაგრძელებული და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ სწორედ საფრანგეთს შეაფარა თავი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ. "კვირის პალიტრა" ქართულ-ფრანგულ ურთიერთობაზე საფრანგეთის ელჩს, პასკალ მენიეს ესაუბრა:

- 1921 წელს, როდესაც ბოლშევიკებმა დაიპყრეს საქართველო, თქვენს მთავრობას სწორედ საფრანგეთმა მისცა თავშესაფარი ლევილში. წელს, პრეზიდენტ მარგველაშვილის სტუმრობისას, საფრანგეთის მთავრობისა და კერძო მფლობელების შეთანხმების შედეგად ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა. საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა. აქტიურად ვართ ჩართული ნატოს პროგრამაში საჰაერო თავდაცვის გაძლიერების კუთხით, ასევე გადავწყვიტეთ, საფრანგეთი წარმოდგენილი იყოს შავ ზღვაშიც. ეს ზღვა სამხედრო გამოწვევად იქცა, არადა, შავი ზღვა უნდა იყოს ვაჭრობის, კეთილდღეობის ზონა და არა დაპირისპირებისა.

- საფრანგეთის პოზიცია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი საკმაოდ დამაფიქრებელია: ერთი მხრივ, გვახსოვს ბუქარესტის სამიტი, სადაც საფრანგეთი, გერმანიასთან ერთად, სკეპტიკურად იყო განწყობილი და თვლიდა, რომ საქართველოსთვის მაპ-ის მიცემა ნაადრევი იყო და, მეორე მხრივ, 2008 წლის აგვისტოს ომი, სადაც სწორედ საფრანგეთი და პრეზიდენტი სარკოზი მოგვევლინენ რუსეთთან მთავარი მედიატორების როლში.

- ვფიქრობ, ეს მიმდინარე პროცესია და ჯერ არ დასრულებულა. რაც უფრო დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირსა და ნატოს, მით უფრო გაუადვილდება წევრი გახდეს, როცა ე.წ. შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება. ვაფასებთ, რომ საქართველო ჩვენთან ერთად მონაწილეობს ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში ცენტრალურ აფრიკასა და ნატოს მისიაში ავღანეთში. ახლახან დავესწარი თავდაცვის მინისტრ იზორიას მიერ ორგანიზებულ კონფერენციას. ვფიქრობ, წარმატებულად ახორციელებს სამინისტროს რეორგანიზებას. აქცენტი კეთდება ნატოსთან საზიარო ოპერაციებში თავსებადობაზე, მოსახლეობას აცნობენ ტოტალური თავდაცვის სისტემების კონცეფციას, მოსაწონია გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტის 2% შეიარაღებაზე დაიხარჯება.

- ისევ აგვისტოს ომზე მინდა გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, მოლაპარაკებები შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს? გარდა მთავარი მიზნისა, რომ შეწყვეტილიყო საომარი მოქმედებები, კიდევ რას მიაღწია საქართველომ? მით უმეტეს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მთავარი პუნქტი რუსეთს ჯერაც არ შეუსრულებია.

- ვფიქრობ, ე.წ. სუამის სივრცის ქვეყნების გაყინული კონფლიქტები სხვა არაფერია, თუ არა გაფრთხილება და სასჯელი კრემლიდან. საფრანგეთს ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დიალოგის გამო ჩვენს ღირებულებებზე ვთქვათ უარი. ალბათ, გახსოვთ პრეზიდენტ მაკრონისა და პუტინის საერთო გამოსვლა პარიზში - მაშინ პრეზიდენტმა მკაცრი განცხადებები გააკეთა რუსეთისა და იქვე მდგომი პუტინის მისამართით.

- საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს დავუბრუნდეთ. როგორ შეაფასებდით უვიზო მიმოსვლის პირველ წელს?

- ვიზალიბერალიზაციას ყველა დავეთანხმეთ, თუმცა რამდენიმე ქვეყანა განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა და ერთ-ერთი ჩვენც ვიყავით, რადგან გვქონდა კრიმინალების მიგრაციის შემთხვევები, განსაკუთრებით ე.წ. კანონიერი ქურდებისა და ა.შ. საქართველოს არცთუ ისე კარგი იმიჯი ჰქონდა საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში. გადავწყვიტეთ, ამ პრობლემას გავმკლავებოდით, გავაძლიერეთ თანამშრომლობა თქვენს ხელისუფლებასთან, პარიზში დაინიშნა პოლიციის ატაშე, ვაწარმოებთ მონიტორინგს და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოდან არალეგალური ემიგრაციის კუთხით საგანგაშო მონაცემები არა გვაქვს.

- პოლიტიკას ცოტა ხნით შევეშვათ და ღვინოზე ვისაუბროთ. საქართველო ღვინის აკვანია, მაგრამ ფაქტია, დღევანდელ ბაზარზე სწორედ ფრანგული ღვინო მეფობს.

- საქართველოში 2016 წლის 3 მარტს ჩამოვედი. ორი დღის შემდეგ უკვე თელავში ვიყავი ღვინის სიმპოზიუმზე. ქვევრის ღვინოც გამასინჯეს. მოკლედ, ხელახლა მომნათლეს, ოღონდ ამჯერად ღვინით! საქართველოს აქვს ორი გზა ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის: აქცენტი გააკეთოს რაოდენობაზე და რაც შეიძლება მეტი გაყიდოს, ან ბაზრის ყველაზე ძვირად ღირებულ სეგმენტზე აიღოს გეზი. ქართულ ღვინოს უდიდესი პოტენციალი აქვს და ვფიქრობ, უნდა ღირდეს ძვირი, იმავდროულად, მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ეს გამორჩეული ღვინოა მსოფლიოში.

- როგორც ვიცი, ძალიან სერიოზულად უდგებით საქართველოში ფრანგული ენის სწავლების საკითხს.

- ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებას ორმა ადამიანმა შეუშალა ხელი - გორბაჩოვმა ღვინის ინდუსტრია დააზარალა, სააკაშვილმა - ფრანგული ენა.

თვითონ გამართულად საუბრობს, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ყველამ ინგლისური უნდა ისწავლოს. თქვენს რეგიონში აუცილებელია, რომ იცოდეთ ინგლისური და რუსულიც, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა პუტინი. რაც შეეხება ფრანგულს, ეს მსოფლიოში მეორე ენაა და ბევრ ქვეყანაში გაგიღებთ კარს.

- ყველაზე მეტად რა მოგწონთ და არ მოგწონთ საქართველოში?

- მინუსებით დავიწყებ. ამბიცია გაქვთ, რომ მსოფლიო მასშტაბის ტურისტული ცენტრი გახდეთ და კარგი ინფრასტრუქტურა არა გაქვთ. არა გაქვთ მოწესრიგებული გზატკეცილები, კარგი ინტერნეტი. თუ გინდათ საქართველო მთელი კავკასიის მშვენება იყოს, ქვეყანას უნდა მოუაროთ - დანაგვიანების ნაცვლად, დაასუფთაოთ. იგივე პრობლემა ჰქონდათ საფრანგეთს, იაპონიასაც. როგორ გადაჭრეს? მთელი რიგი პროცედურები შემოიღეს. მაგალითად, თუ შენი მანქანა სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, პარიზის ცენტრში არ შეგიშვებენ.

რაც შეეხება პლუსებს, ქართული სტუმარმასპინძლობით დავიწყებ. ულამაზესი ქვეყანა გაქვთ და ნუ აბინძურებთ! ნუ ყრით წყლის ბოთლებს ყველგან, მათ შორის, მთებში. საოცარია თქვენი ტრადიციები. საქართველოს, ღვინის გარდა, იცნობენ მრავალხმიანი სიმღერებით, ცეცხლოვანი ცეკვებით, ეკლესიებითა და არქიტექტურით. ამას მოვლა და შენარჩუნება სჭირდება. საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. აი, როგორ ჟღერს ჩვენი გზავნილი - ნახეთ საქართველო, ქვეყანა, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდად არის გადებული!

ვაჟა თავბერიძე