"საშიშროება არის არა ცალკეული განწყობები პანკისის ხეობაში, არამედ ის, თუ როგორი შეიძლება გამოიყენოს ეს რუსეთმა" - კვირის პალიტრა

"საშიშროება არის არა ცალკეული განწყობები პანკისის ხეობაში, არამედ ის, თუ როგორი შეიძლება გამოიყენოს ეს რუსეთმა"

საქართველოს ცხოვრებაში 2017 წელი მნიშვნელოვანი ფაქტით აღინიშნა - ამოქმედდა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა გაჩნდა ახალი პრობლემები და საფრთხე, რომელიც ჩვენს ქვეყანას 2018 წელსაც გაჰყვება.

ახალი, 2018 წლის პერსპექტივებსა და გამოწვევებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ვინაიდან სადღესასწაულო დღეებია, მოდი, დავიწყოთ შარშანდელ მიღწევებზე საუბრით. უპირველესად, ეს არის ვიზალიბერალიზაცია, რომელმაც დააგვირგვინა საქართველოს განვითარების ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპი და რაშიც თანაბარი წვლილი მიუძღვის ქართველ საზოგადოებასა და საქართველოს ყველა ხელისუფლებას.

ჩვენი ვალია, ეს წარმატება ეფექტიანად გამოვიყენოთ და განვიხილოთ როგორც ერთი ეტაპი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღება და ინტენსიური ურთიერთობა, რაც ამ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური აქტიურობის ფონზე მართლაც მიღწევად უნდა ჩაითვალოს. ეს გახლავთ ის ორი განსაკუთრებული წარმატება, რასაც შარშან ქვეყანამ საგარეო პოლიტიკაში მიაღწია. სამწუხაროდ, საშინაო პოლიტიკაში ასეთი მიღწევებით ვერ დავიკვეხნით.

პრობლემა კი ბევრია, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც 2018 წელსაც გაგვყვება.

ეს, უპირველეს ყოვლისა, არის საშუალო ფენის, ფაქტობრივად, ჩამოშლა - ლარის გაუფასურებით გამოწვეული გაღატაკების ფორსირებული პროცესი და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი...

- შეიძლება ითქვას, რომ წლის მიწურულს საქართველოში ტერორიზმის რეალური საფრთხე პირველად გამოჩნდა. ალბათ, სწორედ ამას გულისხმობთ, როცა უსაფრთხოების თემას ქვეყნის მთავარ გამოწვევად ასახელებთ...

- დიახ. 2017 წელს ქვეყანაში მართლაც პირველად დავინახეთ ტერორიზმი, როგორც საფრთხე; ამასთანავე, დიდი გამოწვევის წინაშე დადგა საქართველოს უსაფრთხოების სისტემაც... ვგულისხმობ იმას, რომ დღეს ქვეყანას არ ჰყავს ორგანო, რომელიც შეასრულებს სტრატეგიული ტვინის ფუნქციას და იქნება უსაფრთხოების სისტემის მაკოორდინირებელი რგოლი.

...

წლის ბოლოს პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, ამერიკელები მალე ჩამოვლენ საქართველოში და სწორედ საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მდგრადობასა და ეფექტურობას შეამოწმებენ, ანალიზის შემდეგ კი შესაბამის რეკომენდაციებსაც შეიმუშავებენ. ეს მართლაც მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციაა, მაგრამ ვიდრე მთლიანად მოშლიდნენ ამ უსაფრთხოების სისტემას, მანამდე რატომ არავის მოუვიდა ეს აზრად?

- დავუბრუნდეთ თბილისსა და პანკისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციებს... რა საფრთხე წარმოაჩინა მომხდარმა და როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო მის გასანეიტრალებლად?

- მე ამ სპეცოპერაციებს ერთი პროცესის ორ ფაზად განვიხილავ... ჩემი აზრით, ორივე ფაზისას სპეცსამსახურების საქმიანობას სწორედ კოორდინაცია აკლდა და ამ შემთხვევაშიც მაკოორდინირებელი რგოლის არარსებობამ უარყოფითი როლი შეასრულა. რაც შეეხება ტერორიზმს, როგორც საქართველოსთვის 2018 წლის მთავარ გამოწვევას... უმთავრესია, საქართველომ შეასრულოს თავისი მოვალეობა ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში - გაცვალოს ინფორმაცია და მჭიდრო კავშირი დაამყაროს პარტნიორ ქვეყნებთან. ამასთანავე, შეძლოს საზღვრების დაცვა. ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის საზღვრების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

ჩვენ არ ვიცით, რა მოჰყვება ჩატაევის საქართველოში შემოვლას. მის ლიკვიდაციას, ანუ პირველ ფაზას, არ მოჰყოლია ისეთი მწვავე შედეგი, როგორიც მოჰყვა მეორე ფაზას, ანუ პანკისში განხორციელებულ სპეცოპერაციას.

უკვე ვთქვით, რომ საქართველო, ბევრი მიზეზის გამო, აქამდე არ ყოფილა ტერორისტების სამიზნე. ისინი უფრო რეზონანსულ ქვეყნებს ირჩევენ ხოლმე, სხვა შემთხვევაში კი შურისძიების მოტივით მოქმედებენ. დღემდე საქართველოს მიმართ შურისძიების განწყობა არ არსებობდა... ახლა ჩვენი ამოცანაა, ის მაინც შევძლოთ, რომ შურისძიების მოტივი არ გავაჩინოთ. ამის ნიშნები ჩატაევის ლიკვიდაციის შემდეგ არ ჩანდა, სამაგიეროდ, ამაზე მინიშნება დაიწყო პანკისში ჩატარებული მეორე ფაზის შემდეგ... რაც ვნახეთ, იმ შეკრებების, მოწოდებების, განწყობის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, რადგან ეს შეიძლება საქართველოსთვის დიდ საფრთხედ იქცეს.

არა იმიტომ, რომ პანკისში ცხოვრობენ ჩვენი მუსლიმი მოქალაქეები, არამედ, უპირველესად, იმიტომ, რომ რუსეთი ყოველთვის განსაკუთრებულ ნეგატიურ ყურადღებას უთმობდა პანკისს, ცდილობდა, ეს ხეობა საქართველოს აქილევსის ქუსლად წარმოეჩინა და ეს ქვეყნის წინააღმდეგ გამოეყენებინა.

გაგახსენებთ, თავის დროზე რუსეთი სწორედ პანკისში ითხოვდა ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას, რაც, ფაქტობრივად, ახალი რუსული ბაზის ტოლფასი იქნებოდა.

დღესაც ყველაზე დიდი საშიშროება არის არა ცალკეული განწყობები პანკისის ხეობაში, არამედ ის, თუ როგორი რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს ამ განწყობებს ჩეჩნეთში, რა გართულება გამოიწვიოს და როგორ გამოიყენოს ეს რუსეთმა. ჩემი აზრით, 2018 წელს საქართველოსთვის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იქნება.

გაგახსენებთ რამზან კადიროვის განცხადებას - "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა უკვე საქართველომდე მოაღწიეს და მათი ჩეჩნეთში შემოსვლა ჩვენ არ უნდა დავუშვათო! რას ნიშნავს ეს? შესაძლოა, იმასაც, რომ საქართველოში უნდა მოხდეს მათი ნეიტრალიზება... სხვა როგორი სცენარები შეიძლება განვითარდეს, ამის ანალიზი მკითხველისთვის მიმინდვია. ვფიქრობ, ეს ძალიან საშიში მესიჯია...

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 2 იანვრის ნომერში ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი და იხილეთ სტატია სრულად